ევროპას ჩემნაირები არ ჭირდება - ქართველი ემიგრანტის აღსარება - კვირის პალიტრა

ევროპას ჩემნაირები არ ჭირდება - ქართველი ემიგრანტის აღსარება

უკანასკნელი წლებია საქართველოდან უამრავი ახლაგაზრდა გაემგზავრა ევროპაში ბედის საძიებლად. ევროპა, რომელიც უზრუნველი ცხოვრების გარანტად ესახებოდათ, იქ ჩასულებს განსხვავებული დაუხვდათ. ბევრმა ალღო აუღო იქაურ ცხოვრებას, ბევრი ვერ შეეგუა და მალევე უკან დაბრუნდა. ქართველი ემიგრანტების უმეტესობა თავს არაკანონიერი გზით ირჩენს და ამავე გზით მიღებულ შემოსავალს უგზავნის საქართველოში დარჩენილ ოჯახს. ჩვენი რესპოდენტი, ნოდარი მ. ერთ-ერთია იმ ასობით ბედისმაძიებლიდან, რომელმაც თავის არჩევანი ევროპას დაუკავშირა. მისი მონაყოლი თითქმის ოდენტურია სხვა, მასავით უცხო ქვეყანაში წასულებისა.

-სანამ წავიდოდი, ვმუშაობდი და სიმართლე ვთქვა არასდროს მიფიქრია, რომ ერთ მშვენიერ დღეს ამ გზას დავადგებოდი - სხვა ქვეყანაში გავიქცეოდი ლუკმა-პურის საშოვნლად. მაგრამ ცხოვრებაში დამიდგა ის მომენტი,როდესაც მივხვდი, რომ თბილიში ჩემი გაჩერება ბევრ არასასიამოვნო პრობლემებს გააჩენდა, როგორც ჩემთვის, ისე ჩემი ოჯახისათვის.რადგან სამსახურიდან მიღებული შემოსავალი ოჯახს თითქმის არ ყოფნიდა. მოგეხსენებათ, როცა ოჯახში პატარაა, რამდენი ჭირდება მის აღზრდას, ამას დაემატა ისიც, რომ არცთუ ისე იშვიათად ვთამაშობდი, მოთამაშე ადამიანს კი არასდროს არ ყოფნის ფული. იმისათვის, რომ აზარტით გამოწვეული ე.წ. "ზამასკა" მომეკლა, ვალს ვალი ემატებოდა. შეიძლება ითქვას ორი ცხოვრებით ვცხოვრობდი: ოჯახი და აზარტი. ბოლოს მივედი იქამდე,რომ ყველაფერი რაც გამაჩნდა, ან მევახშეებთან იყო დალომბარდებული ან კიდევ გასაყიდად ვამზადებდი.

- და ჩათვალე, როპმ ამ პრობლემას ევროპაში წასვლით გადაჭრიდი?

- ჰო, ვიფიქრე აქ დარჩენას და ლოდინს როდის მომემატებოდა ხელფასი (რომ შემდეგ ხელფასის ნაწილი მოგების იმედად ისევ წამეგო)გადავწყვიტე, რომ აქედან წასვლა აჯობებდა.

-არალეგალური გზით წახვედი?

- თავდაპირველად კანონიერად წავედი მინსკში და მინსკიდან პოლონეთში მატარებელით შევედი არალეგალურად. პირველი იმედგაცრუება პოლონეთში ვიგრძენი, როდესაც იქ ჩასულმა აღმოვაჩინე, რომ ევროპა აშკარად არ იყო ისეთი,როგორიც წარმომედგინა, თუმცა რამდენიმე თვე მაინც პოლონეთში მომიწია გაჩერება.

- როგორ არსებობდი?

- ვარსებობდი იმით, რითაც ყველა აქედან წასული...ვიპარავდი. არ მეამაყება და არ მომწონს ჩემი ცხოვრების ეს ეპიზოდი,მაგრამ ფაქტია, დღემდე ჩემი ძირითადი შემოსავალი ქურდობაა. პოლონეთში ვცხოვრობდი ე.წ "ლაგერში",ხშირად ღია ცის ქვეშაც გამითენებია, რადგან ლაგერიდან 100-200 კმ ით გამოვდიოდი და გვიან დაბრუნებული, უკან ვეღარ შევდიოდი ხოლმე. თავს არავის ვაცოდებ, მაგრამ ისეც ყოფილა, რომ 2-3 დღე არაფერი მიჭამია. ეს შეიძლება გასაკვირი ჩანდეს, მაგრამ ვისაც ეს გზა გაუვლია, ყველასთვის ნაცნობი სიტუაციაა. არც შიმშილია უცხო ხილი, არც უძილობა და არც სიცივე.

- საქართველოში თუ მოგიპარავს?

- კი და არაერთხელ...სამაისო ბალი და ალუჩა

- სამართალადამცავებთან თუ გქონია შეხება?

- პოლონელ სამართალდამცავებთან არ მქონია შეხება, თუმცა ქართველები ამბობდნენ, შევარდნაძის დროინდელი "გაიშნიკებივით" იღებენ ფულსო. გერმანიაში პოლიციასთან სულ 3 ჯერ მქონდა შეხება და სამჯერვე ჯარიმით შემოფარგლნენ. იცი, როგორაა: როდესაც ხედავენ რომ აღიარებ,ძალადობას არ უწევ, თანაც თუ ეტყვი, რომ გრცხვენია იმისა, რაც დაგემართა, ლოიალურები არიან და დაპატიმრებას ერიდებიან,ხოლო თუ სტრესებს და ფსიქოლოგიურ პრობლემებს ახსენებ, მაშინ მაქსიმალურად ცდილობენ ყველაზე ნაკლები სასჯელით დაგსაჯონ.

-ასე ხომ ყველა შეძლებს მოატყუოს ანუ გამოდის, რომ არავის აპატიმრებენ?

- არა, მთლად ეგეთი "კეთილებიც" არ არიან და დაპატიმრებებიც ხშირია. თუ შეგატყვეს, რომ ჩადენილი არ განაღვლებს, ან თუ მრავლად გაქვს დაკავებები, მაშინ მაქსიმალურად მკაცრად მოგიდგებიან და ასეთ შემთხვევაში ადვოკატისათვის ფულის დახარჯვაც არ ღირს, მოსახდელ ვადას აუცილებლად მოგახდევინებენ. შეღავათი ისაა, რომ დიდი სასჯელები არ აქვთ და თან ციხეში გაუსაძლისი პირობები არაა. აქ სასჯელი იმისთვის არაა, რომ უფრო მეტად გააბოროტონ ადამიანი, პირიქით მაქსიმალურად ცდილობენ, პატიმარს ცხოვრებისათვის ნორამლური პირობები შეუქმნან.

- ახლა გერმანიაში ცხოვრობ?

- კი, გერმანიაში ვარ, თუმცა საქართველოდან ბევრად ლამაზი და იოლი ჩანდა ევროპული ცხოვრება. აშკარად ვიგრძენი რომ გერმანიას და ზოგადად ევროპას ჩემნაირი ხალხი არ ჭირდება.

- არ ჭირდება?

- ზედმეტი ტვირთი ვართ გერმანელებისათვის. დევნილს აქ მუშაობის უფლება არ აქვს მინიმუმ ერთი წელი და ეს ერთი წელი სახელმწიფო ინახავს, მაშინ როცა ეს სახსრები შეუძლია თავისივე მოქალაქეს დაახარჯოს რატომ ენდომება ჩემნაირის იქ ყოფნა? ხალხიც ასეთი აზროვნებითაა ჩვენს მიმართ განწყობილი და იშვიათია, რომ ვინმესგან რაიმე თანაგრძნობის გამოხატვა იგრძნო.

- როგორც უკვე მითხარი თავს მოპარვით ირჩენდი. სხვა ქართველებიც ასევე ცხოვრობენ?

- ვინმეს არ ეგონოს, თითქოს აქ მოპარვა იოლია. იმათ, ვინც ჯერ კიდევ იმის იმედად უნდა წამოსვლა, რომ აქ მოპარვით აიწყობს ცხოვრებას, ვეტყვი, რომ ძალიან ცდება ასე თუ ფიქრობს. ვინც იპარავს, ასე ვთქვათ ყველას თავის პროფილი აქვს. ყველა ყველაფერს ვერ იპარავს. მაგალითად აპარატურას ცალკე მიდგომა უნდა, თამბაქოს და სასმელს სხვა, "პარფიუმს" სხვა და ა.შ. გარდა იმ რისკისა, რომ ვიღაც შეგამჩნევს და დაგაპატიმრებს, ფსიქოლოგიურადაც ძალიან მძიმე სტრესია, როდესაც იპარავ. მე პირადად ჯანმრთელობაზეც კი მქონდა ამის გამო პრობლემები.

- რამდენადაც ვიცი, შენ იმდენი მოახერხე, რომ ოჯახიც წაიყვანე და დღეს მუშაობ კიდეც...

- დიდი გაჭირვებით, მაგრამ მოვახერხე ცოლ-შვილის ჩამოყვანა. დღეს უკვე მუშაობის უფლებაც მაქვს. ვერ გეტყვით, რომ რაიმე სტაბილური სამსახური მაქვს,უფრო ხშირად რამდენიმე დღიანი სამუშაოები, ხოლმე, მაგრამ იმდენს ვახერხებ, რომ მე და ჩემ ცოლ-შვილს გვყოფნის. თუმცა მოპარვას ისევ ვაგრძელებ, რადგან მინდა დანაზოგი მქონდეს, რომ როდესაც დავბრუნდები საკუთარი, მცირე ბიზნესი გავმართო.

- ანუ დაბრუნებას აპირებ?

-აუცილებლად, თუმცა ეს როდის მოხდება ნამდვილად არ ვიცი. ერთი შვილი მყავს, მეორეს ველოდები და ძალიან მინდა ჩემი შვილები საქართველოში გაიზარდონ. იმედია, მალე დავბრუნდები და ჩემ ქვეყანაში იმდენს მოვახერხებ, რომ ოჯახის შენახვა თავისუფლად შევძლო.

დარწმუნებული ვარ ნოდარის ისტორია იდენტურია სხვა, ნოდარის მსგავსად ბედის საძიებლად წასულებისა, თუმცა სხვადასხვა ქვეყნის საელჩოებთან დღემდე დგანან ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები და მოთმინებით ელოდებიან სანატრელ ვიზას, ვიზას, რომელმაც უნდა გაუღოს კარი "ოქროს სამყაროსაკენ", თუმცა მას შემდეგ რაც კარში შედიან, ოქროს მაგივრად მწარე რეალობა ხვდებათ. იქნებ სანამ წასვლას გადავწყვეტდეთ, კარგად ავწონ-დავწონოთ, უკვე წასულებს დავეკითხოთ და მხოლოდ მაშინ გადავწყვიტოთ, სად ჯობს შიმშილი - ევროპაში თუ საქართველოში.

ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)