დედები შვილებს ყიდიან!!!
"ბავშვი, რომელსაც ბავშვობა მოუკლეს და ცხოვრება დაუმახინჯეს, ფულს დახარბებული, სულმდაბალი დედის მსხვერპლია"
დედა 11 წლის გოგონას აიძულებდა, მონაწილეობა მიეღო პორნოგრაფიულ ფოტო და ვიდეოკადრების გადაღებაში. შემდეგ ამ ბინძური მასალის რეალიზაციით ფულს შოულობდა. ბოროტმოქმედებაში სავარაუდოდ, საყვარელი, კრიმინალური წარსულის მქონე ისრაელის მოქალაქე, 42 წლის მამაკაცი ეხმარებოდა. მცირეწლოვნის პორნოგრაფიული ფოტო და ვიდეოკადრები მსოფლიოს სხვადასხვა პორნოსაიტებზე ვრცელდებოდა, რაღა თქმა უნდა, გარკვეული გასამრჯელოს სანაცვლოდ. ბავშვი, რომელსაც ბავშვობა მოუკლეს და ცხოვრება დაუმახინჯეს, ფულს დახარბებული, სულმდაბალი დედის მსხვერპლი გახდა. ის ახლა ტრეფიკინგის მსხვერპლთა სარეაბილიტაციო თავშესაფარში ფსიქოლოგების დახმარების ქვეშ იმყოფება. ბოროტმოქმედი დედა და მისი თანამზრახველი კი ქართველმა და ისრაელის სამართალდამცველებმა ერთობლივი მუშაობის შედეგად დააპატიმრეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ მსხვერპლი საქართველოში მცხოვრები 11 წლის გოგონაა, მას 2 წელი აიძულებდა დედა მონაწილეობა მიეღო პორნოგრაფიული ფოტოებისა და ვიდეოფირების გადაღებაში.
არასრულწლოვნის დედა წინასწარი დაკავების იზოლატორში მოათავსეს, მის მიმართ მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 1432-ე მუხლით, რაც არასრულწლოვნით ვაჭრობას (ტრეფიკინგი) გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 8-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
ამ ამბავმა სოფელ მისაქციელის ტრაგედია გამახსენა, როდესაც დედამ თავისი პატარა ბიჭუნა ცემით გამოასალმა სიცოცხლეს და რატომ, ახლავე მოგახსენებთ: როდესაც იმ საშინელ ამბავზე დავწერე, ზოგიერთმა მკითხველმა შეიცხადა, ასეთ ამბებზე სახალხოდ არ უნდა ვწეროთ, დაზარალებულის და დამნაშავის ადამიანური უფლებები ირღვევაო?! არადა, დუმილი უფრო იმას ჰგავს, დაავადება რომ აღმოგაჩნდება და ხელის დაფარებით ცდილობ მის დამალვას, საკუთარ თავსაც არ უტყდები, ცუდი ამბავი რომ გჭირს და ნელ-ნელა ექცევი მის ტყვეობაში, რაც საბოლოოდ, უცილობლად გკლავს. ალბათ ვიღაც ამ გაუბედურებული 11 წლის გოგონას ტრაგედიაზეც იტყვის, ეს მხოლოდ მათი ოჯახის პრობლემა და ტრაგედიააო?! ზოგიც ლინჩის წესით მოითხოვს დედის გასამართლებას, როგორც ეს უკვე დაფიქსირდა ინტერნეტფორუმებზე: ფაქტი კი ის არის, რომ საზოგადოებაში გამოვლინდა ახალი პრობლემა, რომელსაც ჩანასახშივე სჭირდება მიხედვა, რომ სენად არ იქცეს...
აი, რას წერს ინტერნეტფორუმებზე აღშფოთებული ხალხი:
"სამწუხაროდ, მეტი შემთხვევა იქნება საქართველოში, მაგრამ ჯერ არ არის მიგნებული წყაროები, ან მალავენ ისეთი ადამიანები, რომელთა ხელშიც ძალაა... ეს სენი მსოფლიოში ისეა მოდებული, რომ უკვე გაკვირვებას აღარ იწვევს".
"ამ ასაკში თოვლის ბაბუის ჯერ კიდევ სჯერათ ბავშვებს და ამ ბავშვს სული წაუბილწეს. აღარ ვიცი, რა ვთქვა..."
"სამაგალითოდ უნდა გასამართლდეს! ვერასოდეს ვიფიქრებდი, რომ ქართველი დედა ამას გააკეთებდა. ვინ ვართ? სულ ვფიქრობ, რა ხდება ჩვენს თავს, პურის ფულად მიწებს ვყიდით, ქართველი ქალები შვილებს ყიდიან, ესღა გვაკლდა!".
"არავითარი 12 წელი, სამუდამო პატიმრობა! ის ბავშვი მთელი ცხოვრება უბედურია... აღშფოთებას ვერ ვმალავ..."
"ასეთია ქართული დედაშვილობა?" - კითხულობს ერთი. ამის პასუხად რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთი საიტის ფორუმზე ამოკითხული თინეიჯერის თხოვნა გამახსენდა:
"აი, ეს თემა მაქვს გასაკეთებელი: რა ახასიათებთ ქართველ დედებს? ის, რაც მხოლოდ "ქართველი დედის" თვისებაა... ჩამოვწერე საქებარი სიტყვები, მაგრამ რაღაც ბანალური გამოვიდა".
თინეიჯერს ფორუმელები დაეხმარნენ და შექმნეს ქართველი დედის პორტრეტი, რომელიც ასე გამოიყურება:
"ერთ იგავს გიამბობთ: ბიჭს გოგო შეუყვარდება, რომელიც დაჰპირდება, ცოლად გამოგყვები, თუ დედაშენის გულს მომიტანო. ბიჭი შეწუხდება. დედა შეატყობს გასაჭირს და ეტყვის, ისე, მოიქეცი, როგორც შენმა სატრფომ გთხოვა, აჰა, ჩემი გულიო... ბიჭი გარბის ხელში მთრთოლავი დედის გულით და უცებ წაიქცევა. ხომ არაფერი იტკინე, შვილო? - ჩაესმის ხმა. ბიჭი ხვდება, რომ ეს ხმა დედის გულიდან მოდის, ის გოგო კი მისი ღირსი არ არის, რადგან მსხვერპლად ის გული მოსთხოვა, რომელსაც უანგაროდ უყვარდა..."
ჩვენს საზოგადოებას, სადაც ოდითგანვე დედის კულტი იყო, მიაჩნია, რომ დედა მზად არის სიცოცხლე დათმოს შვილისთვის. განა ასეც არ არის? ამის გამო არ გადაიხვეწა უამრავი ქალი უცხოეთში მოსამსახურედ, რომ აქ შვილები გადაერჩინათ?
"მხოლოდ საქართველოში: 20 წლის ასაკში დაქვრივებული დედა მზად არის, დარჩენილი სიცოცხლე შვილებს მიუძღვნას და მამინაცვალი არ დაუსვას სახლში", - წერს ერთი.
ფაქტია, უამრავი მაგალითი გვაქვს ოთარაანთ ქვრივივით სათავისოდ თვალის დამბრმავებელი და მხოლოდ შვილის ინტერესებით მაყურებელი დედობისა, მაგრამ, როგორც ჩანს, თანამედროვე ღირებულებების გადაფასების პროცესში თაობებს დააკლდა მაგალითებით სულის კვება. შედეგად კი დეგრადირებული ქალის, ამორალური არსების სახე შემოგვეპარა, რომელსაც საბედნიეროდ, საზოგადოების უმრავლესობის აზრით, დედობის უფლება არ აქვს!
P.S. ისე კი, რა მნიშვნელობა აქვს, რა ეროვნების არის დედა? ფაქტი ერთია, ამ სულმდაბლობას, რაც ცოტა ხნის წინ დაკავებულმა ქალმა ჩაიდინა, ყველა ერსა და სახელმწიფოში გმობენ და ებრძვიან.