"ქართველი გენერლის მკვლელობა მერაბიშვილმა და დათა ახალაიამ დაუკვეთეს"
ამონარიდი გაზეთ "ყველა სიახლიდან":
2012 წლის 21 მაისს მოსკოვში გადამდგარი გენერალი რომან დუმბაძე მოკლეს. კილერმა მას თავისა და მუცლის არეში 7 ტყვია დაახალა. გენერლის მკვლელობის ერთ-ერთ ვერსიად კრიმინალური გარჩევა დასახელდა. "როგორც რომანის მეგობარი, თავს მოვალედ მივიჩნევ, დუმილი დავარღვიო და გავამხილო სიმართლე", - ამბობს ჩვენთან ინტერვიუში მოსკოვში მცხოვრები ზაზა გაბედავა:
- რომან დუმბაძე 2008 წელს, მოსკოვში ჩამოსვლის შემდეგ გავიცანი და დავმეგობრდით. რომა უწესიერესი კაცი იყო... ის გასული წლის 21 მაისს მოკლეს თავისი საცხოვრებელი სახლის სიახლოვეს, რუბლიოვსკოეს გზატკეცილზე მიმავალი. რომან დუმბაძის მკვლელობისთვის სასჯელს იხდიან: თორნიკე კვირიკაშვილი, რომან ბელქანია, ალექსანდრე ბერიშვილი და შოთა ტარუღიშვილი. თავდაპირველად ხუთნი დააკავეს, შემდგომ კი ერთი გაათავისუფლეს. მკვლელობიდან ნახევარ საათში მივედი შემთხვევის ადგილას, გაცივებულიც არ იყო ცხონებული. გამყიდველი ქალი შეესწრო რა და როგორ მოხდა: რომანი ნაყინს ჭამდა, უეცრად მოტოციკლი გაჩერდა, მოტოციკლისტმა რაღაც ჰკითხა რომანს და პასუხის მიღებისთანავე ცეცხლი გაუხსნაო. ალბათ ჰკითხა, რომან დუმბაძე ხარო? სანამ ეს ამბავი მოხდებოდა, 17 აპრილს, მარშალ ჟუკოვის პროსპექტზე მოკლეს ვინმე ტიგრან ოჰანესიანი, რომელიც ძალიან ჰგავდა რომანს და მასში შეეშალათ. ამავე დროს, დუმბაძის ჯიპი "რენჯროვერი" იყო მის სახელზე გაფორმებული, მკვლელობამდე ცოტა ხნით გაუყიდია ოჰანესიანს მსგავსი ავტომანქანა.
- მკვლელობის ერთ-ერთ ვერსიად ბიზნესი და კრიმინალური გარჩევა დასახელდა...
- ჩემი ინფორმაციით, დამკვეთებმა მკვლელებს 150.000 ამერიკული დოლარი გადაუხადეს. რომან დუმბაძე ვანო მერაბიშვილისა და დათა ახალაიას დავალებით მოკლეს. კილერები ახალი ჩამოსული იყვნენ საქართველოდან და, სავარაუდოდ, ძველმა ხელისუფლებამ ისინი ამ მისიის აღსასრულებლად გამოგზავნა მოსკოვში. ახალაიებსა და მერაბიშვილს იმხანად მშვენიერი ურთიერთობა ჰქონდათ. ახალაია ემორჩილებოდა ვანოს. როგორც ჩანს, დათა ახალაიას სამეგრელოში კარგი აგენტურული კავშირები ჰქონდა, იპოვა კაცი და მოაკვლევინა კიდეც დუმბაძე. კილერები ჩვენებებში პირდაპირ უთითებენ დათა ახალაიას, მან დაგვიკვეთა მკვლელობაო. ახალაიას მამა აბრამის ბატკნად რომ მოაქვს თავი და იქადნის, ყველაფერს ვიტყვიო, გამოვიდეს მამაცხონებული და თქვას სიმართლე! ვანო მერაბიშვილი რომ გარეწარია, კარგად ვიცით. მარტო ბაჩო ახალაია რომ დააპატიმრეს, მან ნაკლები საშინელებები ჩაიდინა? პირველ რიგში, ეს კაცია დასაპატიმრებელი, მერაბიშვილია ყველა უბედურების სათავე. ახალაიები რომ ანგელოზები არ არიან, რად უნდა ამას ლაპარაკი, მთელი სამეგრელო ააწიოკეს. ასეთივე გარეწრები არიან გვარგადაკეთებული მამა-შვილი გაბაშვილები - ყოფილი მხედრიონელები. მათ მოკლეს ჩემი ახლობელი ზუგდიდში - კიროკი ბულია პირადად კოტე გაბაშვილმა დახვრიტა. რა საქმე აქვთ პარლამენტში მკვლელებს, ვერ გავიგე?!
ინტერვიუ სრულად იხილეთ გაზეთ "ყველა სიახლის" ოთხშაბათის ნომერში.