"ექიმებმა ცოლი მომიკლეს, მე კი ციხეში გაშვებით დამემუქრნენ"
"მკვლელმა ექიმებმა ცოლი მომიკლეს, მე კი ციხეში გაშვებით დამემუქრნენ" ამბობს მალხაზ ქველაძე, რომლის 36 წლის მეუღლე სულ ცოტა ხნის წინ გარდაიცვალა. ლია ქველაძეს იმერეთის რეგიონალურ კლინიკაში 9 მარტს ნაღვლის ბუშტის ოპერაცია ჩაუტარეს. ახლობლების განცხადებით, ექიმების დაუდევრობის გამო, პაციენტს დამატებით სამი ოპერაცია დასჭირდა და მან ბოლო ოპერაცია ვეღარ გადაიტანა.
გარდაცვლილის ახლობლები საქმის გამოძიებასა და ექიმის პასუხისგებაში მიცემას მოითხოვენ. გარდაცვლილის მეუღლე, მალხაზ ქველაძე ტრაგედიის შესახებ თავად გვიამბობს.
მალხაზ ქველაძე:
- დაახლოებით ერთი თვის წინ ჩემი მეუღლე ცუდად გახდა, მითხრა, რომ კუჭი ტკიოდა. იმ დღეს გამაყუჩებელი გავუკეთე... ერთი კვირაც იყო გასული, რომ ლიას შეტევა დაემართა. გამაყუჩებლებმა არ უშველა და სასწრაფო გამოვიძახე, რომელმაც ქუთაისის კლინიკურ საავადმყოფოში მიგვიყვანა. მორიგე რირურგმა, რეზო ყურაშვილმა გვითხრა, -გაგიმართლათ, კარგ დროზე მოხვედით, ჩვენ შეგვიძლია საყოველთაო დაზღვევის პროგრამაში ჩაგსვათ და ოპერაცია ისე გაგიკეთოთო. თან დაგვაიმედა, ძალიან მარტივი ოპერაციაა, ამის გამო თბილისში წასვლა და პროფესორების ძებნა არ ღირს, აქვე გაგიკეთებთ და სამ დღეში სახლში გაგიშვებთო. დავთანხმდით. ოპერაცია მეორე დღეს, დილით გაუკეთეს, ქირურგი კი თბილისში წავიდა, რაღაც საქმე მაქვო. ვკითხე, -ჩვენ რა გვეშველება-მეთქი. რა პრობლემაა, მთავარი ექიმი მიხედავსო... გავიდა ხუთი დღე და ჩემს მეუღლეს დრენაჟი ვერ მოხსნეს, სითხე ისევ გადმოდიოდა. როდესაც ქირურგი თბილისიდან ჩამოვიდა, შევჩივლე, -ხომ მითხარით, რომ სამ დღეში, შინ გაგვიშვებდით, რატომ არ უწყდება სისხლდენა. რამე პრობლემა ხომ არ აქვს-მეთქი? ისევ დამამშვიდა, -ეგ არაფერია, ზოგს გვიან უწყდება დენაო. შვიდი დღის შემდეგ ქირურგთან ისევ მივედი და ვთხევე, -ჩემს მეუღლეს ისევ არ უწყდება დენა და იქნებ "ეხო" გადაუღოთ-მეთქი. გადაუღეს და გაირკვა, რომ მცირე მენჯში უკვე სამი ლიტრი ნაღვლის წვენი იყო ჩამდგარი. მითხრეს, - ადგილობრივი ანესთეზია უნდა გავუკეთოთ, გვერდიდან გავჭრათ და მილი ჩავუდგათ, რომ სითხე ამოვტუმბოთ. ამისთვისთვის კი თქვენი ნებართვაა საჭირო, რაც ხელისმოწერით უნდა დაადასტუროთო. დავთანხმდი. ქირურგმა ისევ გაუკეთა ოპერაცია და ისევ თბილისში წავიდა, ორი დღით. ჩემს ცოლს კი დენა ისევ არ უჩერდებოდა. ერთ დღეს მეუღლემ მთხოვა, რომ მისთვის ზურგი დამეზილა. გადავბრუნე და ამ დროს ჭრილობიდან, სადაც დრენაჟი იყო ჩადგმული, დიდი რაოდენობით გაფუჭებული სითხე გადმოვიდა. ექთანს ზეწარი ორჯერ გამოვაცვლევინე. ექიმმა სიცხე გაუზომა და ნახა, რომ 39 გრადუსამდე ჰქონდა ასული, უკვე პერიტონიტი იყო დაწყებული. ქირურგმა მითხრა, თავიდან უნდა გავჭრა და გავიგო, სითხე საიდან მოდისო. აღარ ვენდე და პროფესორი ომარ ღიბრაძე მოვიყვანე. ოპერაცია სამი საათის განმავლობაში გაგრძელდა. ღიბრაძემ მითხრა, ძალიან გართულებული სიტუაციაა, მე კი ყველაფერი გავაკეთე, მაგრამ არ ვიცი, რა შედეგს მივიღებთო. ლია ხუთი დღე რეანიმაციაში იწვა. მეექვსე დღეს თითქოს გამოკეთდა... მე პროფესორის სანახავად წავედი. ვიფიქრე, ვთხოვ, შეამოწმოს როგორი მგომარეობა აქვს-მეთქი. ამასობაში ყურაშვილს ლიასთვის წნევის მაკონტროლირებელი დაუდგამს და წასულა. ჩემი მეუღლე პალატაში მარტო ყოფილა, როდესაც წნევამ 190-მდე აუწია, რის შედეგადაც მუცელში კაპილარი გაუწყდა. ყურაშვილმა დამირეკა და მითხრა, - სასწრაფოდ მოდი, ხელი უნდა მომიწერო, რომ მესამედ გავჭრაო. ცოლს მაგას როგორღა გავაჭრევინებდი, ოპერაციის გასაკეთებლად ისევ პროფესორი ღიბრაძე წამოვიყვანე. ჩემი საბრალო ცოლი ისევ გაკვეთეს, სისხლძარღვი ამოუკერეს და რეანიმაციაში გადაიყვანეს. ორ დღეში სისხლძარღვი ისევ გაწყდა... მეოთხედაც გაკვეთეს და ჭრილობა ღია დატოვეს. მითხრეს, -საჭირო მანიპულაციებს ასე უფო ადვილად გავაკეთებთო. ამასობაში ლიას მდგომარეობა დღითიდღე უარესდებოდა... მერე ანემიაც დაემართა და სხვა კლინიკაში დიალეზის გასაკეთებლად გადავიყვანეთ. 20 წუთზე მეტხანს ვერ გაუძლო და უკან დავაბრუნეთ. მეორე დღეს ისევ დიალეზის გასაკეთებლად წაიყვანეს, ამჯერად გაუძლო. გახარებული ვიყავი, მეგონა ყველაფერი მოგვარდა და შინ გულდამშვიდებული წავდი. მეორე დღეს საავადმყოფოში რომ მოვედი, ცოლი ყელგამოჭრილი დამხვდა, სასუნთქი აპარატი ყელში ჰქონდა ჩადგმული. თურმე წინა საღამოს თირკმელები გაჩერებია... ფაქტობრივად ქალი უკვე სულს ღაფავდა, მაგრამ მითხრეს, ისევ დიალეზის გასაკეთებლად უნდა წავიყვანოთო. მთელი დღე რეანომობილს ველოდეთ, სულ დაკავებული იყო. როგორც იქნა, დღის ბოლოს გათავისუფლდა და წავიყვანეთ. ლიას ჯერ კიდევ ლიფტში გაუჩერდა გული, მაგრამ დიალეზზე მაინც შეაერთეს. რამდენიმე წუთში ექიმმა მისი გარდაცვალების ამბავი მაუწყა. ავადმყოფობის ისტორია მოვითხოვე. ორი დღის განმავლობაში სხვადასხვა მიზეზებით არ მაძლევდნენ. მერე მითხრეს, ეს კონფიდენციალური საბუთია და იურისტთან უნდა შეათანხმოო. ყურაშვილს კაბინეტში შევუსწარი ისტორიაში შესწორებებს რომ აკეთებდა...
- ახლა რას აპირებთ?
- რა უნდა დავაპირო? ცოლი მომიკლეს, მე ციხით მემუქრებიან. ავდგები და აქეთ ვუჩივლებ.
- ციხით რატომ გემუქრებიან?
- ლია ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, როდესაც საავადმყოფოში, სადაზღვეო კომპანიის წარმომადგენელს ვკითხე, მკურნალობის საფასურმა დაზღვევით გათვალისწინებულ თანხას გადააჭარბა და რა ვქნა-მეთქი. მიპასუხა, -დიახ, დაზღვევა მხოლოდ 15.000 ლარს დაგიფარავთ, დანარჩენი თანხა, სავარაუდოდ 40.000 ლარი თქვენ უნდა გადაიხადოთო. -თუ ცოლი ვერ გადამირჩინეთ, მაინც უნდა გადავიხადო-მეთქი? -დიახ, წინააღმდეგ შემთხვევაში ციხეში წახვალო. კინაღამ გავგიჟდი, - ჩემს ცოლს მიწაში უშვებთ, მე ციხეში, ჩემს სამ ობოლს რას უპირებთ-მეთქი? თქვენ მაინც მითხარით, რა ვუყო ორი წლის ბავშვს, რომელიც დედის გარეშე ვერ იძინებს? ლიას ბავშვის ნატვრაში ამოხდა სული. სანამ ცოცხალი იყო სულ ტიროდა, სიკვდილამდე შვილი მანახეთო. ბავშვი არ მიმაყვანინეს დედასთან, კარანტინია და არ შეიძლებაო... ცოლის მკვლელები ციხით დამემუქრნენ, ეგენი ადამიანები როგორ არიან? ნუთუ ფულის გარდა აღარაფერი აინტერესებთ?
ქირურგ რეზო ყურაშვილს, რომელმაც ლია ქველაძეს ოპერაცია გაუკეთა ტელეფონის საშუალებით დავუკავშირდით, თუმცა მან ჩვენთან საუბარზე უარი განცხადა და მხოლოდ ამ კომენტარით შემოიფარგლა "ვერ დაგელაპარაკებით. ძალინ დიდ სტრესში ვარ. ჯერ ეს საქმე გამოიძიონ და გაარკვიონ მიმიძღვის თუ არა დანაშაული. თუმცა არამგონია ასე იყოს. ისე მაგ ხალხმა ჩემზე ძალიან ცუდად ილაპარაკა. შეურაცხყოფილი ვარ. ამას ისე მივხედავ, როგორც საჭიროა"
ამ ამბიდან დასკვნის გამოტანა მკითხველისთვის მიგვინდია...
ხათუნა ბახტურიძე (სპეციალურად საიტისთვის)