"შესაძლოა, ნოემბერში აღარც ვითამაშო"...
გერმანიის მეორე ბუნდესლიგის "ბოხუმი", რომლის ღირსებასაც ალექსანდრე იაშვილი და ნიკოლოზ გელაშვილი იცავენ, სეზონის დაწყებამდე ბუნდესლიგაში დაბრუნებას უმიზნებდა, თუმცა, ისე დაუდგა საქმე, უმაღლეს დივიზიონს ვინ ჩივის, მეორე ბუნდესლიგაში ადგილის შესანარჩუნებლადაც დიდი ბრძოლა მოუწევს. ვესტფალიელთა 35 წლის ფორვარდ ალექსანდრე იაშვილს ამ თემაზეც ველაპარაკეთ და ნაკრებიდან მისი გაცილების მატჩზეც, - საუბრის ბოლოს იაშკამ ისიც გაგვიმხილა, რომ ორიოდ თვეში კარიერის დასრულებაზე სერიოზულად დაფიქრდება.
- ბოლო მატჩებში ძალიან ცუდად ვთამაშობთ. არადა, ძალიან კარგი შემადგენლობა გვყავს. სეზონის დაწყებამდე ბუნდესლიგაში დაბრუნებას ვისახავდით მიზნად, თუმცა... პირველი კი არა, მეორე ბუნდესლიგაც სათუო გაგვიხდა. შვიდი თვის განმავლობაში სამი მწვრთნელი გამოვიცვალეთ. ისტორიულად "ბოხუმი" ბუნდესლიგის გუნდია, ქომაგებიც უმაღლეს ლიგაში დაბრუნებას ელოდნენ. ამის გამო, გულშემატკივარიც დაძაბულია და ჩვენც... დარჩენილ მატჩებში უშუალო კონკურენტებს ვხვდებით და იმედია, ყველაფერი კარგად იქნება.
- კმაყოფილი ვერც საკუთარი თამაშით იქნებით - გოლებმაც იკლო და სათამაშო დრომაც. გელაშვილისაც ძალიან გვეიმედებოდა...
- შესაძლებლობებს ყველა ფეხბურთელი ბოლომდე რომ ავლენდეს, ასეთ მდგომარეობაში არ ვიქნებოდით... შესაძლოა, საქართველოში საუკეთესო იყო, მაგრამ გერმანიაში თამაში ძალიან რთულია, აქ სხვა დონე და სპეციფიკაა, ადაპტაციასაც დრო სჭირდება... ნიკა ყველანაირად ცდილობს, ეს პრობლემები გადალახოს. რაც მთავარია, გულს არ იტეხს, იბრძვის და დარწმუნებული ვარ, მიზანს აუცილებლად მიაღწევს.
- ფეხბურთის ფედერაციის განცხადებას გაეცანით?
- სისულელეა, თითქოს რაღაც თამაშის ჩატარებას ვითხოვდეთ. არც პრეტენზია გვქონია და არც გაცილების მატჩის ორგანიზება მოგვითხოვია. ამდენ ხანს გაურკვეველ მდგომარეობაში ყოფნამ დაგვწყვიტა გული. ისე გამოვიდა, თითქოს ამდენი წლის განმავლობაში ნაკრებში საერთოდ არ გვითამაშია... ჩემი აზრით, კიდევ დიდხანს ვითმინეთ, შესაძლოა, სხვას უფრო ადრე გამოეხატა წყენა. მიმაჩნია, რომ ჩვენი აზრის დაფიქსირებით ცუდი არაფერი გაგვიკეთებია.
- თემურ ქეცბაიამ თქვა, რომ გელაპარაკათ...
- შარშან ზაფხულს დამირეკა. შევთანხმდით, რომ საბოლოო პასუხზე კიდევ შემეხმიანებოდა და კონკრეტულად მოვილაპარაკებდით ყველაფერზე. ვუთხარი, მეწყინა, ეს ყველაფერი დროულად, პირადად შენგან რომ არ გავიგე-მეთქი. მოგვიანებით თავადაც აღიარა, დროულად უნდა მეთქვაო. სამწუხაროდ, ზაფხულის მერე აღარ გვილაპარაკია... მიმაჩნია, რომ ასეთი დამოკიდებულება არც მე და არც კობის არ დაგვიმსახურებია. საქართველოს ნაკრებში თამაში ჩემთვის უდიდესი პატივია. ამიტომ ნაკრებში იქამდე ვითამაშებ, სანამ ფეხბურთში ვარ და ქვეყანას დავჭირდები.
- ლევანის თქმით, როცა კარიერას დაასრულებს, გამოსათხოვარ მატჩს თვითონ გამართავს. ნოემბერში დაანონსებულ ამხანაგურ მატჩში მონაწილეობას არც ალექსანდრე იაშვილი აპირებს?
- მონაწილეობას არ მივიღებ, რადგან ასეთი რამის მოთხოვნის უფლებას თავს ვერც მივცემდით და არც მოგვითხოვია. შესაძლოა, ნოემბერში აღარც ვიყო მოქმედი ფეხბურთელი... აქამდე რომ მომხდარიყო, სხვა ფასი ექნებოდა, ახლა კი ეგ თამაში სულაც არ არის მნიშვნელოვანი ჩემთვის.
- სანამ თავად მოთამაშეები ან ნაკრების მწვრთნელი ოფიციალურად არ იტყოდნენ, სფფ როგორ "გააცილებდა" ვეტერანებს ნაკრებიდან?
- კარგი იქნებოდა, ფედერაციას ქეცბაიასთვის ეთქვა, თუ აღარ გჭირდება ვეტერანები, რომლებიც მომავლის გუნდს გამოცდილებას გაუზიარებენ, პატივი დასდე და შეატყობინე, გამოძახებას ყოველი მატჩის წინ რომ არ დაელოდონო.
- ოქტომბერში 36 წლის ხდებით. კარიერის დასრულებაზე არ ფიქრობთ?
- ვნახოთ, როგორ იქნება საქმე, შესაძლოა, ეს ნაბიჯი უკვე ამ ზაფხულს გადავდგა... ბოლო ოთხი მატჩი სათადარიგოთა შორის დავიწყე, რაც უჩვეულოა ჩემი კარიერისთვის. მიმაჩნია, რომ ფეხბურთელმა კარიერის დასრულებისთვის დრო ზუსტად უნდა შეარჩიოს: თუ თამაშით სიამოვნება ვეღარ მივიღე, ვიგრძენი, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელებთან ბრძოლა, კონკურენცია აღარ შემიძლია, მაშინვე წავალ.
- კარიერის ქართულ კლუბში დასრულებაზე არ ფიქრობთ?
- არა მგონია... თუმცა, გერმანელები ამბობენ, ფეხბურთში არასოდეს თქვა არაო... ისე კი, ერთადერთი ქართული კლუბი, სადაც ვიფიქრებდი თამაშს, ჩემი მშობლიური კლუბი - თბილისის "დინამოა".