ანზორ ერქომაიშვილი - ანსამბლ "რუსთავის" მსგავსი მოღალატეები არ მოშლოდეს საქართველოს...
ანსამბლი "რუსთავი" 11 აპრილს მოსკოვში, "კროკუს სიტი ჰოლში" კონცერტს გამართავს... ცოტა ხნის წინ მოსკოვში კონცერტი გამართა ანსამბლმა "ერისიონმაც", რაც ქართულმა საზოგადოებამ არაერთგვაროვნად შეაფასა. ანსამბლ "რუსთავის" ტურნე თითქოს უფრო მშვიდად მიმდინარეობდა, მაგრამ რამდენიმე გაურკვევლობის შემდეგ უკიდურესად მწვავე კრიტიკულმა მოსაზრებებმაც არ დააყოვნა... ამ და სხვა თემებზე სასაუბროდ ანზორ ერქომაიშვილს მოსკოვში დავუკავშირდით.
ანზორ ერქომაიშვილი (ანსამბლ “რუსთავის” დამაარსებელი და სამხატვრო ხელმძღვანელი, საქართველოს სახალხო არტისტი):
- ხვალ კონცერტი გაიმართება. ამ კონცერტთან დაკავშირებით ძალიან დიდი სიხარული და აჟიოტაჟია...
- რატომ გავრცელდა ინფორმაცია თითქოს თქვენ განაცხადეთ რომ ერთ თვეში კონცერტებს გამართავთ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში?
- რაც გავრცელდა საერთოდ სიცრუა. გამოვიდა გაზეთი "იზვესტია"და საერთოდ არ არის ეს ფრაზა ნახსენები. დამირეკეს რედაქციიდან კიდეც და დიდი ბოდიში მომიხადეს... გაზეთს ჩამოვიტან და შეგიძლიათ თავად ნახოთ და დარწმუნდეთ... როგორ ვიტყოდი აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში ვმართავთ ერთ თვეში კონცერტსო?!.. ეს ხომ წარმოუდგენელია... ან 9 აპრილს რუსული სიმღერა იმღერეს რუსულ არხზეო რომ იძახიან, ეს ხომ ცილისწამებაა.. ეს სიუჟეტი, რაც თქვენ ნახეთ, 4 აპრილს არის გადაღებული. თითქმის ერთი კვირით ადრე 9 აპრილამდე. ეს არხი გასართობია და საერთოდ არანაირი პოლიტიკური დატვირთვა არც ამ გადაცემას არ ჰქონია. არც ახსოვდათ მათ 9 აპრილი. სრულიად შემთხვევით დაემთხვა 9 აპრილს ეთერში გასვლა. ჩვენც არ ვიცოდით როდის გავიდოდა. გადაცემები ხომ არის ყველა არხზე დაგეგმილი, ასევე იყო ეს გადაცემაც.
- დიახ... ითქვა, რომ გადაცემა დაახლოებით იმ დროს გავიდა ეთერში, როცა 24 წლის წინ რუსეთის არმიის სადამსჯელო რაზმები თბილისში დემონსტრაციის დასარბევად ემზადებოდნენ...
- საერთოდ არ ახსოვთ კაცო... რა 9 აპრილზეა ლაპარაკი. რუსებს აგერ გერმანელებმა 50 მილიონი კაცი დაუხოცეს და გუშინწინ მილიარდიანი ხელშეკრულება დაუდეს გერმანელებს და ათას რამეს შეპირდნენ და მათ ცხრა აპრილი ეხსომებათ?!.. ეს გადაცემა და ყველაფერი იყო შემთხვევითობა და არა წინასწარ მოფიქრებული. ამის გარანტიას გაძლევთ. ამის მოწმეც უამრავი ვინმეა. ის სიცრუე თუ გავრცელდა, თითქოს მე ვთქვი სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში უნდა გავმართოთ კონცერტიო, რატომ იმაზე არ ითქვა რაც გაზეთ"იზვესტიაში" დავაფიქსირე?!... ხაზგასმით ვთქვი, რომ რუსები არიან აგრესორები და სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი დაპყრობილი ტერიტორიებია. რომ მომცეს შეკითხვა ვუპასუხე - ეს ტერიტორიები არის ოკუპირებული თქვენს მიერ-მეთქი... კიდევ გიმეორებთ, რომ ჩამოვიტან გაზეთს და თავად ნახავთ... ანსამბლი "რუსთავი" ყოველთვის იცავდა ქართული კულტურის და საქართველოს ღირსებას და საქართველოს ნუ მოუშალოს "რუსთავის" მსგავსი მოღალატეები...
- ვინ არის ამ კონცერტის ორგანიზატორი?
- ამ კონცერტის ორგანიზატორი გახლავთ ზურაბ კვინიკაძე... იგი ერთ-ერთ საკონცერტო სააგენტოს ხელმძღვანელობს. ამ წუთას ქართულ დიასპორას ვხვდებით. იქნება შეკითხვები, ქართულ სიმღერებს შევასრულებთ და ქართული ღონისძიებები გაიმართება... ხალხს ქართული კულტურა ძალიან მონატრებული აქვს. უზარმაზარ დარბაზში გამოვდივართ და ძალიან დიდ პოპულარიზაციას ვუწევთ მთლიანად ქართულ კულტურას.
ანსამბლ "რუსთავის" დირექტორი, ბადრი თოიძე:
- "ძალიან ბევრი ქართველები ვნახეთ აქ და ყოველი ფეხის ნაბიჯზე დიდ სიყვარულს ვგრძნობთ...ანსამბლ "ერისიონის" გამოსვლაც სავსებით შეესაბამებოდა იმ პოლიტიკას, რასაც ახლა ჩვენი სახელმწიფო ატარებს… მოღალატე ისაა, ვინც ჩვენზე ასე საუბრობს. "რუსთავს", ანზორ ერქომაიშვილს და ფრიდონ სულაბერიძეს რომ ქვეყნისთვის სიკეთე აქვს გაკეთებული, ჯერ ის გაიგონ და მერე იყვირონ . ხომ არ შეიძლება ორი-სამი დემაგოგის შეკითხვებზე ანსამბლმა პასუხი აგოს?!.. ჩვენ აქ ვართ იმისთვის ჩამოსულები რომ ქართული კულტურა რუს ხალხს გავაცნოთ. არავითარი პოლიტიკური დატვირთვა ჩვენს კონცერტს არ აქვს და არც ვყოფილვართ პოლიტიკაში არასოდეს ჩართული. მოსკოვში ბოლოს 2006 წელს ვიმყოფებოდით... შემდეგ იყო რამდენიმე მოწვევა მაგრამ განვსაზღვრეთ, რომ შეიძლებოდა რაღაც სიირთულე მოჰყოლოდა რადგან რუსეთ-საქართველოს ომი ახალი მომხდარი იყო... ახლა ურთიერთობა უფრო დათბა. კონცერტს სადაც გავმართავთ 6400 მაყურებელს იტევს. ყველა ბილეთი გაყიდულია. უმეტესობა ქართველები დაესწრებიან და ამ კონცერტს წარმოუდგენლად დიდი სიხარულით ელოდებიან"...
მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)