"უფალო, გაამთლიანე ჩემი საქართველო!" - კვირის პალიტრა

"უფალო, გაამთლიანე ჩემი საქართველო!"

გაბრიელ ჩაჩანიძე ძნელბედობისას ეკლესიის პირადად განმამტკიცებელი

ერის ისტორიაში არსებობდნენ ადამიანები, რომელთა ცხოვრება, ღვაწლი და ეროვნული სულისკვეთება ხელოვნურად იჩქმალებოდა ტოტალიტარული რეჟიმის სპეცსამსახურების მიერ. ამიტომ მათი ამაგი ჯეროვნად არ არის შესწავლილი და წარმოჩინებული. შესაბამისად, ნაკლებად არიან ცნობილი ფართო საზოგადოებისთვის. ასეთ მოღვაწეთა შორისაა გაბრიელ ზაქარიას ძე ჩაჩანიძე, რომელმაც მიუხედავად ხანმოკლე სიცოცხლისა (1901-1956 წწ.) შეძლო ღირსეული კვალი დაეტოვებინა როგორც საერო, ისე სასულიერო ცხოვრებაში.

გაბრიელ ჩაჩანიძე დაიბადა 1901 წლის 1-ელ იანვარს გორის მაზრის სოფელ ერთაწმინდაში (ახლანდელი კასპის რაიონი). 1913 წელს შევიდა თბილისის სასულიერო სემინარიაში, 1915 წელს 14 წლის ყმაწვილი, ჯერ კიდევ სემინარიის მსმენელი, თბილისის მიტროპოლიტ ლეონიდეს (ოქროპირიძე) კურთხევითა და უშუალო დავალებით სემინარიელ მეგობრებთან, ალექსანდრე დათუკიშვილსა და გრიგოლ ფერაძესთან (შემდგომში ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხული) ერთად სათავეში ჩაუდგა მეტეხის ხიდის ქვეშ წმინდა აბო თბილელის ეკლესიის მშენებლობისთვის შემოწირულობის შეგროვებას. სამივე მათგანი გულზე ჩამოკიდებული შესაწირი ყუთებით დადიოდა დედაქალაქის ქუჩებში და მოსახლეობას აცნობდა თბილისის მფარველი წმინდანის თავგანწირვისა და მოწამეობრივი აღსასრულის ამბავს. სამწუხაროდ, ტაძრის მშენებლობას ხელი შეუშალა 1917 წლის რევოლუციამ.

1921 წელს გაბრიელ ჩაჩანიძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტზე ჩაირიცხა ისტორიის სპეციალობით, რომლის დასრულების შემდეგ, როგორც წარჩინებული სტუდენტი, კათედრაზე ასპირანტად დატოვეს. მისი მასწავლებლები იყვნენ კორნელი კეკელიძე, ივანე ჯავახიშვილი, გიორგი ჩუბინაშვილი, სიმონ ყაუხჩიშვილი, გრიგოლ წერეთელი. 1942 წელს უნივერსიტეტში დაიცვა დისერტაცია თემაზე "ალექსანდრე მაკედონელის იბერიაში ლაშქრობის საკითხისათვის". მისი სამეცნიერო ოპონენტები იყვნენ მათე ალექსიშვილი, გიორგი გოზალიშვილი და სიმონ ყაუხჩიშვილი. სამეცნიერო საბჭომ გაბრიელ ჩაჩანიძეს მიანიჭა ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატის, ხოლო ორი წლის შემდეგ - დოცენტის წოდება. დაჯილდოებული იყო მედლით "შრომითი მამაცობისათვის 1941-1945 წლებში".

გაბრიელ ჩაჩანიძის სტუდენტები იყვნენ ლადო ასათიანი, ლევან სანიკიძე, გიორგი მჭედლიძე და სხვ. მას შემდეგ, რაც ქვეყანაში საგანმანათლებლო კერების რაიონებში გახსნის საკითხი დადგა, გაბრიელ ჩაჩანიძე არ მორიდებია პერიფერიაში გადასვლას. სხვადასხვა დროს მუშაობდა ქუთაისის, თელავის, გორის უმაღლეს სასწავლებლებში. არცთუ იშვიათად საკუთარი ხარჯებითვე აფინანსებდა საისტორიო-კვლევით ექსპედიციებს და აქტიურად მონაწილეობდა მათში, იღვწოდა ქართული პოლიფონიური სიმღერებისა და საგალობლების აღსადგენად და გადასარჩენად. მის სახელს უკავშირდება არაერთი მივიწყებული და დაკარგული საგალობლის აღმოჩენა-აღდგენა. ქმნიდა სამეცნიერო შრომებს, პრაქტიკულ დახმარებას უწევდა ივანე ჯავახიშვილს წიგნის "ქართლის ცხოვრების" გამოცემაში (რაც არაერთხელაა აღნიშნული ივანე ჯავახიშვილის მემუარებსა და ოფიციალურ ჩანაწერებში), უანგაროდ მონაწილეობდა ქართული საისტორიო-ეთნოგრაფიული საზოგადოების საქმიანობაში.

XX საუკუნის 40-იანი წლების ბოლოს, მეორე მსოფლიო ომგადახდილ საქართველოში საბჭოთა რეჟიმის მიერ შევიწროებული ქართული ეკლესია სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდა. რეპრესირებული ან ფიზიკურად განადგურებული იყო სასულიერო პირების უმრავლესობა, ეკლესია-მონასტრები - დანგრეული ან ფუნქციაგამოცვლილი, ხოლო ეპარქიების უმეტესობა - დახურული. წირვა-ლოცვა მხოლოდ თბილისის რამდენიმე ტაძარში ტარდებოდა და ქვეყანაში სულ ხუთიოდე მღვდელთმთავარი იყო შემორჩენილი. დედაეკლესიისთვის ასეთ რთულ პერიოდში გაბრიელ ჩაჩანიძემ ყველასთვის მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო: დატოვა უნივერსიტეტის კათედრის გამგის კაბინეტი, პერსპექტიული სამეცნიერო კარიერა და 1948 წელს ბერად აღიკვეცა. ასე ითხოვდა ქვეყნის ინტერესები და მანაც მიუხედავად მოსალოდნელი რეპრესიებისა და დევნისა (რასაც მთელი საეკლესიო ცხოვრების გზაზე მწვავედ განიცდიდა), დოცენტის პორტფელი ბერის უბრალო კაბაზე გაცვალა და უზრუნველყოფილ ცხოვრებას საეკლესიო ყოფის ურთულესი გზა არჩია.

1948 წლის აგვისტოში გაბრიელი ეკურთხა დიაკვნად, ერთი წლის შემდგომ წელიწადს აიყვანეს დეკანოზის ხარისხში და ბერად აღიკვეცა. 1951 წლის 15 თებერვალს აკურთხეს ეპისკოპოსად და დაინიშნა ალავერდის ეპისკოპოსად. პარალელურად განაგებდა ბოდბის ეპარქიას. 1953 წლის დასაწყისში ბათუმ-შემოქმედისა და ჭყონდიდის ეპისკოპოსია, ხოლო 1953 წლის 29 ოქტომბერს ქუთათელ-გაენათელ ეპისკოპოსად დაინიშნა.

თვითმხილველთა გადმოცემით, გაბრიელ ჩაჩანიძის ლექციაცა და ქადაგებაც იმ ეპოქისთვის დიდი გმირობის ტოლფასი იყო, რადგან საქართველოს ისტორიას გადმოსცემდა არა ისე, როგორც ცენზურა ითხოვდა, არამედ პირუთვნელად და ობიექტურად. ამიტომ მისი ქადაგების დროს ტაძრები მრევლს ვერ იტევდა, ისევე როგორც მის ლექციაზე სტუდენტებს - აუდიტორია. გაბრიელ ჩაჩანიძე ყოველთვის მძიმედ განიცდიდა დედასამშობლოსგან მოწყვეტილი ტაო-კლარჯეთის, ლორესა და საინგილოს ბედს, ოცნებობდა მათ დაბრუნებაზე. მისი საქმიანობა და ეროვნული სულისკვეთება პრინციპულად ეწინააღმდეგებოდა საბჭოთა რეჟიმის იდეოლოგიას, ამიტომ მას მუდამ ებრძოდა პარტიული ნომენკლატურა და ე.წ. ჩეკა. ეს დაპირისპირება თუ მიტროპოლიტ გაბრიელის მხრიდან მხოლოდ იდეოლოგიით იფარგლებოდა, ჩეკა ყოველგვარ ძალისმიერ, დაუნდობელ და უღირს მეთოდებს მიმართავდა.

ცნობილია, რომ წირვის დროს მას ტაძარში შეუვარდნენ შეიარაღებული ჩეკისტები და სროლა ატეხეს, თუმცა მრევლი გადაეფარა, მეუფე საკურთხეველში შეაბრძანეს და ასე გადაარჩინეს მტრის ტყვიას. ჩეკისტები იძულებული გახდნენ, იქაურობას გასცლოდნენ. ამის შემდეგ ღამით, ტაძრიდან წამოსულ მეუფეს დაედევნა შეიარაღებული დაქირავებული მკვლელი ქალი (ვითომ ქვრივი, მათხოვრებთან თავშეფარებული). მაშინაც და კიდევ რამდენიმე თავდასხმის დროსაც გაბრიელი მრევლის ერთგულმა წევრებმა იხსნეს, რომლებიც საკუთარი ნებით დაყვებოდნენ თან და მოსალოდნელი თავდასხმისაგან იცავდნენ მოძღვარს. საშობაო წირვის დროს კი მის საცხოვრებელ სახლში ჩეკას მიგზავნილი ბოშათა ჯგუფი შეიჭრა. ბოშებმა პროვოკაციულად, ხალხის თვალწინ დაამტვრიეს ყველაფერი და სახლი გაძარცვეს.

ერთხელ, მრევლში შეგზავნილმა მოხუცმა, შვილმკვდარმა ქალმა საზიარებლად მიართვა შავი ღვინო და დაჟინებით სთხოვა გაესინჯა. მეუფემ ერთი ყლუპი დალია და ორ კვირას იავადმყოფა, ძლივს გადაარჩინა მეგობარმა ექიმმა. ღვინო მედიცინისთვის უცნობი შხამით აღმოჩნდა მოწამლული, ხოლო ის ქალი მრევლში აღარავის უნახავს. აღსანიშნავია, რომ არც ერთ ზემოთ მოყვანილ ფაქტზე რეაგირება არც ხელისუფლების, არც სამართალდამცავების მხრიდან არ ყოფილა. ყველაფერ ამას მუდამ თან სდევდა საქართველოს პატრიარქისა და სინოდისადმი მიმართული უსაფუძვლო, ცილისმწამებლური, განუწყვეტელი ანონიმური საჩივრების ნიაღვარი.

მიუხედავად მუდმივი ზეწოლისა, თავდასხმებისა და დევნისა, გაბრიელ ჩაჩანიძემ ყველგან, სადაც თუნდაც მცირე ხნით მსახურობდა, დიდი სამუშაო გასწია დედაეკლესიის გასაძლიერებლად. ალავერდის ეპარქია მის ეპისკოპოსად დანიშვნამდე ფაქტობრივად უმოქმედო იყო. გაბრიელმა მისვლისთანავე წარმართა ძირფესვიანი რეფორმა, აღადგინა წირვა-ლოცვა ყველა ტაძარში, რესტავრაცია გაუკეთა ტაძრებს, საკუთარი არხებით გამოძებნა ალავერდის ტაძრის სარესტავრაციო თანხა. ასევე მნიშვნელოვანი და დიდი რეფორმები მოახდინა ცხუმ-აფხაზეთისა და ბათუმ-შემოქმედის ეპარქიებში. უშუალოდ მისი ძალისხმევითა და პარტიულ ნომენკლატურასთან დიდი დაპირისპირების შედეგად მოხერხდა მოწამეთის ტაძრის რესტავრაცია, მასში წირვა-ლოცვის აღდგენა და ქუთაისის მხარეთმცოდნეობის მუზეუმიდან წმინდა დავით და კონსტანტინე მხეიძეების ნეშთის ტაძარში გადასვენება. ამ საკითხზე ის ძალიან მწვავედ დაუპირისპირდა ადგილობრივ ხელისუფლებას და განსაკუთრებით მის ხელმძღვანელ გრიგოლ ნარსიას.

მიტროპოლიტმა გაბრიელმა აღკვეცა ბერად შემდგომში ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხილი ბერი გაბრიელ (გოდერძი) ურგებაძე. მეუფე გაბრიელს ახლო ურთიერთობა ჰქონდა რუსეთის პატრიარქ ალექსი პირველთან და სასულიერო აკადემიის რექტორ ნიკალაი კრუტიცკისთან. საქართველოს საპატრიარქოს ეგიდით მონაწილეობდა მრავალ საერთაშორისო კონფერენციაში და საეკლესიო თავყრილობაში. მათ შორის ბულგარეთში, რუსეთსა და რუმინეთში გამართულ საეკლესიო თათბირებში. 1951 და 1952 წლებში სიტყვით გამოვიდა მოსკოვში მშვიდობის მომხრეთა საერთაშორისო მეორე და მესამე ყრილობაზე.

არაერთი საინტერესო გადმოცემა არსებობს იმ სასწაულების შესახებ, რომლებიც მიტროპოლიტ გაბრიელის მხურვალე ლოცვის შედეგად უფალმა მრევლს მოუვლინა. ერთ-ერთი, რომელიც ქუთაისში მრევლის ხანდაზმულ წევრებს დღესაც ახსოვთ, ასეთია: იმ წელიწადს იმერეთში ძალიან გვალვიანი ზაფხული იყო. გაუჭირდა გლეხობას, გადახმა ნათესები. შეწუხებულმა ხალხმა საშველად მეუფე გაბრიელს მიმართა. მეუფემ ხალხი დაამშვიდა და მეორე დილით ელიაობის (ელია წინასწარმეტყველის ხსენების დღის) წირვაზე დაიბარა.

დილიდან მართლაც უამრავი ხალხი მოაწყდა ტაძარს. მრევლში მრავლად იყვნენ სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი ჩეკისტები, რომლებიც მოუთმენლად ელოდნენ წირვის დამთავრებას, რათა გაწბილებული მრევლი აბუჩად აეგდოთ. აგვისტოს თვის დასაწყისში (2 აგვისტო) დილიდან საშინელი ხვატი იდგა და ცაზე არათუ საწვიმარი, ღრუბლის პატარა ფთილაც კი არ ჩანდა.

მეუფემ ჩვეული გულმოდგინებითა და სიდინჯით დაიწყო წირვა. მოხდა სასწაული... როგორც კი წირვის დამთავრებისას მრევლმა ერთხმად წარმოთქვა "ამინ", მოწმენდილ ცაზე გაისმა ქუხილის ხმა და მოულოდნელად გაჩენილი სქელი ღრუბლებიდან მართლაც წამოვიდა წვიმა, მაგრამ ისეთი ძლიერი, რომ ადიდებულმა რიონმა ჩეკას ერთ-ერთ კანტორას ძირი გამოუთხარა და წაიღო. დაბნეულმა ჩეკისტებმა თბილისში აფრინეს საჩივარი: "მიტროპოლიტმა გაბრიელმა კანტორა დაგვინგრია, ილოცა და ისეთი წვიმა მოიყვანა, სახელმწიფო ქონება გაანადგურა. ნება მოგვეცით დავიჭიროთ და პასუხისგებაში მივცეთო". მაგრამ დედაქალაქში დაფიქრდნენ და მიხვდნენ, რომ ეს სარჩელი ღმერთის აშკარა აღიარებამდე მიიყვანდათ და სასწრაფოდ გააუქმეს.

1956 წლის 3 ივლისს მიტროპოლიტი გაბრიელი საეჭვო სიტუაციაში გარდაიცვალა. დაკრძალულია სიონის ტაძრის ეზოში. მისი გარდაცვალება დღესაც ბურუსითაა მოცული. არქივებში მოძიებულ ცნობებში გარდაცვალების მიზეზად დასახელებულია ღვიძლის კიბო, მაგრამ ანალიზების პასუხები და პაციენტის ჩივილები რადიკალურად ეწინააღმდეგება დიაგნოზს, რაც საფუძვლიან ეჭვს ბადებს. ეჭვს აძლიერებს ისიც, რომ მეუფის გარდაცვალებისთანავე მის სახლში ჩეკამ ძირფესვიანი ჩხრეკა მოაწყო და მისი ხელნაწერები, ნაშრომები, ფოტოები, დოკუმენტები და ბიბლიოთეკაც კი, სატვირთო მანქანებით წაიღეს (სავარაუდოდ გაანადგურეს, რადგან არც ერთ არქივში, მათ შორის არც უშიშროების სამსახურის არქივში არ ინახება). გარდა ამისა, ყველგან, სადაც საარქივო მასალებია დაცული, იგრძნობა, რომ მის შესახებ თითქმის ყველა დოკუმენტი მიზანმიმართულადაა განადგურებული (სავარაუდოდ, ამაზეც სპეცსამსახურებს მიუწვდებოდათ ხელი).

ყველგან, სადაც გაბრიელ ჩაჩანიძე მოღვაწეობდა, მაღალი ინტელექტისა და ნიჭის წყალობით სწრაფად აღწევდა წარმატებას, აღიარებასა და გულწრფელ სიყვარულს. სასულიერო და სამეცნიერო წრეებში მას იცნობდნენ და პატივს სცემდნენ, როგორც განათლებულ, პრინციპულ და ამავე დროს უზომო სიკეთითა და სიყვარულით აღსავსე, საქართველოზე უზომოდ შეყვარებულ ადამიანს, რომელიც ყოველი დილა-საღამოს ლოცვებს ასე იწყებდა: "უფალო, გაამთლიანე ჩემი საქართველო!"

ანდრო ჩაჩანიძე

ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალი ”ისტორიანი”