რატომ გაყიდის ღვიძლს ინტერნეტით ნუკი კოშკელიშვილი
ამონარიდი ჟურნალ "გზიდან":
ნუკი კოშკელიშვილი ბავშვობიდან ბევრს მოგზაურობს და როგორც ამბობს, ამით დიდ სიამოვნებას იღებს. სურვილი აქვს, მოხუცებულობის დროს, დაგროვილი პენსიით იმოგზაუროს. უამრავ კურიოზთან ერთად, ნუკი გვიყვება, როგორ აღმოჩნდა თბილისის მაგივრად - პარიზში.
- სამი კვირის დაბადებული ვიყავი, პირველად რომ ვიმოგზაურე (იცინის). 15 წელი მოსკოვში ვცხოვრობდი და დედასთან ერთად სულ აქეთ-იქით დავდიოდი ხოლმე. ხუთი წლის ნიუ-იორკსა და ლოს-ანჯელესში ვიყავი ჰოლივუდის სანახავად. თუმცა, ქალაქზე უფრო ჩემზე დისნეილენდმა მოახდინა შთაბეჭდილება.
***
ამერიკაში მშობელს უფლება არ აქვს, შვილს ქუჩაში ეჩხუბოს. შესაძლოა, ასეთი შემთხვევის დაფიქსირებისას დედობის უფლება ჩამოართვან. ამას რომ მივხვდი, დედაჩემის დაშანტაჟება დავიწყე - ეს მიყიდე, ის მიყიდე... თუ არ ყიდულობდა, ტირილს ვიწყებდი. რა თქმა უნდა, იმ მომენტში დედა ვერ მიტანდა ხოლმე.
***
- რომელი ქვეყნის არქიტექტურას გამოარჩევდი?
- დანია ეროტიკული არქიტექტურით მოგხიბლავთ. მაგალითად, შუა მოედანზე დგას ქალისა და მამაკაცის ძეგლი სასიყვარულო აქტის დროს. ასევე ორგიის ძეგლი. ჩემთვის ეს ყველაფერი მიუღებელი აღმოჩნდა. შვედებს ძალიან ლამაზი არქიტექტურა აქვთ, ასევე, იტალიელებსა და ფრანგებს. ბარსელონაში გაუდის სახლებია ულამაზესი, მსგავსი არაფერი მინახავს.
- ყველაზე თბილი ხალხი რომელ ქვეყანაშია?
- ვფიქრობ, რომ ესპანეთში, იტალიასა და ფინეთში თბილი ხალხი ცხოვრობს. თუმცა იტალიაშიც მინახავს ცივი ადამიანები.
- შოპინგს თუ უთმობ დროს, როცა უცხოეთში ხარ?
- შოპოჰოლიკი ვარ. ინტერნეტში თუ ნახავთ, რომ ღვიძლს ყიდის ვინმე, ეს მე ვიქნები, რადგან ფული ფეხსაცმლისთვის მენდომება... როდესაც ერთი-ორი თეთრი ზედმეტი მაქვს, ყოველთვის რაღაცებს ვყიდულობ. უცხოეთიდან შოპინგის გარეშე არასოდეს ვბრუნდები. დროსაც ბევრს ვანდომებ ხოლმე. საქართველოში რამდენიმე მაღაზიაა, სადაც შემიძლია, ჩემი გემოვნებით ვიყიდო რაღაცები. ჩემი მშობლები ხშირად დადიან საფრანგეთში და ჩამოაქვთ ტანსაცმელი.
- საჩუქრები ჩამოგაქვს ხოლმე უცხოეთიდან?
- კი, ჩამომაქვს. ძალიან ბევრი მეგობარი არ მყავს, სულ რამდენიმე. ვცდილობ, ისეთი რამ ჩამოვუტანო მათ, რაც გაუხარდებათ და გამოიყენებენ.
- კურიოზული შემთხვევები ალბათ თან ახლავს ხოლმე მოგზაურობას...
- არ არსებობს მოგზაურობა კურიოზების გარეშე.
***
მახსოვს, მაღაზიიდან ტანსაცმელი მოვიპარე. დედაჩემი რომ აიღებდა რაიმეს და არ მოეწონებოდა, მე მაწვდიდა, - დაკიდეო. ისე მეძინებოდა, რომ გამოვიყოლე ყველაფერი. რა თქმა უნდა, უკან დავაბრუნეთ. ერთხელ მონტე კარლოში, ფანტასტიკური გარეგნობის ბიჭი დავინახე. გადავწყვიტე, რომ რაღაცნაირად მისი ყურადღება მიმექცია. ვიფიქრე, წყალში ლამაზად შევცურავ და ეფექტს მოახდენს-მეთქი. ვერ გავთვალე, რომ წყალი ჯერ პატარაა და შემდეგ ღრმავდება. ქვიშაში პირდაპირ ცხვირით ჩავერჭვე. იმ ბიჭმა კი ძალიან ბევრი იცინა, შევეცოდე და ქვიაშიანს მბერტყავდა.
- რომელი ქვეყნის მცხოვრებნი გვგვანან ხასიათით?
- ბერძნები. ისინი ისეთივე ემოციურები და ჭორიკანები არიან, როგორც ჩვენ. აინტერესებთ, მეზობლის სახლში რა ხდება, ვის როგორი კაბა აქვს, ვინ ვის გაჰყვა ცოლად და ა.შ.
- უცხოელებიდან რომელი ქვეყნის მამაკაცებს გამოარჩევდი?
- შვედებს მაგარი კაცები ჰყავთ - ძალიან სიმპათიურები. ადრე ყველა ინტერვიუში ვამბობდი, რომ ქერა მამაკაცები მომწონს-მეთქი. ახლა კი აღმოვაჩინე, რომ შავგვრემნები მირჩევნია. ამბობენ, შვიდ წელიწადში ერთხელ ადამიანის გემოვნება იცვლებაო და ალბათ მეც შემეცვალა.
- სამომავლოდ რა გეგმები გაქვს?
- 22 აპრილს ჩეხეთში, პრაღაში, ჩემს ორ საუკეთესო მეგობართან ერთად მივდივარ. სპექტაკლი მიაქვთ და მეც მივყვები. კარიერას რაც შეეხება, სერიალ "შუა ქალაქში" ვარ. ძალიან მომწონს სიტუაცია, ხალხი. თავს კარგად ვგრძნობ. გარდა ამისა, მე და გიორგი ნაზღაიძეს რადიო "აფხაზეთის ხმაში" მიგვყავს გადაცემა: "ცოტა ყავა და ბევრი ჭორი". მეტ-ნაკლებად, პრესა ბოლო დროს პოლიტიკური გახდა, ჭორები ნაკლებად იბეჭდება. სამაგიეროდ, ჩვენ ვეტყვით, ვისაც დააინტერესებს, ვინ ვისთან დადის, ვის სად რა ეცვა და ა.შ. კიდევ არის სიახლეები ჩემს კარიერაში, თუმცა სიურპრიზად დავტოვებ.
- პირად ცხოვრებაში სიახლეები არ არის?
ინტერვიუ სრულად იხილეთ ჟურნალ "გზის" ხუთშაბათის ნომერში.