პა-სპორტი: მანუჩარ მარკოიშვილი
- კალათბურთელი რომ არა, ვინ იქნებოდი?
- მოცეკვავე... სანამ კალათბურთში ვარჯიშს დავიწყებდი, ცეკვის სტუდიაში ვსწავლობდი და კალათბურთის თამაშით გატაცება რომ არა, ალბათ, პროფესიულად გავყვებოდი ცეკვას.
- გამოდის, ბავშვობაში შენი ოცნებები მხოლოდ ცეკვასა და კალათბურთს უკავშირდებოდა?
- ბავშვობის ოცნება იყო, NBA-ში მეთამაშა და ბევრი მემოგზაურა...
- ოჯახის წევრები გაგვაცანი...
- ჩემი მეუღლე, ანჟელა ნიკიტინა უკრაინელია. ორი წლის განმავლობაში კიევის კლუბში ვთამაშობდი და მაშინ გავიცანი. ოჯახის დანარჩენი წევრები არიან მშობლები - ნუგზარი და ლია, ჩემი ძმა გიორგი, რომელიც ასევე კალათბურთელია და მისი ცოლ-შვილი: ანი, ნიკოლოზი და საბა.
- რის ან ვის გარეშე ვერ წარმოგიდგენია ცხოვრება?
- ოჯახის წევრებისა და მეგობრების გარეშე.
- ნივთი, რომლის გარეშეც სახლიდან არ გადიხარ...
- მობილური ტელეფონი და საფულე.
- ფრაზა ან სიტყვა, რომელსაც ყველაზე ხშირად ამბობ...
- მგონი, ასეთი სიტყვა არ არსებობს... ან ახლა არ მახსენდება.
- ჰოროსკოპთან როგორი დამოკიდებულება გაქვს?
- ჰოროსკოპით ღრიანკალი ვარ, თუმცა, ასეთი რაღაცების არ მჯერა.
- უცნაური თვისება თუ გაქვს?
- ვარჯიშის შემდეგ, სანამ არ დავნაყრდები, ცუდ ხასიათზე ვარ და ლაპარაკიც არ მიყვარს. :)
- ადამიანი, რომელმაც შენზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა...
- განსაკუთრებულს ვერავის ვიხსენებ... ალბათ, ჯერ არ შემხვედრია ასეთი გამორჩეული პიროვნება. :)
- ქვეყანა, სადაც იცხოვრებდი...
- საქართველოს გარდა? იტალიასა და სლოვენიაში. ამ ქვეყნებში სამ-სამი წელიწადი ვიცხოვრე და, ალბათ, ამის გამო. :)
- საყვარელი წიგნი, რეჟისორი, მუსიკოსი...
- საყვარელი წიგნი "დათა თუთაშხია". გამორჩეულად არც ერთი რეჟისორი არ მიყვარს. მუსიკოსებიდან ბარი უაითი, ვასკო როსი... თუმცა, შემიძლია, ნებისმიერი ჟანრის მუსიკას მოვუსმინო - გააჩნია, როგორ ხასიათზე ვარ...
- კალათბურთის გარდა, რა გიყვარს?
- სპორტის სხვა სახეობებსაც ვუყურებ, თევზაობაც მიყვარს, თუმცა, ამის დრო იშვიათად მაქვს. დროის გაყვანის საუკეთესო საშუალებად კი კინო მიმაჩნია. :)
- რა გაღიზიანებს ყველაზე მეტად?
- ტყუილი და თვალთმაქცობა.
- მატჩი, რომლითაც ყველაზე მეტად ამაყობ...
- არ მიყვარს თავის მოწონება ჩემ მიერ ჩატარებული მატჩებით. მით უმეტეს, საკუთარი თავით...
- სოციალური ქსელით ხშირად სარგებლობ?
- Facebook-საც და Twitter-საც ხშირად ვიყენებ. თუმცა, პოსტების წერა არ მიყვარს - ძირითადად, სიახლეებს ვეცნობი და მეგობრების ფოტოებს ვათვალიერებ.
- დაახასიათე საკუთარი თავი ერთი სიტყვით...
- სპორტსმენი. :)
- სახალისო სიტუაციაში ბევრჯერ აღმოჩენილხარ?
- კურიოზების გახსენება ჩემი სუსტი წერტილია. :) იმიტომ არა, რომ ხუმრობა არ მიყვარს ან იუმორის გრძნობა არა მაქვს, უბრალოდ, მეხსიერება არ მივარგა. :):)
- იდეალური ქალი შენთვის არის...
- ჩემი მეუღლე.
- დაასრულე ფრაზა: "მჯერა, რომ"...
- ...ყველაფერი კარგად იქნება.
- შენი საყვარელი სპორტსმენი...
- მაიკლ ჯორდანი, მანუ ჯინობილი.
- მეტსახელი თუ გაქვს?
- მანუ.
- პერსონაჟი, რომელსაც ყველაზე მეტად გამსგავსებენ...
- წარმოდგენა არა მაქვს. :)