დრამა "დაქალებში" – ნინა შურისძიებას აპირებს?
სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებში" მთავარი გმირის - დათო გოცირიძის და სანდომიანი სტომატოლოგი ქალის - ნათიას სასიყვარულო თავგადასავალმა დიასახლისების აღშფოთება და სტომატოლოგიურ კლინიკაზე იერიში გამოიწვია. სერიალში განვითარებული მოვლენები ქართველმა ტელემაყურებლებმა ლამის რეალობად აღიქვეს. ამიტომ "ჩემი ცოლის დაქალების" მსახიობების ბედითაც დავინტერესდით და სერიალში ნაჩვენები სტომატოლოგიური კლინიკითაც: კლინიკასა და სერიალს შორის ერთგვარი სარეკლამო გარიგება ექიმებს "ანტიპიარად" ექცათ - ცოლები ქმრებს სტომატოლოგთან აღარ უშვებენ...
მსახიობ ანი ტყებუჩავას გმირს - ნინას ქართველი დიასახლისები სრულ მხარდაჭერას უცხადებენ. მათი რეაქცია მსახიობს ახალისებს და დიასახლისებს "თანადგომისთვის" მადლობას უხდის. ერთადერთი ქალი ვარ, ვისაც მოსწონს, რომ ნინას ქმარი ღალატობსო, - ღიმილით აღნიშნავს ანი და მიიჩნევს, რომ სერიალში მისი როლი ახლა უფრო საინტერესო გახდა.
სამაგიეროდ, სტომატოლოგ ნათიას საქციელს ტელემაყურებლები კიცხავენ, ცოლის მოღალატე ქმარს კი კლინიკასთან გაკრული პლაკატებით მოუწოდებენ: "დათო, არ გაცვალო ნინა ნათიას ძუძუებში", "დათო, ნინას არ უღალატო!.."
დიასახლისების რისხვის ობიექტის - სტომატოლოგი ნათიას როლის შემსრულებელი ნინო მუმლაძე პერსონაჟთან დაკავშირებული ლანძღვის ფონზე, თავს უბედურად ნამდვილად არ მიიჩნევს:
- მიუხედავად იმისა, რომ ეს აჟიოტაჟი ჩემი და ლევან ყოჩიაშვილის მიმათ დადებით რეპლიკებს არ გულისხმობს, მაინც "პლუსია": "ანტიპიარი" ყველაზე კარგი "პიარიაო", - როგორც ამბობენ.
- ნინო, სტომატოლოგ ნათიას გამო, ხალხი აგრესიულად ხომ არ გეპყრობა?
- აგრესიულად ნამდვილად არ იქცევიან, მაგრამ როცა ქუჩაში მხვდებიან, ან გვერდით ჩამივლიან და კრიტიკული თვალებით შემათვალიერებენ, ან - თუ ვიღაც გაბედავს და ჩემთან მოდის, ჯერ კომპლიმენტს მეუბნება, როგორც მსახიობს, მერე კი ნახევრად ხუმრობით, პერსონაჟის გაკრიტიკებას იწყებს..
- შენი და ლევან ყოჩიაშვილის გმირის საქციელზე თავად რას ფიქრობ?
- როცა პერსონაჟს ქმნი, მისი ლოგიკა მთლიანად უნდა ახსნა და მიხვდე, გარკვეულწილად, უნდა უთანაგრძნო კიდეც... პირადად მე, ისეთ სიტუაციაში რომ აღმოვჩენილიყავი, როგორშიც ჩემი პერსონაჟია, სხვანაირად მოვიქცეოდი: როცა შევიტყობდი, რომ მამაკაცი დაოჯახებულია, გრძნობას ნამდვილად არ ავყვებოდი. ჩემი გმირი ნამდვილი ქალია, რომელიც გრძნობებით უფრო მოქმედებს, ვიდრე - გონებით.
- ნათიას სანდომიანი გარეგნობა რომ არ ჰქონოდა, იქნებ, მაყურებელი ამ პერსონაჟის მიმართ ნაკლებად აგრესიული ყოფილიყო?
- ნათიას სანდომიანი გარეგნობა კი არ აქვს, უბრალოდ, თბილი და დადებითი ადამიანია. როცა პროდიუსერებმა ამ როლის სათამაშოდ ამიყვანეს, მითხრეს, - "ტკბილი" ქალი გვინდაო.
- ანუ დიდი მკერდი და ღრმა დეკოლტე კი არაფერ შუაშია?
- "ტკბილ" და "გემრიელ" ქალში ეს იგულისხმება (იცინის).
ლევან ყოჩიაშვილი, დათოს როლის შემსრულებელი:
- სერიალის წინა სეზონებში ერთგული ქმარი, მამა, კარგი შვილი და მეგობარი "ვიყავი", ახლა კი ასეთი მკვეთრი ცვლილება "განვიცადე". ალბათ, მაყურებლებს ნერვები ამ ფაქტმა მოუშალა. ძალიან "რეალური" სერიალი გამოდის...
- მაყურებლების ასეთ რეაქციას ნორმალურად მიიჩნევთ?

- ეს ხომ ნამდვილი ცხოვრება არაა? კინოა! მაყურებლები ასე იმიტომ განიცდიან, რომ სერიალის გმირებს გულშემატკივროებენ და უყვართ. აბა, ღალატი რა სასიამოვნოა?
- როგორ ფიქრობთ, ნინა იდეალური ცოლია?
- ნინა ძალიან კარგი ქალია, მაგრამ ადამიანს ისეთი რაღაცები ემართება, როგორიც - დათოს: ეს კაცი ვერც ცოლ-შვილს თმობს და ვერც - ნათიას. მსგავსი შემთხვევები რეალურ ცხოვრებაში ბევრია. მამაკაცებისგან ასეთ პრობლემაზე საუბარი ხშირად მომისმენია.
- პირადად თქვენ, მაყურებლებისგან აგრესიას თუ გრძნობთ?
- არ მიგრძნია. ამას წინათ, მაღაზიაში შევედი. ჩემი დანახვა გაუხარდათ, ავტოგრაფებიც მთხოვეს... სამაგიეროდ, ბენზინგასამართ სადგურზე მისულს ერთი კაცი მომიახლოვდა და მითხრა: რას შვრები, კაცო, ნათიას თავი დაანებე, რას მერჩი? კბილი მტკივა, მაგრამ ცოლი ექიმთან არ მიშვებსო (იცინის)!
- რაც მთავარია, თქვენი რეალური მეუღლე ხომ მშვიდადაა?
- (იცინის) კი. მე ასეთი მძაფრი შეგრძნებები არ მიყვარს. მიკვირს, ხალხი "ორმაგ" ცხიოვრებას როგორ ახერხებს?!
- სერიალში ტასოს მუსიკის მასწავლებელი ნინას "საეჭვოდ" უყურებს. თან, "თქვენმა ცოლმა" ქმრის ღალატის შესახებ უკვე შეიტყო. შურისძიების მიზნით, ნინა მეუღლის საქციელს ღალატითვე ხომ არ უპასუხებს?
- სერიალში მოვლენები წინასწარ როგორ განვითარდება, არ ვიცი. არა მგონია, ნინამ ეს ჩაიდინოს. მართლა ასე რომ მოიქცეს, ალბათ, მერე უკვე მაყურებლები სადმე დაგვხვდებიან (იცინის).
ქეთი დევდარიანი, სცენარისტი:
- სერიალისთვის აჟიოტაჟი ყოველთვის კარგია. მთავარია, რომ "ჩემი ცოლის დაქალებში" ნაჩვენები ამბავი რეალობას მოწყვეტილი არ არის. ალბათ, საზოგადოებამ მტკივნეულად ამიტომაც მიიღო.
- ხალხის ასეთი მძაფრი რეაქცია ნორმალურად მიგაჩნიათ?
- საზოგადოებისთვის ეს ნორმალურია თუ არა, არ ვიცი. სტომატოლოგებზე იერიში ცოტათი მიკვირს. როგორც ჩნას, რეალობისთვის თვალის გასწორება ჩვენთვის ჯერ კიდევ უცხო ხილია.
- სცენარის შეცვლასთან დაკავშირებით, დიასახლისების მოთხოვნას გაითვალისწინებთ?
- რა თქმა უნდა, არავის მოთხოვნას ვითვალისწინებ. 250 000 ხელმოწერის შეგროვების შესახებ ვიხუმრე. მართლა ამდენი ხელმოწერა თუ შეგროვდა, ეს იმას ნიშნავს, რომ მთელი საქართველო ამ სერიალზეა "გადართული".
- ზოგი მიიჩნევს, რომ სტომატოლოგიურ კლინიკაში პლაკატების გაკვრა უბრალოდ, "პიარია" და სერიალიდან ნინო გაჩეჩილაძის წასვლასთან დაკავშირებული აჟიოტაჟის "გადაფარვას" ისახავს მიზნად.

- ეს მეც წავიკითხე. ჯერ ერთი, ეს არავითარი "პიარი" არ არის: ხალხი სტომატოლოგთან კლიენტებს აღარ უშვებს. მაგალითად, ზოგს ჰგონიათ, რომ სერიალის ერთ-ერთი გმირი - ხურცილავა მართლა "აურაში" მღერის და ხალხი იმ ბარში მიდის. ასევე, ალბათ ჰგონიათ, რომ ნათია "ნიუ დენტში" მუშაობს და კლინიკაში ქმრებს აღარ უშვებენ (იღიმის). ნინო გაჩეჩილაძის წასვლასთან დაკავშირებულ თემას რაც შეეხება, ვიღაცებს ისევ მის მიერ განსახიერებული კატო მოსწონთ და უნდათ, რომ ნინო დაბრუნდეს, ზოგი დათოს მიერ ცოლის ღალატის გამო სერიალს აღარ უყურებს... მეგონა, სერიალში აჟიოტაჟი გეის თემაზე უფრო ატყდებოდა, მაგრამ ფაქტია, რომ ადამიანებს გულზე დათოს საქციელი უფრო მოხვდათ, ვიდრე - ჰომოფობიის თემა. პრინციპში, დათოს ამბავმა ნინო გაჩეჩილაძის წასვლასთან დაკავშირებული აჟიოტაჟიც კი გადაფარა.
ცია შუბლაძე, "ნიუ დენტის" მენეჯერი და ექიმი სტომატოლოგი:
- პლაკატების ნახვისას, კლინიკის თანამშრომლებმა ძალიან ვიხალისეთ, რადგან მაყურებლებმა სერიალში განვითარებული მოვლენები ასე სერიოზულად აღიქვეს და განიცადეს. ჩვენთან ვიზიტი უკვე საშიში გახდა. ჯერჯერობით, ეს ძალიან გვახალისებს. ცოლებს მივმართავთ: ნუ გეშინიათ, არავისი ქმარი არ გვჭირდება (იცინის). სერიალში "ნიუ დენტის" გამოჩენა კლინიკას წაადგა თუ არა, არ ვიცი: მართალია, "ჩემი ცოლის დაქალებში" აღწერილი ამბავი რეალობას მოკლებული არ არის, მაგრამ ტელემაყურებლებმა ასე მძაფრად არ უნდა განიცადონ...
ეთო ყორღანაშვილი (სპეციალურად საიტისთვის)