ჩეჩნების საგარეო საქმეთა მინისტრი: "ლაფანყურის ამბების ქართველებისთვის პატიებას არ ვაპირებთ"
ამონარიდი გაზეთ "ყველა სიახლედან":
უსმან ფერზაული, ჩეჩნეთის რესპუბლიკის დევნილი ხელისუფლების საგარეო საქმეთა მინისტრი, პრემიერ-მინისტრის პირველი მოადგილე:
- როგორია თქვენი დამოკიდებულება ბოსტონის ტერაქტისადმი, რომელშიც ჩეჩენი ძმები - თამერლან და ჯოხარ ცარნაევები არიან ეჭვიტანილნი და მათ დოკუ უმაროვთან შესაძლო კავშირზეც ალაპარაკდნენ.
- ცალკეული ადამიანების ქმედებაზე მთავრობა, ცხადია, პასუხისმგებლობას ვერ აიღებს; არ უნდა მოექცე ასე ქვეყანას, რომელმაც წლების განმავლობაში თავშესაფარი მოგცა. ცარნაევების კავშირებსა თუ სხვა დეტალებზე უმჯობესია, გამოძიების დასრულების შემდეგ ვისაუბროთ. რუსეთის ქცევა კი არაადექვატურია, - ვერასოდეს დავიჯერებ, რომ ცარნაევის დაღესტანში ყოფნის შესახებ არაფერი იცოდნენ, მით უმეტეს, რომ ცარნაევების მშობლებმა ზუსტად არ იციან, სად იყო მათი შვილი ამ დროის განმავლობაში, რით იყო დაკავებული. როგორ, ადამიანი, რომელიც ტერორისტულ საფრთხედ მიაჩნდათ, რუსეთში დაბრუნდა და მისით არავინ დაინტერესდა? ვფიქრობ, რუსეთიდან ვიღაც მართავდა ცარნაევებს, დღევანდელი ტექნოლოგიებით ადამიანის ვიზუალური დისტანციური მართვა, გარკვეულ ქმედებამდე მიყვანაც კი არის შესაძლებელი. სიმბოლურია, რომ პრეზიდენტ პუტინის "ჩეჩნური პროგრამის" ბოლოს დამნაშავე აღმოჩნდა თამერლან ცარნაევის უმცროსი ძმა, რომელსაც ჯოხარი ჰქვია!
- როგორია საქართველოში, ლოპოტას ხეობაში განვითარებული მოვლენების შემსწავლელი კომისიის მუშაობის შედეგი და საბოლოო დასკვნა?
- ბუნებრივია, ეს ფაქტი, საქართველო-დაღესტნის საზღვართან განვითარებული მოვლენები ჩვენი ყურადღების მიღმა არ და ვერ დარჩებოდა, რადგან წლების განმავლობაში საქართველოდან ჩეჩნების გაუჩინარების არაერთ ფაქტს ჰქონდა ადგილი. ორი მოძმე ხალხის ურთიერთობაში კომპლიმენტების დრო ყოველთვის იყო, არის და იქნება, მაგრამ სიმართლეს თვალი უნდა გავუსწოროთ, მით უმეტეს, როცა საქმე ადამიანის სიცოცხლეს ეხება. ყველას ახსოვს, როგორ გაუჩინარდა სააკაშვილის მმართველობის დროს 2 ჩეჩენი, რომელიც თბილისში სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს, უდანაშაულოდ ცნეს, ორი კვირის შემდეგ კი უგზო-უკვლოდ გაქრნენ. მოგვიანებით კი გაირკვა, რომ ისინი პრეზიდენტ სააკაშვილის მოსკოვის ვიზიტის წინ რუსებს გადასცეს, უფეშქაშეს; ასევე გაქრა 2009 წელს თბილისის ცენტრიდან ჩეჩნეთის რესპუბლიკა-იჩქერიის კულტურის მინისტრის მოადგილე, გვარად ქესბაევი რომელმაც თავისი მცირეწლოვანი ვაჟიშვილი საცურაო აუზზე მიიყვანა; ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მან ჩეჩნეთის მთავრობის ხელმძღვანელის - ახმედ ზაკაევის წერილი პრეზიდენტ სააკაშვილის ადმინისტრაციას გადასცა. საქართველოდან მოდის სიგნალები, - არც თქვენ გაწყობთ ამაზე ლაპარაკი, ყველაფერი დავივიწყოთო, ბოდიში, მაგრამ რამდენი რამ უნდა დავივიწყოთ? ასე რომ, ფაქტების დამალვას არ ვაპირებთ, ეს ლაფანყურსაც ეხება. ლაფანყურის საქმის კომისიის დასკვნის ზოგიერთ ფრაგმენტს გაგიმხელთ: ლაფანყურის ამბების ქართველებისთვის პატიებას არ ვაპირებთ, მაგრამ ბანდიტებივით ნამდვილად არ მოვიქცევით, ეს საქმე არც ხანდაზმულობის ვადას დაექვემდებარება.
ინტერვიუ სრულად იხილეთ გაზეთ "ყველა სიახლის" ოთხშაბათის ნომერში.