წმინდა ანდრია პირველწოდებული - კვირის პალიტრა

წმინდა ანდრია პირველწოდებული

წმინდა ანდრია პირველწოდებული იმ ადამიანთა რიგს მიეკუთვნება, მთელი გულით რომ ეძებდა ჭეშმარიტ ღმერთს და შეიცნო კიდეც იგი. სახარებაში უფალი ამბობს, ვინც ირეკდეს, მას განეღოს. ვინც ეძიებდეს, მნ ჰპოვოსო. ჰოდა, იპოვა ანდრიამაც და აღარასოდეს მოშორებია მას.

ბეთსაიდაში დაბადებული წინაპართა ჩვეულ ხელობას, მესათხევლეობას, მისდევდა და ელოდა. . ელოდა მას, ვინც მის გულს სიმშვიდეს მიანიჭებდა და ჭეშმარიტებას აზიარებდა. ღვთის წინაშე მართალი იმასაც გრძნობდა, რომ მოახლოებულიყო ჟამი ამ ზიარებისა. ამიტომ იოანე ნათლისმცემლის ამბის გაგებისთანავე დაემოწაფა სინანულის მქადაგებელს. მერე, როცა მოძღვართან ერთად იდგა, მისგანვე შეიტყო ქრისტეს შესახებ, რომ სწორედ იესო იყო ტარიგი ღვთისა, რომელიც კაცთა ცოდვების გამოსასყიდად უნდა შეწირულიყო და . . . გაჰყვა მესიას. მერე თავის ძმას, სიმონს ახარა მესიის განკაცების შესახებ. მერე ქრისტემ დაინახა, როგორ თევზაობდნენ ძმები გალილეის ზღვაში და და მოუწოდა: "მოვედით და შემომიდეგით მე, და გყვნე თქუენ მესათხევლე კაცთა!" ძმებიც გაყვნენ მას და, თორმეტ მოციქულთა შორის შერაცხილნი, ანდრია პირველწოდებულად იქცა, სიმონი-პეტრედ.

საქართველოში ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ნაცვლად წამოვიდა და თან დედა ღვთისმშობლის უდიდესი საჩუქარი-ხელთუქმნელი ხატი, წამოიღო, რომელიც შემდეგ აწყურის ღვთისმშობლის ხატად იწოდა. ამ ხატის თავგადასავლი კიდევ ერთი თემაა და მასზე აუცილებლად მოგითხრობთ. წმინდა ანდრია კი პირველი იყო მათ შორის, ვინც ქრისტეს ნათელს გვაზიარა ქართველები.

12 მაისს შემოვიდა საქართველოში-ამიტომაც აღინიშნება ეს დღე ასეთი ზარ-ზეიმით. შემოვიდა და ჭეშმარიტების ნათელი მოჰფინა ცოდვის წყვდიადში ჩაფლულ ქვეყანას. ჯერ დიდ-აჭარაში შემოვიდა, ასე გვაუწყებს მემატიანე, და "ყოველნივე მოაქცია და მოიყვანა სარწმუნოებასა." შემდეგ სამწყსოს სულიერი მოძღვრები დაუდგინა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძარიც აუგო, რომელშიც ხელთუქმნელი ხატიდან ფიცარზე სასწაულებრივად გადასული ასლი დააბრძანა.

შემდეგ ბორჯომის ხეობა იყო-აქ, სოფელ აწყურში, ქვრივი ქალის ტირილი შემოესმა, რომლის ერთადერთ ძესაც მარხავდნენ. გული ტკივილით აევსო, ილოცა და აღუდგინა შვილი მკვდრეთით. აწყურშიც იქადაგა, ტაძარიც ააგო და ეკლესიაც მოაწყო. სწორედ მათ დაუტოვა ხელთუქმნელი ხატი და გზა განაგრძო.

მოიარა კლარჯეთი, სომხეთი, პართია და იერუსალიმისკენ გაეშურა. მაგრამ მალე ისევ ქართლში დაბრუნდა მატათა მოციქულთან ერთად, რომ ახალმოქცეულნი ქრისტიანობაში განემტკიცებინა. შემდეგ სვანეთი და სამეგრელო განანათლა, იქიდან აფხაზეთში გადავიდა და ახლა იქ იქადაგა ჭეშმარიტი რწმენა.

უამრავი განსაცდელის დათმენის შემდე,გ საბერძნეთის ქალაქ ტიტრებში ჯვარცმულმა შეჰვედრა სული მას, ვისაც მთელი არსებით ემსახურებოდა თავის მიწიერ ცხოვრებაში და ვის სიტყვასაც ქადაგებდა 29 წლის განმავლობაში.

აღესრულა ქრისტეს შობიდან 62 წელს.