"ციხეში ერთი შემოლაწუნების უფლება უნდა იყოს, სხვანაირად პატიმრები თავზე წამოგაჯდებიან!"
"ორი უკიდურესობა დაგვემართა - პატიმრებზე უკიდურესი ზეწოლა ახლა პატიმრებისგან ციხის თანამშრომლებზე განხორციელებული სიტყვიერი თუ ფიზიკური შეურაცხყოფით შეიცვალა. ანუ, თუ აქამდე ცემაში კლავდნენ პატიმრებს და ამაში შეზღუდვა არ არსებობდა, ახლა ყველაფერი თავდაყირა დადგა, - პატიმრები ციხის თანამშრომლების მიმართ აშკარა აგრესიას გამოხატავენ და ჩვენ მათთვის ხმის აწევის უფლება არ გვაქვს", - ამბობს ჩვენი რესპონდენტი, რომელიც ციხეში წინა ხელისუფლების პირობებშიც მუშაობდა. ის ერთადერთი არ არის, რომელიც ციხეში არსებულ გაუსაძლის ვითარებაზე საუბრობს.
ციხის თანამშრომლები პატიმრების მხრიდან ზღვარსგადასულ აგრესიულ ქმედებებზე ჰყვებიან. საკმაოდ მძიმე სიტუაციაა რუსთავის, გლდანის, ქსნის, გეგუთის ციხეებში...
დავითი, 34 წლის, გლდანის ციხის ოფიცერი:
- იმ საშინელ წლებში, ერთადერთი თუ არა, ერთ-ერთი მაინც ვიყავი, ვინც პატიმრებზე ზეწოლას აპროტესტებდა. დიახ, ზოგი მართლაც დაუნდობელი იყო მათ მიმართ, მე მინახავს, როგორ აბურთავებდნენ პატიმარს, რომელიც ცემისგან ფეხზე ვერ დგებოდა და საკუთარ სისხლს აფურთხებდა, მაგრამ ახლა ვხვდები, რომ პატიმარს ჯერ კიდევ ველურ კავკასიაში თავზე ხელი არ უნდა გადაუსვა, რადგან ეს არ არის ევროპა და ამერიკა, სადაც ადამიანს ციხეში ყოფნა თრგუნავს და თავისუფლებას ვერ ელევა. სანამ ციხეში ეს კოშმარი დაიწყებოდა, მინახავს პატიმარი, რომელიც ამბობდა, აქ საჭმელიც მაქვს, სიგარეტიც და დასაძინებელიც, გარეთ რაღა მინდაო.
- ბოლო დროს რა შეიცვალა ციხეებში?
- მას შემდეგ, რაც იმ საშინელი კადრების შესახებ გახდა ცნობილი და ქვეყანაში პოლიტიკური ცვლილებები განხორციელდა, ყველა პატიმრების უფლებების დაცვაზე ალაპარაკდა. ამან ისინი იმდენად გაათამამა, რომ პირდაპირ იერიშზე გადმოდიან. რამდენიმე დღის წინ სასეირნოდ უნდა გაგვეყვანა პატიმრები, როდესაც ზურგზე ხელების შემოწყობა ვუბრძანეთ, ერთ-ერთი მომიტრიალდა, რა შენი ... საქმეა, მე ხელებს სად შემოვიწყობო და ცოცხალ-მკვდარი მაგინა. ჩვენ ამ დროს მათთვის სიტყვის შებრუნების უფლებაც არ გვაქვს, რადგან გლდანის ციხეში ატეხილი ხმაურის გამო განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ ვართ.
- გავრცელდა ინფორმაცია, რომ გლდანის ციხეში სათვალთვალო კამერები დააყენეს...
- მსგავსი არაფერი გამიგია, მაგრამ ძალიან კარგი იქნება თუ ამას გააკეთებენ, რადგან სხვანაირად მათი გაკონტროლება ძნელია. ეს ძალიან რთული სისტემაა. კი ბატონო, წამებისა და სიკვდილისთვის ყველა ცოდვაა, მაგრამ ჩემი აზრით, ციხეში ერთი შემოლაწუნების უფლება უნდა იყოს. სხვანაირად პატიმრები თავზე წამოგაჯდებიან.
ნოდარი, 29 წლის, ქსნის ციხის თანამშრომელი:
- ბევრი მართლაც უდანაშაულოდ იხდიდა სასჯელს, მაგრამ ამნისტია ისეთ პატიმრებს შეეხო, თანამშრომლებიც კი გაოცებული დავრჩით. აქ სასჯელს იხდიდა ადამიანი, რომელიც საკუთარი დის გაუპატიურებაში იყო ბრალდებული. მან თვითდაზიანებები მიიყენა და როდესაც ექიმი გამოვიძახეთ, ჭრილობის დამუშავებისა და ნაკერების დადების უფლებას არ აძლევდა... თუმცა, არც იმას უარვყოფ, რომ იყვნენ ისეთები, ვისაც ექიმის დახმარება სჭირდებოდა, მაგრამ ამას ვერ იღებდა... ეს ძალიან რთული სისტემაა და მტყუან-მართალის გარჩევა აქ შემოსვლამდე უნდა მოხდეს. ციხეში უკვე ისე იცვლება ადამიანი, ძნელია გაარკვიო და მიხვდე, რამდენად კარგი იყო გარეთ, ან პირიქით.
ვარლამი, 43 წლის, რუსთავის ციხის თანამშრომელი:
- წყალი გვინდაო, აკაკუნებდნენ, წყალი არ მოდისო, ვიფიქრე, შევიხედავ ერთი, რა ხდება-მეთქი, როგორც კი "კარმუშკაში" თავი შევყავი, რაღაც ჭურჭელი მესროლეს და სახეში მომხვდა, - თქვენ რომ სახეში გვირტყამდით, კარგი იყოო, გამომძახეს იქიდან და ცოლ-შვილი მაგინეს. გარდაცვლილ დედას მაგინებდა ადამიანი, რომელიც ჯიბის ქურდობისთვის იხდის სასჯელს და როგორი მოსათმენია?.. სიმწრისგან ლოყა დავიკბინე. მაგრამ ვის რას ეტყვი?
- ამის შესახებ ციხის ხელმღვანელობა საქმის კურსში ჩააყენეთ?
- ერთხელ ვუთხარი ერთ-ერთ ოფიცერს, ეს პატიმრები თავს გავიდნენ-მეთქი. კი, მაგრამ ცემითა და გაუპატიურებით ვერაფერს გავხდებითო. გაუპატიურებაზე ნამდვილად არ მაქვს ლაპარაკი, პატიმრისთვის ციხეში ყოფნა საამური არ უნდა იყოს, თორემ, აქ თუ არაფერი მოაკელი, გარეთ ჯერჯერობით დალხენილი ცხოვრება არ არის და რომ ვერ შეეგუოს, დანაშაულის ჩადენასაც არ მოერიდება. ამას წინათ ახალგაზრდა ოფიცერს აგინეს, შენისთანები ფეხით შემდგნენ და დღემდე ნეკნები ჩამტვრეული მაქვსო, სადისტი არ ვარ, მაგრამ ბევრისთვის ნეკნების ჩამტვრევა ალალია!.. რამდენიმემ დანაშაულის ჩადენაც მოასწრო და უკან შემობრუნდა. ისინი აქაც დანაშაულს სჩადიან, თუ ასე გაგრძელდა, შეიძლება ფიზიკურ ანგარიშსწორებამდეც მივიდეს საქმე და მერე გვიან იქნება. ბევრი თანამშომელი ფიქრობს სამსახურის დატოვებაზე, მეც მათ შორის ვარ. ასეთი დამოკიდებულება კარგ შედეგს არ მოიტანს, ციხეში ბოროტმოქმედები არიან და მათთვის ზედმეტი უფლების მიცემა ცუდად დასრულდება.
- თქვენ მიგაჩნიათ, რომ პატიმრების ცემა დაშვებული უნდა იყოს?
- მე მიმაჩნია, რომ პატიმრები უნდა კონტროლდებოდნენ, აბა ზედამხედველს უნდა სცემოს პატიმარმა?!.
ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)