ჯეფრი სილვერმანი - რუსეთ-საქართველოს ომის სავარაუდო სცენარი ბრაიზას ჯერ კიდევ 2005 წელს ჰქონდა - კვირის პალიტრა

ჯეფრი სილვერმანი - რუსეთ-საქართველოს ომის სავარაუდო სცენარი ბრაიზას ჯერ კიდევ 2005 წელს ჰქონდა

ამონარიდი გაზეთ "ყველა სიახლედან":

ამერიკელი ჟურნალისტი და პოლიტოლოგი ჯეფრი სილვერმანი პირველად საქართველოში 1991 წელს ჩამოვიდა. მას შემდეგ ხშირად სტუმრობს ჩვენს ქვეყანას და აქ საკმაოდ დიდი ხნითაც რჩება ხოლმე. მისი თქმით, ახლოს იცნობს მეთიუ ბრაიზას და თავად მას კარგად იცნობენ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში. ამასთან, სილვერმანი 2001-2003 წლებში მიხეილ სააკაშვილის მრჩეველი იყო.

- თქვენ ინტერვიუს დაწყებისას მითხარით, რომ 2008 წლის საქართველო-რუსეთის ომზეც გაქვთ საინტერესო მასალები...

- დიახ, აგვისტოს ომის დროს ცხინვალში ვიყავი, ვაკვირდებოდი მოვლენებს და დავწერე მოხსენება, რომელიც მეთიუ ბრაიზას გადავუგზავნე. ეს იყო არა საიდუმლო მასალები, არამედ ჟურნალისტური კვლევები. რუსეთ-საქართველოს ომის სავარაუდო სცენარი ბრაიზას ჯერ კიდევ 2005 წელს ჰქონდა. მე კი ორი თვით ადრე ამერიკული ორგანიზაციებისგან "კუბიკისა" და "არჩენჯელისგან" (ყოფილი სამხედროების მიერ დაფუძნებული კერძო კომპანიები) ვიცოდი, ომი რომ დაიწყებოდა. დავით კეზერაშვილის თავდაცვის მინისტრობისას ეს კომპანიები სამხედრო დაგეგმარებასა და წვრთნაში დასახმარებლად დაიქირავეს. ისინი ვაზიანის ბაზაზე იყვნენ განთავსებული. "არჩენჯელის" გაწვრთნილი სნაიპერების ჯგუფი ცხინვალშიც იბრძოდა. სიმართლე გითხრათ, ეს იყო დიდი თამაში და არა ომი. კერძოდ, სარდლობა და სამხედრო მმართველობა იყო გათიშული, დაულაგებელი. საქართველოს შეეძლო ამ ომის მოგება, მაგრამ ეს მიზანმიმართულად არ გაკეთდა.

- რატომ?

- ომმა ჩამოწერა საქართველოში შემოსული უკანონო იარაღი. ასევე, ომის შემდეგ საქართველოში შემოვიდა დიდი ფული, რომელიც ასევე გაქრა გაურკვეველი მიმართულებით. და საერთოდ - ომი ძალზე ბინძური ბიზნესია. საომარი ოპერაციები შეგნებულად არაპროფესიონალურად იყო წარმართული. მეც სამხედრო ვარ, 6 წელი ვმსახურობდი ამერიკის ჯარში და რაღაც გამეგება. 2008 წელს ვიყავი როგორც ქართულ, ისე ოსურ-რუსულ პოზიციებზე. მე, შედარებით ჩაუხედავ კაცსაც კი უფრო უკეთ შემეძლო ყველაფრის დაგეგმვა. საერთოდ არ არსებობდა სამხედრო დაგეგმარების ცენტრი. მნიშვნელობა არ აქვს, ვინ დაიწყო ომი, თუმცა უდიდესი პასუხისმგებლობა ეკისრება სააკაშვილს, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტს, კახა ლომაიას და დიმიტრი შაშკინს, ასევე, გიგა ბოკერიას, რომელიც ძალზე საშიში პიროვნებაა.

***

- თქვენ საუბრის დაწყებამდე ისიც მითხარით, რომ საინტერესო ინფორმაციას ფლობთ გაქვთ ყოფილი პრემიერის ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე...

- მოგეხსენებათ, ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების შემდეგ აშშ-ს გამოძიების ფედერალური ბიუროს ( FBI) თანამშრომლები იყვნენ ჩამოსულები. გარკვეული პერიოდის შემდეგ, ამერიკაში ვესაუბრე FBI-ს ერთ-ერთ თანამშრომელს, რომელმაც მითხრა, ვინ გაანადგურა ჟვანიას მკვლელობის საქმეში მტკიცებულებები, კერძოდ, აგენტმა ბრაიან პარმენმა აშშ-ის იმჟამინდელი ხელმძღვანელობის მითითებით გაანადგურა მოპოვებული მტკიცებულებები ჟვანიას მკვლელობის საქმეზე, რადგან მკვლელობის რეალური მიზეზი თუ გამოიკვეთებოდა, მაშინ სააკაშვილის იმიჯი შეილახებოდა, რაც ამერიკის პოლიტიკას დარტყმას მიეყენებდა. დარწმუნებული ვარ, იმ დროს საქართველოში რომ ვყოფილიყავი, მკვდარი ვიქნებოდი.

ინტერვიუ სრულად იხილეთ გაზეთ "ყველა სიახლის" ოთხშაბათის ნომერში.