ნაძირალების აგვისტო და ომი, რომელიც არ უნდა მომხდარიყო - კვირის პალიტრა

ნაძირალების აგვისტო და ომი, რომელიც არ უნდა მომხდარიყო

,,ეს ომი არ უნდა მომხდარიყო. ეს შეიძლებოდა არ მომხდარიყო. ჩვენ გვქონდა იმის საშუალება, რომ აგვერიდებინა თავი ამ მოვლენებისათვის. გემი როცა მიდის ზღვაში, კაპიტანმა უნდა იცოდეს, სად არის კლდეები, რომ არ შეეხეთქოს. ჩვენ გვხვდებოდა და გვხვდება კედელი და თავით ვეხეთქებით ამ კედელს’’

 

,,ღმერთმა მოგვცეს ძალა და სიბრძნე, რომ ასეთი უაზრო ომები არ იყოს’’

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე (2009 წლის სექტემბრის და 2008 წლის 8 აგვისტოს გამოსვლებიდან)

გასული საუკუნის სამოცდაათიან წლებში, ბრეჟნევის ,,უძრაობის’’ ეპოქაში, თბილისში, მარქსიზმ-ლენინიზმის ინსტიტუტში საინტერესო რამ მოხდა. ინსტიტუტის ერთმა თანამშრომელმა ერთგვარი ანონიმური გამოკითხვა ჩაატარა: თავის კოლეგებთან, მარქსიზმ-ლენინიზმის დარგში მომუშავე მეცნიერ-თანამშრომლებთან საუბრისას ის სხვათაშორის სვამდა კითხვას: შემთხვევით ხომ არ ახსოვდათ კარლ მარქსის მამის სახელი? ამ შეკითხვაზე, რესპონდენტთა 80%-ზე მეტმა ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად ერთი და იგივე პასუხი გასცა: ,,ერთი მაგის მამასაც მივა-ვი!’’ მარქსიზმ-ლენინიზმის ინსტიტუტის კედლებში მიღებული ეს შედეგი მოასწავებდა როგორც მარქსისტული მოძღვრების სრულ გაკოტრებას, ასევე მარქსისტულ იდეოლოგიაზე აგებული ტოტალიტარული რეჟიმის ჩამოშლას.

ეს ამბავი გამახსენდა 8 აპრილს. იმ დილით ცნობილი გახდა, რომ თურქეთში სამუშაო(!) ვიზიტით მყოფმა საქართველოს ვადაგასულმა პრეზიდენტმა ანტალიაში დარჩიაშვილთან ფეხბურთის თამაშის შემდეგ ველოსიპედით ისეირნა, რა დროსაც (შსს-ს ენით რომ ვთქვათ), გადავიდა ავტომობილების სავალ ნაწილზე, შეეჯახა ტრაილერს და მიიღო მხრის სამმაგი მოტეხილობა და სხვა დაზიანებები. ,,კისერი რატომ არ მოიტეხა?!’’- ასეთი ფრაზა ისმოდა იმ დღეს ყველგან და ყველასგან: ქუჩაში, მაღაზიებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში და ა.შ. ბევრი ხუმრობდა: ზოგი აცხადებდა, რომ ევროპის სახალხო პარტიის ,,მიშისტები’’ სრული შემადგენლობით გაემგზავრნენ თურქეთში ტრავმირებული სააკაშვილის მოსანახულებლად; ზოგი ამტკიცებდა, რომ ვადაგასულმა სააკაშვილმა განზრახ მოიტეხა ხელი იმისათვის, რომ კანონებს ვეტო ვეღარ დაადოს მოტეხილი ხელით, ვინაიდან იცის, რომ საპარლამენტო უმრავლესობა დაძლევს ვეტოს და ის ისევ გაბითურდება. საღამოს გავიგე, რომ ახალგაზრდების ჯგუფმა ვარდების მოედანზე მდგარი ველოსიპედის ძეგლი შეამკო გვირგვინით და ეს გვირგვინი ახალგაზრდებმა იმ ველოსიპედს უძღვნეს, რომლითაც იდიოტი ბავშვი ტრაილერს შეასკდა (შეგახსენებთ, რომ სააკაშვილი ,,იდიოტ ბავშვს’’ რეიგანის ყოფილმა მრჩეველმა დაგ ბენდოუმ შეადარა. ბენდოუმ ეს სიტყვები გამოიყენა როგორც სამედიცინო ტერმინი და არა სალანძღავად. მეც მხოლოდ ასეთი დატვირთვით ვიყენებ მათ). სხვა ბევრი ხუმრობა გავიგე იმ დღეს და ვფიქრობდი იმაზე, რომ ერთი წლის წინათ ასეთ ხუმრობებს ბევრი ვერ გაბედავდა . . .

ცხადია ხალხის ხუმრობა სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენი საზოგადოება იმდენად გამწარებულია სააკაშვილით და მისი რეჟიმით, რომ ქრისტიანული ეთიკის ნორმებს არღვევს და სააკაშვილის ფიზიკურ განადგურებაზე ოცნებობს. ხუმრობა ხუმრობად რჩება. მაგრამ ყველა საღად მოაზროვნე და პატიოსან ადამიანს ნამდვილად გაუხარდება, სააკაშვილი რომ გადადგეს, აღიაროს თავისი მრავალი და მძიმე დანაშაული, ბოდიში მოუხადოს ხალხს და ითანამშრომლოს გამოძიებასთან. მეც ამას ვუსურვებ ჩვენს ვადაგაცილებულ მაღალს. ეს მისთვისაც საუკეთესო გამოსავალი იქნება შექმნილ ვითარებაში და ქვეყანასაც წაადგება.

,,მაშინ რატომ არ მოტყდა ხელი, როცა ასანთს გაჰკრა ამ იდიოტმა დენტით გაჟღენთილ რაიონში, აგვაფეთქა და დაგვღუპა’’, მითხრა იმ დღეს 08.08.08-ის ავანტიურაში კარგად ჩახედულმა ერთმა კაცმა და ახლა ამ სერიოზულ თემაზე მინდა გადავიდე.

". . . ომის თემა ბურუსით არის მოცული დღემდე. ობიექტური ფაქტებით, სიმართლით უნდა ვიცხოვროთ. რეალობაზე უნდა იყოს დაფუძნებული ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება. მე პირადად ბევრი შეკითხვები მაქვს. მეც ვთვლი, რომ ჩვენი ხელისუფლება, პრეზიდენტის მეთაურობით არაადეკვატურად მოიქცა იმ სიტუაციაში. გაუმართლებლად მიმაჩნია, რომ საჯარისო ნაწილები მზადყოფნაში მოვიდა და დაიწყეს საომარი მოქმედებები მანამ, სანამ რუსეთმა გადმოლახა საზღვარი. გაურკვეველი ბანდფორმირებები ისროდნენ და ჩვენი პრეზიდენტისა და ხელისუფლების მხრიდან აბსოლუტურად ადეკვატური იქნებოდა საერთაშორისო დამკვირვებლების მოწვევა და მონიტორინგი. ეს პროცესი შესაძლებელი იყო ამ დონეზე დასრულებულიყო. მე ვუყურებდი ყველა სატელევიზიო გამოშვებას და არაფერი სასწაული არ მომხდარა. ერთ-ერთი ნაღმტყორცნი შევარდა ერთ-ერთ სახლში და რაღაც კედელი დააზიანა, არც ერთი ადამიანი არ გარდაცვლილა. საკმარისი იქნებოდა სოფლიდან მაქსიმუმ 100 მაცხოვრებლის გაყვანა და საჯარისო შენაერთების ჩაყენება. ერთადერთი სწორი ნაბიჯი ალბათ საერთაშორისო თანამეგობრების მოწვევა იყო. ჩემთვის გაურკევეველია, რატომ გაკეთდა ასეთი რამ, რაც ჩემში კითხვებს იწვევს. აგვისტოს ომის გამოძიება არ დააზიანებს არც საქართველოს, არც წინა ხელისუფლების და არც პრეზიდენტის იმიჯს. ტალიავინის ჯგუფის ჩანაწერებიდან ევროპას სულ სხვა წარმოდგენა აქვს, ხოლო წინა ხელისუფლება საქართველოში სულ სხვა ინფორმაციას ავრცელებს", თქვა ბიძინა ივანიშვილმა პრესასთან შეხვედრისას 10 აპრილს.

ივანიშვილმა სრული სიმართლე თქვა და თანაც ის სიმართლე, რომელიც არა მარტო ტალიავინის კომისიის ცნობილ ანგარიშშია აღწერილი, არამედ მრავალ დასავლურ პუბლიკაციაში. ზოგიერთი ასეთი პუბლიკაცია ჯერ კიდევ 2008 წლის აგვისტოში და მომდევნო თვეებში გამოქვეყნდა. ივანიშვილის ამ განცხადების შემდეგ ცრუპატრიოტიზმის თავშესაფრიდან ნაძირალების ტრადიციული ყვირილი გაისმა: ,,ნუ ამბობთ, რომ ომი საქართველომ დაიწყო. ამით თქვენ საქართველოს აყენებთ ზიანს და ოკუპანტის წისქვილზე ასხამთ წყალს და ა.შ.’’ (მკითხველს შეუძლია ნახოს ინტერნეტში ნიკოლოზ რურუას, ნუგზარ წიკლაურის და სხვების შესაბამისი განცხადებები). ივანიშვილს არც ახლა და არც სხვა დროს არ უთქვამს, რომ ომი საქართველომ დაიწყო, მაგრამ ნაძირალებისათვის ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. ისინი მოქმედებენ იმ სტერეოტიპით, რაც 2008 წლის აგვისტოს შემდეგ შეიმუშავეს უცხოელი იმიჯმეიკერების დახმარებით და როგორც კი ვინმე ახსენებს 2008 წლის კატასტროფას მათთვის არასასურველ კონტექსტში, მაშინათვე ,,იცავენ’’ საქართველოს ,,მოღალატეების შემოტევისაგან’’.

ივანიშვილის ნათქვამს იმას დავუმატებ, რომ პუტინის ჩეკისტური რეჟიმის მიერ მანიპულირებული საქართველოს ხელისუფლება სააკაშვილის მეთაურობით არაადექვატურად მოქმედებდა წლების განმავლობაში და 2008 წლის 7 აგვისტოს ჩახტა იმ ხაფანგში, რომელიც დიდწილად თვითონ დაუგო თავის თავს.

მოკლედ ავხსნი ხაფანგის არსს. დავიწყებ მნიშვნელოვანი ციტატებით: 2011 წლის ოქტომბერში ბიძინა ივანიშვილმა თავის პოლიტიკურ განცხადებაში ვანო მერაბიშვილს მიმართა: ,,გახსოვს ვანო, სააკაშვილმა დიდი ხვეწნის შემდეგ რომ დამიყოლია, ბოკერიასთან მივსულიყავი რომ მისთვის გადამეფიქრებინა ქვეყნისთვის ერთი ძალიან სარისკო და საბედისწერო გადაწყვეტილების მიღება.

ეს ხდებოდა 2008 წლის აგვისტომდე წელიწადნახევრით ადრე (ანუ დაახლოებით 2007 წლის მარტში, ..). მაშინაც იგივე სცენარი განიხილებოდა, რაც თქვენ 2008 წლის აგვისტოში განახორციელეთ.

ბოკერია დაჟინებით ითხოვდა ქართული ჯარების შეყვანას სამაჩაბლოში და იმედი ჰქონდა, რომ რუსი სამხედროები გაიწეოდნენ და ქართულ ჯარს ცხინვალში უომრად შეუშვებდნენ.

მე მაშინ შევძელი ბოკერია დამერწმუნებინა, რომ არ შეიძლებოდა ამ ნაბიჯის გადადგმა.

სააკაშვილთან ერთად შენც ესწრებოდი ამ შეხვედრას და მე მახსოვს შენი აღფრთოვანება, რომელსაც შენ გამოხატავდი ჩემი მისამართით. ორმოც წუთში ბოკერიას დავუმტკიცე, რომ ის, რის გაკეთებასაც ის გეგმავდა, წმინდაწყლის პროვოკაცია და ავანტიურა იყო. ბოკერიამ უკან დაიხია და დასახულ გეგმაზე უარი თქვა, მაგრამ უცებ სააკაშვილმა თქვა: - ხომ შეიძლება თვითონ რუსებმა შემოგვთავაზონ ამის გაკეთება, მაშინ რა ვქნათო?

- სანამ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ოფიციალურ განცხადებას არ გააკეთებს, რომც გაჩუქოთ ეს ტერიტორია, ხელი არ ახლოთ არაფერსმეთქი, გავაფრთხილე.

მაშინ კი შევძელი დროებით შემეჩერებინა ის საბედისწერო გადაწყვეტილება, მაგრამ მოგვიანებით მაინც იგივე სცენარით იმოქმედეთ და რა შედეგიც მივიღეთ 2008 წლის აგვისტოში, სახეზეა.’’

ვთხოვ მკითხველს დაფიქრდეს, საიდან უნდა მოსვლოდა 2007 წლის გაზაფხულზე სააკაშვილს მარაზმატული აზრი, რომ თვითონ რუსებმა შეიძლება შემოგვთავაზონ ამის გაკეთება, ანუ ცხინვალში სამხედრო ძალის გამოყენება? აქვე აღვნიშნავ, რომ რონალდ ასმუსი თავის ცნობილ წიგნში ,,პატარა ომი, რომელმაც შეძრა მსოფლიო’’ წერს, რომ 2007 წლის გაზაფხულზე და ზაფხულში სააკაშვილის მთავრობა მივიდა ძალის გამოყენების საზღვართან, შემდეგ შეტრიალდა, წავიდა უკან და შეეშვა ამ არჩევანს. ბრწყინვალების ორდენის კავალერის დავით დარჩიაშვილის მიერ რედაქტირებულ ქართულ თარგმანში ეს ადგილი საერთოდ ამოღებულია - ცხადია იმისათვის, რომ ,,საქართველოს ზიანი არ მიადგეს’’.

ივანიშვილის მიერ აღწერილი საუბრის შემდეგ დაახლოებით რვა თვეში, 2007 წლის დეკემბერში, პრეზიდენტობის კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი აცხადებდა: ,,ცხინვალის რეჟიმი არის მოყანყალებული, როგორც ამოსაღები კბილი და მე დარწმუნებული ვარ, რომ 5 იანვრის [საპრეზიდენტო] არჩევნების კარგად ჩატარების შემთხვევაში, ეს არის მართლა კვირების ან თვეების საკითხი. ამაში აბსოლუტურად ვარ დარწმუნებული. ამაზე ზუსტი ინფორმაცია მაქვს”. მან ასევე განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში ბოლო თვეების მანძილზე სიმშვიდეა და სროლებიც არ ისმის, რადგანაც საქართველო გაძლიერდა და ,,ყოველ გაფაჩუნებაზე ათ იმდენ პასუხს იღებდა პროვოკაციის მომწყობი’’.

,,ამრიგად, საუბარია მართლა ძალიან მოკლე პერიოდზე’’. . .,,რუსებსაც წამოცდათ რამდენჯერმე, რომ სამხრეთ ოსეთი მათ არ აინტერესებთ. ეს მათ წამოცდათ’’ (ციტატები ზუსტია, პ.მ.). შეგახსენებთ, რომ ჩეკა-კაგებეს თანამშრომლები ,,წამოცდენების’’ ოსტატები არიან.

მოკლე წერილში სრული სურათის აღწერა შეუძლებელია. აღვნიშნავ მხოლოდ, რომ 2008 წლის გაზაფხულზე სააკაშვილს უკვე მტკიცედ სწამდა, რომ დადგა დრო ბლიცკრიგით დაებრუნებინა ცხინვალის რეგიონი და იმაშიც დარწმუნებული იყო, რომ ,,მოყანყალებულ კბილს’’ უპრობლემოდ ამოიღებდა. სააკაშვილის ბრძანებით საქართველოს შეიარაღებული შენაერთები სულ უფრო ღრმად შედიოდნენ კონფლიქტის ზონაში და იკავებდნენ პოზიციებს. ამის შედეგად 2008 წლის ივნისსა და ივლისში ვითარება თანდათან იძაბებოდა და შეტაკებები და ურთიერთსროლა სულ უფრო ხშირი ხდებოდა. მაგრამ არც კრემლის მიერ პირდაპირ მართული კოკოითის რეჟიმი და არც უშუალოდ რუსეთის ხელისუფლება არ ღებულობდა რადიკალურ ზომებს ჩვენი შენაერთების კონფლიქტის რეგიონში არშეშვებისათვის ან უკვე შესულების განდევნისათვის. არადა ამის გასაკეთებლად საკმარისზე მეტი ძალა ყოველთვის ჰქონდათ. ძლიერი წინააღმდეგობის არარსებობა უღრმავებდა სააკაშვილს იმის რწმენას, რომ კრემლს მართლაც არ აინტერესებდა სამხრეთ ოსეთი. ხოლო სხვადასხვა ფაქტორების ერთობლიობა არწმუნებდა მას, რომ უნდა ეჩქარა, ვინაიდან მალე ვითარება შეიცვლებოდა და ბლიცკრიგს ვეღარ ჩაატარებდა. აჩქარდა კიდევაც. რუსული დაზვერვა დეტალურად ფლობდა ინფორმაციას ცხინვალის რეგიონში და მის მისადგომებთან ქართული მძიმე ტექნიკის და ცოცხალი ძალის თავმოყრის თაობაზე. მათ კარგად იცოდნენ და საჯაროდაც აცხადებნდენ იმას, რომელ პლატფორმაზე როგორი ტექნიკა იტვირთებოდა და იგზავნებოდა გორი-ცხინვალის მიმართულებით. 7 აგვისტოს დილით კოკოითი გამოვიდა ვრცელი განცხადებით შექმნილი ვითარების შესახებ და აღნიშნა, რომ თუ ქართული მხარე დაუყოვნებლივ არ გაიყვანდა თავის ყველა შეიარაღებულ ფორმირებას, ის დაიწყებდა მთელი რეგიონის წმენდას ამ ფორმირებებისაგან.

ხაფანგი ჩაიკეტა! კოკოითი (ანუ რუსეთის სამხედრო მანქანა) უსათუოდ დაიწყებდა რეგიონის ,,წმენდას’’ იმ შემთხვევაშიც, თუ სააკაშვილი 7 აგვისტოს საღამოს არ დაბომბავდა ცხინვალს. უფრო მეტიც, ამ ,,წმენდასთან’’ ერთად სინქრონულ რეჟიმში აფხაზი სეპარატისტები (ისევ რუსეთის სამხედრო მანქანა) ,,გაწმენდნენ’’ კოდორის ხეობას, სადაც სააკაშვილს აგრეთვე შეყვანილი ჰყავდა საჯარისო შენაერთები და დიდძალი სამხედრო ტექნიკა. აწი ერთადერთი რაც გადაარჩენდა საქართველოს რუსეთის ჯარების შემოსვლისაგან იყო ის, რაც სააკაშვილმა გააკეთა 2004 წლის 19 აგვისტოს. მაშინ მან სულ ბოლო მომენტში უპირობოდ გაიყვანა ჩვენი შეიარაღებული ძალები ცხინვალის რეგიონიდან, საჯაროდ აუწყა ამის შესახებ მთელ მსოფლიოს და როკის გვირაბისაკენ უკვე მიმავალი 58-ე არმია მყისვე გაჩერდა. ახლა ვითარება სულ სხვა იყო. კრემლის ჩეკისტურმა რეჟიმმა შესანიშნავად იცოდა, რომ ,,კლიენტი’’ საბოლოოდ მომწიფებული იყო და გამარჯვებაში დარწმუნებული სააკაშვილი უკან აღარ დაიხევდა. შეგახსენებთ, რომ ცხინვალის დაბომბვის შემდეგ სააკაშვილის ბრძანებით თბილისიდან ცხინვალისაკენ დაიძრა კორტეჟი. მიჰქონდათ ორი პატარა ტრიბუნა (სააკაშვილისა და დიმიტრი სანაკოევისათვის), წითელი ფიანდაზები, რამდენიმე ასეული დროშა. ამ კორტეჟს გიგი უგულავა ხელმძღვანელობდა. კორტეჟს მრავალი ცნობილი ჟურნალისტი მიჰყვებოდა, ხოლო უცხოეთში აკრედიტირებული ჩვენი ჟურნალისტები გააფრთხილეს, რომ 8 აგვისტოს 13.00-14.00 საათზე ცხინვალში ჩატარდებოდა გამარჯვების აღლუმი და ის პირდაპირი ეთერით გადაიცემოდა.

როგორ შევაფასოთ ეს ყველაფერი? შეგახსენებთ აგვისტოს ომის შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისიის თავჯდომარის, პაატა დავითაიას ,,კავკასიით’’ გასულ ცნობილ განაცხადებას: ,,ომი დაიწყეს ამათმა, რა უნდა გაარკვიონ, დაიწყეს იმის გამო, რომ მთელი ამ წლის განმავლობაში პოლიტიკა იყო არასწორი, მორჩა’’. (დავითაიას ეგონა, რომ კამერა არ იყო ჩართული და ეს ფრაზა ჟურნალისტთან კერძო საუბარში თქვა). დღემდე ვერ მოვიძიე სხვა შემთხვევა, რომ ქართველ კაცს ეთქვას, რომ ,,ომი დაიწყეს ამათმა’’. თუ რომელიმე მკითხველისათვის ასეთი ფაქტი ცნობილია, მადლობელი ვიქნები ინფორმაციისათვის. შეგახსენებთ, რომ ამ ფრაზის შემდეგ პაატა დავითაია პარლამენტის ვიცე-სპიკერი გახდა. ცხადია არა იმიტომ, რომ ეს ფრაზა თქვა, არამედ იმიტომ, რომ დროებითმა კომისიამ ყველაფერი დაწერა ისე, როგორც ,,საქართველოს’’ ანუ სააკაშვილს და მის ნაძირალებს სჭირდებოდათ.

პაატა დავითაიას ფრაზა დაზუსტებას საჭიროებს. ,,ომი ამათმა’’ ნამდვილად არ დაიწყეს და არასწორი პოლიტიკაც იმ წელს არ დაწყებულა. სააკაშვილის რეჟიმი ცდილობდა, ხოლო რეჟიმის ნარჩენები ახლაც ცდილობენ დაიყვანონ პრობლემა კითხვამდე დაიწყო თუ არა ომი საქართველომ? ხო, თუ არა? ასეთი ფორმულირებით ნაძირალები ცდილობენ დაფარონ თავისი დანაშაული ერის წინაშე, თავი აარიდონ სწორედ დასმულ კითხვას და გაექცნენ პასუხისმგებლობას. სწორი კითხვა კი ასეთია: გააკეთა თუ არა სააკაშვილმა და მისმა ჯგუფმა ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ყველაფერი, რისი გაკეთება შეეძლო და ევალებოდა კიდევაც, რომ აეცილებინა პოლიტიკური და სამხედრო დაპირისპირება რუსეთთან და მოეგვარებინა კონფლიქტები? სწორი პასუხი: 2004 წლის მაისიდან მოყოლებული სააკაშვილი და მისი ჯგუფი, აშშ-ს და მთლიანად დასავლეთის გამუდმებული გაფრთხილებების მიუხედავად, ახორციელებდნენ სრულიად უგუნურ, კონტრპროდუქტიულ პოლიტიკას როგორც რუსეთის მიმართ, ასევე აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში კონფლიქტების მოგვარების სფეროში. ასეთი პოლიტიკის წარმოება ფაქტობრივად საქართველოს ეროვნული ინტერესების ღალატი იყო. სააკაშვილს სრულიად არაადექვატურად სჯეროდა, რომ შეძლებდა წარმატებული სამხედრო ოპერაციების მეშვეობით საქართველოს ტერიტორიალური მთლიანობის აღდგენას და დავით აღმაშენებლის გვერდით ,,კუთვნილი’’ ადგილის დაკავებას. 2004-2007 წლებში მან რამდენჯერმე დააპირა კიდევაც ასეთი ოპერაციების დაწყება, მაგრამ იმ წლებში მოხერხდა მისი შეკავება. 2008 წელს ეს ვეღარავინ შეძლო და ოთხწლიანი უგუნური მოქმედება მან დააგვირგვინა 7 აგვისტოს დაწყებული სამხედრო-პოლიტიკური ავანტიურით (და არა ომის დაწყებით). ამ ავანტიურით მან ლანგარზე მიართვა კრემლის ჩეკისტურ რეჟიმს საქართველოს ოკუპაციის საშუალება, აფხაზეთისა და სამხრეთ-ოსეთის დამოუკიდებლობის ცნობისა და იქ მძლავრი სამხედრო ბაზების განთავსების შესაძლებლობა. კრემლმა მოახერხა რეგიონში გეოპოლიტიკური ვითარების და ძალთა ბალანსის მნიშვნელოვანი შეცვლა და საერთოდ აისრულა ყველაფერი, რისთვისაც კრემლი წლების განმავლობაში ემზადებოდა და ამერიკელი დიპლომატების სიტყვებით რომ ვთქვათ, რის წარმოდგენაზე კრემლში ბევრს ,,ნერწყვი სდიოდა’’.

კიდევ ერთი სწორი კითხვა: სწორად რომ ემოქმედა სააკაშვილს შეძლებდა ამას ყველაფერს კრემლის ჩეკისტური რეჟიმი? პასუხი მკაფიოა და კატეგორიული: ვერ შეძლებდა! აქვე აღვნიშნავ, რომ სწორი მოქმედებისათვის დიდი სიბრძნე და გამოცდილება არ იყო საჭირო. ამისათვის საკმარისი იყო სააკაშვილს და მის ჯგუფს ემოქმედათ ისე, როგორც საქართველოს დასავლელი მეგობრები ურჩევდნენ და მოითხოვდნენ კიდევაც (მეტიუ ბრაიზას ახლახან გამოქვეყნებული გახმაურებული წერილი წვეთია იმ გაფრთხილებების ზღვაში).

ჩვენ ვერ დავიწყებთ შექმნილი ჩიხიდან გამოსვლას, ვერ დავადგებით საქართველოს გამთლიანების რთულ და გრძელ გზას მანამ, სანამ სააკაშვილი და მისი ჯგუფი არ აგებენ პასუხს კანონის სრული სიმკაცრით ერის მიმართ ჩადენილი დანაშაულისათვის. თუ ამას არ ვიზამთ, კვლავ მივეხეთქებით თავით კედელს.

პეტრე მამრაძე, 11 აპრილი, 2013 წელი