,,მსწრაფლშემსმენელი" - კვირის პალიტრა

,,მსწრაფლშემსმენელი"

ათონის მთაზე ყველაზე მძაფრად იგრძნობა მართლმადიდებლობის მაჯისცემა. ალბათ, ამიტომაც უწოდებენ მას მართლმადიდებლური სამყაროს გულს და ამიტომაც მიაგებენ განსაკუთრებულ პატივს მორწმუნენი. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საყვარელი სამყოფელი ეკლესია-მონასტრებითაა მოფენილი და უამრავი სასწაულმოქმედი ხატით განდიდებული. მათ შორისაა ქალწულ მარიამის მსწრაფლშემსმენელი ხატი, რომელიც ათონის მთაზე, დოქიარის მონასტერშია დაბრძანებული.

ძველთაგანვე ხატს ადგილი საძმოს სტრაპეზოს კედელზე, კართან, მიუჩინეს. ამ ადგილას ყოველდღიურად უწევთ გავლა მონასტრის საძმოს წევრებს, მაგრამ ყველაზე ხშირად მაინც ის ბერი დადის, რომელიც ტრაპეზარის მოვალეობას ასრულებს.

1664 წელს ტრაპეზარმა ნილოსმა ჩაუარა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატს, ჩვეულებისამებრ, ანთებული კვარით ხელში. და შემოემა ხმა: "აქ ნუღარ გაივლი ანთებული კვარით და ნუ ჭვარტლავ ჩემს სახეს!" ნილოსს ეგონა, რომ სულიერი ძმები გაეხუმრნენ, ამიტომაც ყურადღება არ მიუქცევია მომხდარისათვის და კვალავ ძველებურად, ანთებული კვარით ხელში, დადიოდა ხატის წინ. ერთხელაც კვლავ მოემა: "ბერო უღირსო, კიდევ დიდხანს აპირებ ასე უდარდელად და უდიერად მიხრჩოლო?!"და ნილოსმა მხედველობა დაკარგა. ახლაღა მიხვდა, რომ უდიერად ეპყრობოდა ხატს, რომ არ შეისმინა ღვთისმშობლის გაფრთხილება და რომ სწორედ ამის გამო მოიწია მასზე ასეთი სასჯელი. ამიტომაც მორჩილებით მიიღო განსაცდელი-სიბრმავე, რომელსაც თვალების მტანჯველი ტკივილიც ახლდა თან, და გულმოდგინედ ევედრებოდა მოწყალე დედოფალს შენდობას.

ვისი ვედრება დაუტოვებია უყურადღებოდ ყოვლადწმინდა ქალწულს, რომ ნილოსისა არ შეესმინა. ერთ დღესა მონანულ ბერს მოესმა ხმა: "ნილოს, შესმენილია შენი ლოცვა, გეპატია ცოდვა. მხედველობაც დაგიბრუნდება. აცნობე ძმებს, რომ მე მათი მფარველი და სავანის მცველი ვარ. დაე, ყველა მართლმადიდებელმა ქრისტიანმა ილოცოს ჩემი ხატის წინაშე გაჭირვებისას და მე არავის მივატოვებ-ვინც ღვთისმოსაობით მომმართავს, ყველას შუამდგომელი ვიქნები და ძე და ღმერთი ჩემი შეიმენს ჩემს ლოცვას. ასე რომ, დღეიდან ჩემს ამ ხატს "მსწრაფლშემსმენელი" ეწოდება, რამეთუ ყოველთა მვედრებელთა მოვუვლენ წყალობას და მათ თხოვნას შევისმენ".

ასე გაჩნდა კიდევ ერთი იმედის ძაფი წუთისოფლის ლაბირინთში-ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა თავად უწოდა საკუთარ ხატს "მსწრაფლშემსმენელი" და ამით ნათელი გახადა, რამხელა მეოხი გვყავს წინაშე ღვთისა მისი სახით.

ეს ამბავი ელვის სისწრაფით მოედო მთელ ათონს. ბერებმა ხატის სამყოფელს გალავანი შემოავლეს და მისგან მარჯვნივ მისი სახელობის ტაძარიც ააგეს.

მას შემდეგ უხვად მოედინება წყალობა ამ სასწაულმოქმედი ხატიდან-რამდენი სნეული განუკურნავს, რამდენი სასოწარკვეთილი უხსნია. . . ეხმარება ყველას, ვინც რწმენითა და სასოებით მიმართავს დასახმარებლად.

2005 წლის 12 მაისს, ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეს, ათონის მთიდან საქართველოში ჩამოაბრძანეს დოქიარის მონასტრის ბერების მიერ დაწერილი მსწრაფლშემსმენელის ასლი. იმ დღიდან ეს ხატი სამების საკათედრო ტაძარშია დაბრძანებული და უამრავ სასწაულს აღასრულებს.

ყოვლადწმინდა დედოფლის მსწრაფლშემსმენელი ხატი შეწეოდეს მსწრაფლად ყველა გაჭირვებულსა და უსასოოს, ჩვენს ქვეყანასა და ოჯახებს… მსწრაფლად განდევნოს ყოველგვარი განსაცდელი თუ სნეულება…და დაგვიბრუნოს სიყვარულისა და მიტევების ნიჭი.