ვანო ჯავახიშვილი - ეს ყველაფერი ტყუილია, მართლა ტყუილია!..
მოგეხსენებათ, გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე პაროდისტმა გიორგი აფციაურმა "რუსთავი 2"-ის "კომედი ჯგუფში" არსებულ გაუსაძლის პირობებზე ისაუბრა. გიორგი ვანო ჯავახიშვილს და მის "თანამზრახველებს" "პოლიტიკური იუმორის" და კონკრეტულად, პრეზიდენტის პაროდიის "დაბლოკვაში" სდებს ბრალს. აფციაურის თქმით, მას პრეზიდენტის პაროდიის კეთება არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე აუკრძალეს, ნიკა გრიგოლიას კი სამსახურიდან გაგდება არ აკმარეს და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ამ ამბავთან დაკავშირებით, კომენტარი თავად ვანო ჯავახიშვილს და ნიკა გრიგოლიას ვთხოვეთ...
ვანო ჯავახიშვილი:
- 2011 წლის დეკემბრის მერე, გიორგი აფციაური ჩვენი გუნდის წევრად აღარ მოიაზრება. მასთან შეხება არ გვქონია. რომელ "არჩევნებამდე ადრეს" გულისხმობს, უბრალოდ გამახსენოს. ალბათ, "პიარი" სჭირდება, რადგან ქართლოს ნატროშვილმა აფციაურის პერსონა აბსოლუტურად დაჩრდილა. გადაწყვიტა, ისევ პოპულარული გახდეს, მაყურებლების ყურადღება მიიპყროს. ჩვენს მიმართ აფციაურის ბრალდებები მთლიანად მოგონილია. შემიძლია, ოჯახის ყველა წევრი დავიფიცო, რომ ცხოვრებაში არავინ "დაგვიბლოკავს"! ეს სკანდალი თავის დროზე (2011 წლის ნოემბერში) მან მოიფიქრა: პროექტი "თქვენი შოუ" ჩვენმა გუნდმა შექმნა. გიორგი აფციაური დავიხმარეთ, რომელიც ჩვენი გუნდის წევრი გახლდათ, ახლო მეგობრადაც მივიჩნევდით. "თქვენი შოუ" "შევფუთეთ", წამყვანები შევარჩიეთ, სცენარი დავწერეთ... ამ გადაცემის ფორმატი ჩვენ მოვიფიქრეთ. ასე რომ, როცა ამბობს, თითქოს "თქვენი შოუ" მისი პროექტია, პირდაპირ გეტყვით, რომ იტყუება. "თქვენი შოუ" შევქმენით, რამდენიმე თვეში კი აფციაურმა გადაწყვიტა, მთლიანად ეს პროექტი და მისი ბიუჯეტი (რომელიც არც ისე დიდი იყო) ცალკე "გაეტანა" და მარტოს ეკეთებინა... მანამდე აბსურდული სკანდალი მოიფიქრა, რომ თითქოს ჩვენ მას "ვბლოკავდით". როცა "თქვენი შოუ" უკვე ეთერში იყო, დირექტორთან სკანდალი "დათესა". ადგა და მთელი პროექტი (გუნდიანად, ბიუჯეტიანად) ცალკე გაიტანა. რაც მან ჩაიდინა, ძალიან ცუდი საქციელია. აბსოლუტური დამოუკიდებლობა მივეცით, რადგან ზედმეტი სკანდალები არ გვჭირდებოდა. თან, "თქვენი შოუ" ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი პროექტი არ ყოფილა. უბრალოდ, გვინდოდა, "რუსთავი 2"-ზე ყოფილიყო. ჩვენი წამყვანები დავტოვეთ, რომლებიც ცოტა ხანში გიორგიმ პროექტს ჩამოაცილა. აფციაური რომ ამბობს, თითქოს რაღაც სექტის წარმომადგენელი და სამსახურში დიქტატორი ვარ, ჩემი აზრით, ამ მიმართულებით თავად მუშაობდა. მთელი გუნდი ამიტომაც დაეშალა. ჩვენგან თანამშრომლები უკეთესი პირობების პერსპექტივის მიზეზით წავიდნენ, ხოლო მისგან - არანორმალური რეჟიმის გამო, რომელშიც თანამშრომლებს ამყოფებდა... იუმორს "ვაკეთებთ" და გადაცემის რეიტინგზე დირექტორთან პასუხისმგებლები ვართ. არავის "ვბლოკავთ" - თანამშრომლებს სრული თავისუფლება აქვთ. მთავარია, შინაგანაწესი არ დაარღვიონ, როგორც თემო მჟავიას შემთხვევაში მოხდა: გაუფრთხილებლად, საზღვარგარეთ წავიდა. დისციპლინის დარღვევის გამო, დროებით ხელფასი შევუმცირეთ. ერთ-ერთი დირექტორი თქვენ რომ ყოფილიყავით, თავადაც ასე მოიქცეოდით.
- ნიკა გრიგოლიასთან დაკავშირებულ ინციდენტზე რას გვეტყვით?
- მას ქვისლთან პირადი უთანხმოება ჰქონდა. ამ ინციდენტს სამსახურთან შეხება არ ჰქონია. გრიგოლია ამ ამბის მერე არ
გაგვიშვია. კიდევ კარგა ხანს იმუშავა. მისი გათავისუფლება შემდეგ მოხდა, როცა "რუსთავი 2"-ზე პატარა ფინანსური კრიზისი იყო... დასამალი არავისთან არაფერი მაქვს. აფციაურმა აქუბარდიას ეთერში დებატები შემომთავაზა და უარი ვითხარი, რადგან ეს გიორგისთვის ზედმეტი პოპულარობა იქნება და შეიძლება, აწყინოს. აქუბარდია ჩემს გადაცემაში არ მოდის. შესაბამისდ, მის გადაცემაში დაჯდომას არ ვაპირებ.
- სხვა ეთერში გიორგი აფციაურთან დებატებს დათანხმდებით?
- არა, რადგან მასთან გასარკვევი არაფერი მაქვს. უკვე წელიწად-ნახევარია, რაც მასთან შეხება არ მქონია - არც ხმა გამიცია, არც ტელეფონით დავლაპარაკებივარ... აბსურდი ვარკვიო? ღმერთია მოწმე, რომ მისი ბრალდებები სიმართლეს არ შეესაბამება. ეს ყველაფერი ტყუილია, მართლა ტყუილია!..
ნიკა გრიგოლია:
- არ მინდა, ვინმემ ისე გაიგოს, თითქოს ვიღაც მანქანით დამხვდა და მირტყა ან სამსახურში შემიყვანეს და "მირახუნეს". პატარა ინციდენტი, შეხლაშემოხლა იყო. აფციაურმა ამის შესახებ თქვა - სისულელე არ მოუგონია. პატარა შეკამათება, რაღაც ჩხუბივით მოგვივიდა...
- ვისთან?
- ამაზე დეტალურად საუბარი არ მინდა. სადღაც წავიკითხე, ნიკა გრიგოლია ცემის ფაქტს ადასტურებსო. "ცემას" ნუ დავარქმევთ...
-"სექტა, რომელიც ადამიანების ტვინებში ღიმილით და სიცილით აღწევს და ანაგვიანებს" - გიორგი აფციაურის ამ ფრაზაზე რას ფიქრობ?
- არც ერთი გადაცემა ცუდი არაა. არც გიორგი ამბობს, რომ რომელიმე ცუდია. ის ამბობს, რომ არიან კონკრეტული ადამიანები, რომლებიც "რაღაცას" აკეთებენ... შიდა "რაღაცებზე" ლაპარაკობს. როგორ ვთქვა, რომ "კომედი შოუ" ცუდია? მე რომ წამოვედი, ცუდი ახლა გახდა?! იქ ბევრი კარგი ადამიანი მუშაობს, თუმცა ისეთი ხალხიც არის, ვისთანაც არ ვმეგობრობდი, ურთიერთობა დამეძაბა...
- "პოლიტიკური იუმორისთვის" ტაბუს დადების შესახებ მართლა საუბრობდნენ?
- ეს პირველად არ მესმის. გიორგიმ ადრეც იგივე მითხრა. ამას წინათ შემხვდა და მკითხა: ის ამბები გახსოვსო? - მახსოვს-მეთქი, - ვუპასუხე. აბა, ადამიანისთვის "არა" როგორ მეთქვა, იმის გამო, რომ ძველ მეგობრებს არ სწყენოდათ? თავად არ შევსწრებივარ, რომ ვანო ჯავახიშვილს ეთქვას, - ტაბუ დავადოთო. გიორგიმ მითხრა, რომ პრეზიდენტის პაროდიას ტაბუ დაადეს. არა მგონია, იტყუებოდეს. ამ კაცს ასეთად არ ვიცნობ. ვმეგობრობთ... ბოლო დროს, ხშირი ურთიერთობა არ გვქონია. რამდენჯერმე შევხვდი, ნაწყენი იყო. რამდენიმე დღის წინ შემხვდა და მითხრა, რომ რაღაც სათქმელი დაუგროვდა. სიმართლის დამალვა აღარ მინდაო, ამბობდა...
ეთო ყორღანაშვილი (სპეციალურად საიტისთვის)