ბიძინა, მოგვეცი ფული! - იპოთეკარები აღდგომისთვის თავის დაწვით იმუქრებიან - კვირის პალიტრა

ბიძინა, მოგვეცი ფული! - იპოთეკარები აღდგომისთვის თავის დაწვით იმუქრებიან

უკვე ერთი თვეა, რაც საქართველოს პრემიერის რეზიდენციასთან მევახშეებისაგან დაზარალებული იპოთეკარები შიმშილობენ. შვიდი იპოთეკარიდან შიმშილობა სამმა მათგანმა შეწყვიტა, ოთხი კი შიმშილობის შეწყვეტაზე კატეგორიულ უარს ამბობს ვიდრე მათი მოთხოვნები არ შესრულდება. ისინი იპოთეკართა იმ მრავალათასიან არმიას მიეკუთვნებიან, რომლთაც თავის დროზე ბანკებში აღებული კრედიტი ვერ გადაიხადეს და ბანკების ვალის დასაფარად სესხი კერძო მევახშეებისგან აიღეს, რაშიც გირაოდ საკუთარი სახლები ჩადეს. აღნიშნულმა მევახშეებმა კი მათი სახლები ასევე ვალების გადაუხდელობის გამო კანონის ძალით ან გაყიდეს, ან მიისაკუთრეს.

ამჟამად უსახლკაროდ დარჩენილი იპოთეკარები რეზიდენციასთან, ტროტუარზე შიმშილობენ და ღამესაც იქვე ათევენ. ამით ისინი, მათივე თქმით, თავად პრემიერსა და მასთან მისულ ოფიციალურ პირებს აიძულებენ, რომ იპოთეკარებისათვის არჩევნებამდე მიცემული პირობა შეასრულონ და მათ შეღავათიან პირობებში მისცენ საბანკო სესხები, რითაც მევახშეებს ვალებს გადაუხდიან და თავიანთ საცხოვრებელ სახლებს დაიბრუნებენ. იქვე ხელდახელ შეკოწიწებული ტრანსპარანტები იუწყებიან, რომ იპოთეკართა შიმშილობის დაწყებიდან უკვე ერთი თვეზე მეტია გასული. აქვეა დახვავებული გამაგრილებელი ( კოკა-კოლა, ნატახტარი და ა. შ) და მინერალური წყლის ცარიელი ბოთლები და სიგარეტის კოლოფები.

ანუ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენში მრავალი წლის მანძილზე ადაპტირებული, ტრადიციული ქართული შიმშილობის სურათთან გვაქვს საქმე. მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ მოშიმშილეებს ნათესავ-მეგობრებიც სტუმრობენ. თუმცა არის რაღაც, რითაც ეს შიმშილობა რადიკალურად განასხვავონ ყველა აწ უკვე ჩავლილი საპროტესტო შიმშილობებისგან. ეს რაღაც ჟურნალისტების თანდასწრებით უკვე სცადა მოშიმშილე ირინა მღვდელაძემ, - მივიდა პრემიერის სახლის შესასვლელ კართანა, წინასწარ მომზადებული ბენზინით სავსე "კანისტრა" თავზე დაიცალა და საწვავი მთელ სხეულზე გადაისხა და სანთებელაც გაკრა. სანთებელა არ აინთო. ამასობაში მოშიმშილეს გულშემატკივრები მისცვივდნენ და სანთებელა წაართვეს. ირინა მღვდელაძის ბინა მისივე ვაჟმა თვითნებურად, დედის ფარულად ჩადო იპოთეკაში. როცა ქალბატონ ირინას კარზე იპოთეკარი მიადგა და სახლის დაცლა მოსთხოვა, მან თავსდატეხილი უვბედურების ამბავი მხოლოდ მაშინ გაიგო. ინციდენტი ამით არ იწურება, - დღეს უკვე მოშიმშილე მზია ჯიბლაძეც აცხადებს, რომ ის ჟურნალისტებს არ დაელოდება იმავეს მარტო გააკეთებს და ამჯერად სანთებელაც აუცილებლად აინთება.

მზია ჯიბლაძე:

"სხვა არაფერი დამრჩენია თავის დაწვის გარდა, დავიწვავ თავს და უნდა შანტაჟი დაარქვას ივანიშვილმა უნდა, - შოუ. ჩემი სახლი ავჭალაში უკვე იპოთეკარს აქვს ნაყიდი. ამ სახლში ბავშვებიანად ცხრა სული ვცხოვრობთ და იპოთეკარი ყოველდღე მეუბნება, სახლიდან ნებით თუ არ გამოხვალთ, ძალით გამოგყრითო. შვილიშვილები თუ ძალით გამომიყარეს სახლიდან, რაღად მინდა სიცოცხლე?!"

დანარჩენი იპოთეკარები ჯერჯერობით არ აპირებენ თავის დაწვას, თუმცა პირადად პრემიერისაგან ითხოვენ, რომ ბანკები აიძულოს, რათა მათ შეღავათიან სესხები მისცეს, რათა ამ ფულით მევახშეები გაისტუმრონ.

მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში კი ადგილიდან ფეხის მოცვლას არ აპირებენ.

"სწორედ პრემიერი იყო, არჩევნებამდე რომ გაიძახოდა, ხალხი მევახშეებმა უსახლკაროდ დატოვეს და როცა ხელისუფლებაში მოვალთ, აუცილებლად მივეხმარებიო. ჩვენ სწორედ ის ხალხი ვართ, რომელიც ქართულ ოცნებას ემსახურებოდა და ეგენი ხელისუფლებაში მოვიყვანეთ. ახლა აღარ ვჭირდებით?! ან დაგვეხმაროს, ან ჩვენ არსად წამსვლელი არ ვართ, მაინც ქუჩაში ვართ დარჩენილები და მისი რეზიდენციის წინ დავიხოცებით" - დაბეჯითებით იმუქრება ერთ-ერთი მათგანი. თავად პრემიერი კი ბიზნესის ლოგიკას იშველიებს, - ადამიანურად ძალიანაც მინდა ჩემი რეზიდენციის წინ მოშიმშილე ადამიანების პრობლემები მოვაგვარო, მაგრამ როგორც კი ამ რეციდივს დავუშვებთ, ზოგადად ყველა იპოთეკარი ბანკებს მიადგება და ეს კი შეუძლებელიაო.

მაგრამ მოშიმშილეებს ამის გაგონებაც არ უნდათ. ისინი მიიჩნევენ, რომ პრემიერისთვის სიტყვა "შეუძლებელი" არ უნდა არსებობდეს, მით უფრო მაშინ, როცა საქმე "ქართული ოცნების" წევრებს ეხება. მათივე თქმით, სახელმწიფოში დაახლოებით 70 ათასი დაზარალებული იპოთეკარი არსებობს. მათ დასახმარებლად დაახლოებით 270 მილიონი ლარია საჭირო და ეს არც ისე ბევრი თანხაა, რომ სახელმწიფომ იმ მოქალაქეებისათვის ვერ გაიმეტოს, რომელთაც ისინი ხელისუფლებაში მოიყვანეს.

მთვარისა ქაჯაია:

"დიახ, ჩვენ მოვიყვანეთ ეს ხელისუფლება და მაშინაც გვპირდებოდნენ, რომ იპოთეკარების ხელიდან დაგვიხსნიდნენ და ახლაც გვპირდებიან თუ რომელიმე მათგანი გამოვიჭირეთ - თქვენ რომ გინდათ ისე იქნება ყველაფერი, ბანკებს მოვთხოვთ, რომ შეღავათიანი კრედიტები მოგცეთო. მაგრამ დანაპირების ასრულებას არც ერთი არ აპირებს. მერე აქ ამოგრიალდებიან მანქანებით და ჩვენკენ აღარც იხედებიან. ჩვენ ამას ასე არ დავტოვებთ. ხალხი ისეა გაუბედურებული, ზოგმა უკვე თავი მოიკლა. ზოგს აწი გამოყრიან და აწი ისინი მოიკლავენ თავს. მოგვცენ სესხები, რომ ამ მევახშეებს მივაშაოთ და საკუთარ ჭერქვეშ ვიცხოვრებთ, მერე ვიმუშავებთ და ამ ფულს როგორმე გავუსტუმრებთ ბანკებს. არადა, ჩვენ მოვიყვანეთ ეს ხელისუფლება და ჩვენვე წავიყვანთ"!

"თინათინ ხიდაშელმა გვითხრა, - ვალები თქვენ თვითონ აიღეთ, ძალა არავის დაუტანებია, სახელმწიფო რა შუაშია, თქვენ მაგივრად ფული სახელმწიფომ რატომ უნდა იხადოს, არ იცოდით, რომ ვალს გასტუმრება უნდაო! ეგ გვასწავლის ვალს გადახდა უნდა თუ არა? ის რატომ დაავიწყდა, აქამდე რომ გაიძახოდა, წინა ხელისუფლებამ ხალხი მევახშეებს მისცა პირშიო? ახლა კეთილი ინებოს და ისევ ეგენი მოგვეხმარონ! ჭკვიანად იყვნენ, თორემ ყველაფერს აქვს საზღვარი" - ამბობენ მოშიმშილეები, რომელთაც ვერც კი წარმოუდგენიათ როგორ უნდა გასცეს სახელმწიფომ ეს 270 მილიონი მათზე, მაშინ როცა სახელმწიფო იმ ლეიკემიანი ბავშვების გადარჩენასაც ვერ უზრუნველყოფს, რომლთაც ისე ემუქრებათ ცხოვრებიდან წასვლა, არათუ ბიზნესი, არამედ რამდენიმე წლით სიცოცხლის გახანგრძლივებაც არ შეუძლიათ.

ერთი რამ ცხადია, ისინი რეზიდენციის მიმდებარე ტერიტოტრიიდან საკუთარი ნებით ფეხის მოცვლას მანამდე არ აპირებენ, სანამ ივანიშვილი და მისი ხელისუფლება დანაპირებს არ შეუსრულებს და შეღავათიან კრედიტებს არ მისცემს. რამდენად შეძლებენ მევახშეებისაგან უსახლკაროდ დარჩენილი იპოთეკარები თუნდაც ამ უკანასკნელი ვალების გასტუმრებას, ამის პროგნოზირება შეუძლებელია. სამაგიეროდ ნამდვილად არსებობდა წინასაარჩევნო დაპირებები, რომ ახალი ხელისუფლება დაზარალებულ იპოთეკარებს გვერდში დაუდგებოდა. და იმის მიუხედავად რომ ამ დაპირებებს არ აქვთ იურიდიული ძალა, ცხადია, სანამ ჩვენი პოლიტიკოსები პატიოსან თამაშს არ ითამაშებენ, არა მხოლოდ იპოთეკარებს, არამედ ზოგადად ჩვენს სახელმწიფოს არ უწერია პრობლემებიდან ამოსვლა.