ავთანდილ ჭრიკიშვილი - მწვრთნელს ბევრჯერ გავუგდივარ დარბაზიდან (ექსკლუზივი)
ახალგაზრდებში ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონი გახდა, ეროვნულ ნაკრებში კი, ავსტრიელი პიტერ ზაიზენბახერის "მოღვაწეობისას", სხვა ძიუდოისტების მსგავსად, მნიშვნელოვანი შედეგი არც ავთანდილ ჭრიკიშვილს ჰქონია. სამაგიეროდ, ახალგაზრდა ფალავანმა ნაკრებში ირაკლი უზნაძის დანიშვნის შემდეგ ისახელა თავი - პარიზის "დიდ სლემზე" ვერცხლი მოიგო, დიუსელდორფის "დიდ პრიზსა" და უნგრეთში რამდენიმე დღის წინ დასრულებულ ევროპის ჩემპიონატზე კი პირველობა არავის დაუთმო. შეგახსენებთ, ბუდაპეშტში საქართველოს ნაკრებმა თავისთვის სარეკორდო რაოდენობის მედლები და გუნდური ჩემპიონობა მოიპოვა. ავთანდილ ჭრიკიშვილთან ინტერვიუ სწორედ ტრიუმფის მიზეზებზე ლაპარაკით დავიწყეთ.
- მწვრთნელები და ძიუდოს ფედერაცია მთელი მოსამზადებელი პერიოდის განმავლობაში გვერდში გვედგნენ, ბიჭებიც თავდაუზოგავად ვშრომობდით, სპორტულ რეჟიმს ვიცავდით.
- რაშია ძირითადი განსხვავება პიტერ ზაიზენბახერსა და ირაკლი უზნაძეს შორის?
- ზაიზენბახერი ევროპელია, გეგმას მიჰყვებოდა და შეგეძლო თუ არა, ვარჯიშს მაინც გაიძულებდა. ირაკლი კი ქართველია და საქმეს ადამიანურად უდგება. ტატამს მიღმა ძალიან მეგობრულია, ვარჯიშისას - მკაცრი და სამართლიანი. როცა ექიმიც დაუდასტურებს, რომ რამე გაწუხებს, ნაკლებად დაგტვირთავს ან დასვენების საშუალებას მოგცემს. ერთხელ ლიპარტელიანს თითი ჰქონდა მოტეხილი და ზაიზენბახერმა მაინც ავარჯიშა... თუ გინდათ, მთელი ღამე არ დაიძინოთ, მთავარია, დილით ვარჯიში არ გააცდინოთო, - გვეუბნებოდა. ქართველ მწვრთნელებს კი სულ რეჟიმში ვყავართ, გვაკონტროლებენ, ღამით დროულად თუ ვიძინებთ, ტელეფონები თუ გამოვრთეთ და ა. შ.
- შოთა ხაბარელისგან ვიცი, ჭრიკიშვილი და ლიპარტელიანი სულ იმას ჩიოდნენ, ზაიზენბახერი ცდილობს, ქართული სტილით ჭიდაობა დაგვავიწყოსო.
- ბუნებრივია, უმეტესად ქართული ილეთებით ვჭიდაობდით, მას კი უნდოდა, კლასიკურ, იაპონურ სტილში გვეჭიდავა, ეს უკეთესიაო... ერთი მხრივ, კარგია, ახლა ორივე სტილი გვეხერხება, მაგრამ ავსტრიელი რომ დარჩენილიყო, ალბათ, ქართულ სტილს სულ დაგვავიწყებდა.
- წესების ცვლილების შემდეგ, ძიუდო უფრო მეტად დაუახლოვდა ქართულ ჭიდაობას...
- სიახლეს იოლად შევეგუე. წესები სულ ათიოდე დღის შეცვლილი იყო, პარიზის "დიდ სლემზე" ვერცხლის მედალი რომ მოვიგე, დიუსელდორფში ჩემპიონი გავხდი, ბუდაპეშტშიც გავიმარჯვე... კარგია, რომ ქართული ჭიდაობის მსგავსად, ფეხში შესვლა ძიუდოშიც აიკრძალა და ქართულ ჭიდაობას მაქსიმალურად დაემსგავსა.
- შენი საყვარელი ილეთი რომელია?
- ბავშვობიდან ყველაზე მეტად "ამოსმულის" გაკეთება მიყვარს. თუმცა, ილეთის დასრულება ხშირად ძველებურად აღარ გამომდის - მეტოქეებმა კარგად შემისწავლეს და ფრთხილად მეჭიდავებიან.
- "ამოსმული" არ იყო, ბრაზილიაში ჩატარებული გუნდური ჩემპიონატის საუკეთესო გდებად რომ დაასახელეს? უზნაძე ჩავლებებზეც განსაკუთრებულად გავარჯიშებს...
- სტილის ხშირი ცვლილების გამო ცოტა არეული ვიყავი, თუმცა, მწვრთნელის დახმარებით ჩავლება აშკარად გავაუმჯობესე. ირაკლი პარტერში ჭიდაობასაც დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. ჩოქბჯენში თვითონაც ხშირად გვეჭიდავება.
- ბუდაპეშტში რომელ ორთაბრძოლაში გაგიჭირდა ყველაზე მეტად?
- ძალების ბოლომდე დაძაბვა მეოთხედფინალში დამჭირდა, მსოფლიოს ჩერნოგორიელ ვიცე-ჩემპიონ სრდან მრვალჯევიჩთან. სხვებთან კი, დაწინაურების მერე, აღარ ვრისკავდი, შედეგზე ვჭიდაობდი. ქართველი ქომაგები მთელი ტურნირის განმავლობაში გვამხნევებდნენ. ერთი მათგანი ბუდაპეშტში სპეციალურად ჩვენს საქომაგოდ, ევროპის რომელიღაც ქვეყნიდან ჩამოვიდა. ბიჭებისთვის ხილი და წვენები მოჰქონდა ხოლმე...
- ფიზიკურადაც რომ მოუმატეთ, ბაკურიანული შეკრების დამსახურებაა?
- ორი წელიწადია, ნაკრებს ბაკურიანში შეკრება აღარ გაუვლია. არადა, ავსტრიელის დანიშვნამდე სულ იქ ვემზადებოდით. ჯერ მარტო ჰავაა ისეთი, სულ რომ არ ივარჯიშო, მაინც შეგერგება.
- ზაიზენბახერს კი ბრაზილიასა და მონღოლეთში დაჰყავდით...
- სპარინგპარტნიორების ხშირი ცვლის მხრივ კარგი იყო, მაგრამ თვითმფრინავში დიდ დროს ვატარებდით. ბრაზილიამდე 14 საათი უნდა იფრინო, იქ ჩასულს "გონზე მოსასვლელად" 2-3 დღე მაინც გჭირდება, ზაიზენბახერი კი ერთ კვირაზე მეტს არც ერთ ქვეყანაში არ გვაჩერებდა, დასვენებას ვერ ვასწრებდით და არც ერთი შეკრება არ "შეგვერგო"...
- წელს მედლები სამივე დიდ ტურნირზე მოიგე... ასეთ ასაკში წონის ლიდერის სტატუსი ფსიქოლოგიური ტვირთი ხომ არ არის?
- პირიქით, სტიმულს მაძლევს. ხშირად წაგებისას თვითრწმენას კარგავ. როცა იცი, რომ ნებისმიერი მეტოქის დამარცხება შეგიძლია, უფრო თავისუფლად ჭიდაობ. შავდათუაშვილის მაგალითი ავიღოთ: ოლიმპიური ჩემპიონია, მაგრამ ადრინდელზე მეტი შემართებით ვარჯიშობს, ევროპის ჩემპიონიც გახდა. ისე, მეც ძალიან შრომისმოყვარე ვარ. პატარაობისას მწვრთნელს მე და ჩემი მეგობრები ბევრჯერ გავუგდივართ დარბაზიდან - გეყოფათ ამდენი ვარჯიშიო (იცინის).