სოზარ სუბარი: "ისე არ არის, რომ კანონიერი ქურდები საქმეებს პალატიდან აგვარებდნენ"
სოზარ სუბარი, სასჯელაღსრულების მინისტრი:
სასჯელაღსრულების სისტემაში რაც ხდებოდა, ნათელი დადასტურებაა იმისა, როგორ “დაამარცხა” სააკაშვილმა კორუფცია. აქ იყო როგორც სისტემური, ისე ქვედა დონის კორუფცია. სისტემური კორუფციის მხოლოდ ერთ მაგალითს გეტყვით. სააკაშვილის ხელისუფლების დროს თვეში 90 ლარი იყო პატიმრის კვებაზე გამოყოფილი და არ მინახავს პატიმარი, რომელიც იტყვის, რომ ამ საჭმელს ჭამდა. ეს საჭმელი მთლიანად ე. წ. "პამოიში" მიდიოდა. დღეს, როდესაც კვება 5-ჯერ გაუმჯობესდა, პატიმრის კვება იგივე ჯდება. მიუხედავად იმისა, რომ კვების თანხა 120 ლარამდე გავზარდეთ, კომპანიამ, რომელმაც ტენდერში გაიმარჯვა, დაადო ფასი, რომელიც 90 ლარზე ნაკლებიცაა. უწინ არ იყო და ახლა არის რძის პროდუქტები. კვირაში თუ ერთხელ იყო ხორცი, ახლა კვირაში ორჯერ არის ქათმის მოზრდილი ნაჭერი, სამჯერ საქონლის ხორცი და ორჯერ თევზის ფილე. პატიმრები კვირაში 1 კგ ხილს იღებენ. სტეიკს ვერ ვუწვავთ, მაგრამ ნორმალური კვებაა და რაც მთავარია, სახელმწიფოს ეს იგივე ფასი უჯდება.
პატიმრის ერთი საკნიდან მეორეში ან ერთი ციხიდან მეორეში გადაყვანაშიც ფულს იღებდნენ. პატიმარი ახლობელს შუშის მიღმა რომ არ დალაპარაკებოდა და ოთახში შეხვედროდა, (500 ლარამდე) უნდა გადაეხადა. ეს იცოდნენ ზემდგომებმაც, ეს დეპარტამენტის ხელმძღვანელისგან დაშვებული კორუფცია იყო, მინისტრს კი არავინ არაფერს ეკითხებოდა.
ქვედა დონის კორუფციის მხრივ ერთ-ერთი ყველაზე გახრწნილი სასჯელაღსრულების სისტემა იყო და ამასთან ბრძოლა ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა. მეც კი დავიჯერე მითი, რომ ამ სისტემაში რაღაც გამოსწორდა. როდესაც ვნახე, რა პირობებში ცხოვრობდნენ პატიმრები, ეს მითი დაინგრა. დასანგრევია ზუგდიდის ციხე, სადაც წინა საუკუნეებში დადიანების საჯინიბო იყო. მე-16 დაწესებულებას ერთ კვირაში დავცლით და გავარემონტებთ.
მე-9 დაწესებულება ახალაშენებული შენობაა, მაგრამ ისიც საჯინიბოს ჰგავს. ეს არის უზარმაზარი ფართობი, 7-8-მეტრიანი სიმაღლის ჭერით, გადახურული თუნუქით. ზამთარში, როდესაც ცივა, 500 კაცის ამონასუნთქი ზემოთ კონდენსირდებოდა და ხალხს აწვიმდა. პატიმრებს წვიმისთვის რომ თავი დაეღწიათ, თავზემოთ ცელოფანები ჰქონდათ გადაჭიმული.
როდესაც ბევრი წყალი გროვდებოდა, ცელოფანი იხეოდა და ხშირად მძინარე პატიმრებს თავზე ღვართქაფი ატყდებოდათ. ამ ციხეზე ამბობდა სააკაშვილი, ფრანგებს იმდენად მოეწონათ, რომ მისი მოდელის გადაღება მოისურვესო?!
ამ სისტემის დალაგებას დრო სჭირდება. ასევე საჭიროა მკაცრი რეჟიმის ციხეები, სადაც რეჟიმის დამრღვევი პატიმრები განთავსდებიან. მკაცრი რეჟიმის დაწესებულება გაისად ლაითურში გაიხსნება. ეს ციხე 4300 კაცზე შენდებოდა, მაგრამ ამხელა ციხის საჭიროება აღარ არის და ის 1600 პატიმარზე აშენდება.
ამავე დროს რეჟიმი შემსუბუქდება იმ პატიმრებისთვის, რომლებიც მოტივირებული არიან რესოციალიზაციისა და საზოგადოებაში დაბრუნებისთვის. მაისში ან ივნისში გლდანში გაიხსნება ღია რეჟიმის დაწესებულება 100 კაცზე, სადაც ასეთ პატიმრებს გადავიყვანთ. ამ დაწესებულებაში ოთახები არ იკეტება და ეზოში სეირნობა თავისუფლად შეიძლება. დაწესებულების ეზოში არის აუზი, ფრენბურთის და კალათბურთის მოედნები, სახელოსნოები. ვაპირებთ სათბურების გაკეთებასაც. პატიმრებს შაბათ-კვირის შინ გატარების უფლება ექნებათ და კვირა საღამოს დაბრუნდებიან.
- მაცნობეს, რომ "რეზბალნიცაზე" არის კანონიერი ქურდი, რომელიც შეუზღუდავად სარგებლობს მობილური ტელეფონით და თავის კოლეგებთან ხანგრძლივ სატელეფონო თათბირებსაც მართავს. როგორც ვიცი, ამის თაობაზე პროკურატურაც საქმის კურშია.
- ასე არ არის. ჩვენ რომ ხელისუფლებაში მოვედით, 4 კანონიერი ქურდი იჯდა ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში და ერთი - ტარიელ ფუტკარაძე დარჩა, რომელიც ამჟამად ქალაქის საავადმყოფოშია გადაყვანილი სამკურნალოდ, რადგან მძიმე ავადმყოფია. სატელეფონო საუბრის უფლებას, რაც კანონით არის დაშვებული, ვერავის ავუკრძალავ, მაგრამ ისე არ არის, რომ ტარიელ ფუტკარაძე საქმეებს პალატიდან აგვარებდეს.
მობილური ტელეფონი არც მას და არც არავის არა აქვს, მიუხედავად იმისა, რომ მუდმივად ცდილობენ ციხეში მობილური ტელეფონის შეტანას. სხვადასხვა საპყრობილეშიც აღმოვაჩინეთ მობილური ტელეფონები, რომელთაც პატიმრები უხერხულ ადგილებში მალავენ და მათი აღმოჩენა არ არის ადვილი. თუ ინფორმაცია გვაქვს, რომ მობილურია სადმე შესული, მაშინვე განგაშს ვტეხთ. სისტემაში, სადაც იყო პატიმრების გაუპატიურება, ცოცხებით წამება და ამის შესახებ ინფორმაცია არ გამოდიოდა, ისევ ის თანამშრომლები მუშაობენ. არ შეიძლება ამის გამორიცხვა, რომ რომელიმე თანამშრომელი ფულის სანაცვლოდ მობილურს შეიტანს ციხეში, მაგრამ კონტროლი ძალიან მკაცრია.
იხილეთ ვრცლად: "ეს იყო დამნაშავეთა ბანდა, რომელთაც მხოლოდ დანაშაული აერთიანებდათ"