მეგი(სა)ს აღსარება
რატომ მქვია ეს სახელი - არ ვიცი. ამ საქმეში მამაჩემის ბრალეულობა იკვეთება. როდესაც დავბადებულვარ, ბაბუის სახელს მიმზადებდნენ დასარქმევად, მაგრამ მახარობელს, რომელმაც ჩემი დაბადება აუწყა მამას, გახუმრება მონდომებია - მოუტყუებია, გოგოაო და გაუცინია. 25-მანეთიანის მოლოდნში მყოფ მახარობელს ეგონა, ხუმრობას მიმიხვდნენო და უკითხავს: ბავშვს, რას არქმევთო? უკვე შეზარხოშებულ მამაჩემს ეს ხუმრობა ვერ გაუგია, გაბრაზებულს გინეკოლოგი გახსენებია, რომელმაც ბიჭი უწინასწარმეტყველა, და უთქვამს: - ოხ, მეგის (მეგი ერქვა გინეკოლოგს).... მადლობა ღმერთს, რომ მახარობელს ყურთ კარგად არ ესმოდა და მხოლოდ მეგის მოესმა...
სკოლაში ჩვეულებრივი ბავშვი ვიყავი. პირველი სიყარულიც სკოლაში მეწვია. ჩემი სკოლელი გოგო შემიყვარდა, მაგრამ მალევე დავუხურე გულის კარი, რადგან მეგი ერქვა. წინასწარ გავთვალე, რომ შემდეგში ჩემი შვილი დაიტანჯებოდა იმის გარკვევაში - ვინ იყო მამა და ვინ დედა.
ხელისუფლებაში ყოფნის სურვილს სკოლიდანვე ვამჟღავნებდი - პიონერხელმძღვანელი მე დავაბეზღე, როდესაც სიგარეტი მოწია და მისი ადგილი დავიკავე. თუმცა, 3 დღეში საბჭოთა კავშირი დაიშალა და მხოლოდ მაბეზღარას სახელი შემრჩა, ამან ჩემზე დიდი გავლენა მოახდინა და ამის შემდეგ აღარავის ვაბეზღებდი, უბრალოდ სხვებს ვაიძულებდი, რომ დაებეზღებინათ.
ბავშვობაში ვოცნებობდი, ისე მეცხოვრა, რომ ჩემთვის ძეგლი დაედგათ. თუმცა მას შემდეგ, რაც სტალინის ძეგლი ვიღაც ვანდალებმა შეღებეს და შეურაცყოფა მიაყენეს, გადავიფიქრე. მივხვდი, რა უნამუსოდ ექცევიან დიდ ადამიანებს.
დღეს, სამშობლოდან გადახვეწილი, ვხვდები, რომ რაღაც-რაღაცები შემეშალა და მინდა მოვინანიო. სააკაშვილის პირსისხლიანმა რეჟიმმა მაიძულა, ისეთი რამ ჩამედინა, რაც ჩემში არ იჯდა. სააკაშვილი ყოველდღე მაძლევდა გეგმას, რამდენ ადამიანს უნდა ეღიარებინა სამშობლოს ღალატი, რამდენს უნდა ეჩუქებინა სახელმწიფოსათვის საკუთარი ბიზნესი და სხვა. ეს გეგმა ყოველდღიურად იზრდებოდა და თუ არ შევასრულებდი, მაშინებდნენ - ბუა მოვა და შეგჭამსო (იცოდნენ, რომ ბუების და ოხრობების მეშინოდა). როცა სააკაშვილი აქ არ იყო, ვანო მერაბიშვილს ავალებდა ჩემს უფროსობას და ისიც თავს არ ზოგავდა, სააკაშვილთან რომ არ შერცხვენილიყო.
ისინი მეუბნებოდნენ, თუ 1 ოქტომბერს გავიმარჯვებთ, ბუას საბოლოოდ დავამარცხებთ და შენც აღალაფელი სეგასინებსო. მაგრამ აქაც მწარედ მომატყუეს. მხოლოდ ახლა ვხვდები, რომ არავითარი ბუა არ არსებობს და სპეციალურად ჩემს შესაშინებლად იგონებდნენ ყველაფერს, მაგრამ ახლა უკვე გვიანია…
მახსოვს, ერთხელ სააკაშვილმა მითხრა: ხო, ხედავ, ქუჩები გაგინათე და ახლა ბუები ვეღარ იბოგინებენო. ისე გამიხარდა, რომ 2 დღეში სამშობლოს 40-მდე მოღალატე აღმოვაჩინე. ისინი მანიპულირებდნენ ჩემი სახელით და მეუბნებოდნენ, თუ ჩვენს დავალებებს არ შეასრულებ, გამოვაცხადებთ, რომ შენს სახელში "ს" ზედმეტია და ყველა გოგოს დაგიძახებსო. ასეთი სასტიკი გზებით ახდენდნენ ჩემზე ზეწოლას. მათ ამის გაკეთება მართლა შეეძლოთ, განა კესო-ბესოს მაგალითი არაა საკმარისი?!
არც იმაზე იხევდნენ უკან, რომ ”ჯოკერის” თამაშისას ერთმანეთისთვის ენიშნებინათ. თამაშის პირობა ასეთი იყო - წაგებულს უნდა ეყვირა ”ვირი ვარ და ვყვირივარ!” როგორც წესი, მე და ბაჩო ახალაია ვაგებდით. ისინი გვეუბნებოდნენ, თუ არ დაიყვირებთ ..... ჩვენც დავიყვირებდით და უცებ მათ ათეულობიჱ ბიზნესმენი ჩუქნიდა ქონებას.
მხოლოდ ერთხელ იყო რომ წააგეს, მაგრამ არ ჩაგვაბარეს და ნიშნის მოგებით გვითხრეს: რაც არ ფასდება, ის არ ბარდებაო. საშინელი გაბრაზება იცოდნენ. მათი წამების მეთოდები ბევრად სასტიკი იყო ჩემსაზე. ერთხელ მათი დავალება არ შევასრულე. ჰოდა, ამ ორი ადამიანის ბრძანებით მე დამიჭირეს და იძულებით მაყურებინეს ჭიათურის "მაღაროელის" და აგარის "მეშაქრის" საფეხბურთო თამაშის სრული ჩანაწერი, თან პარალელურად მასმენინებდნენ რადიო "დარდიმანდის" ექსკლუზივებს. ამან ისეთი დიდი სტრესი მომაყენა, რომ 2 თვე სარეაბილიტაციო კურსი დამჭირდა. მიუხედავად ყველაფრისა, მე, მეგის ქარდავა, არ გავურბივარ ჩემ წილ პასუხისმგებლობას და მზად ვარ, პასუხი ვაგო კანონის წინაშე.
შორეული უცხოეთიდან მარად თქვენზე და სამშობლოზე ფიქრში დამაშვრალი მეგი-ს ქარდავა.