პრინტერზე ამობეჭდილი პირველი პისტოლეტი
რა თქმა უნდა, ამისთვის ჩვეულებრივი პრინტერი არ გამოდგება. აშშ-ის მოქალაქე კოდი უილსონმა სამართალდამცავებს თავსატეხი მას შემდეგ გაუჩინა, რაც 80 ათას დოლარად ნახმარი სამგანზომილებიანი პრინტერი იყიდა და მისი საშუალებით საკუთარი კონსტრუქციის პისტოლეტ Liberator-ის ("განმათავისუფლებლის") შინ... დაბეჭდვა დაიწყო.
"ლიბერატორი" მსოფლიოში პირველი პისტოლეტია, რომლის თითქმის ყველა დეტალი სამგანზომილებიან პრინტერზეა ამობეჭდილი სპეციალური პლასტიკის გამოყენებით და მას ერთი 9 მმ კალიბრის ტყვიის გასროლა შეუძლია. კოდი უილსონმა პისტოლეტს ეს სახელი შემთხვევით არ უწოდა - მეორე მსოფლიო ომის დროს გამოუშვეს მილიონზე მეტი FP-45 ტიპის Liberator-ი, რომლებსაც ამერიკელი პილოტები ევროპის თავზე ყრიდნენ, რათა წინააღმდეგობის მოძრაობის წევრებს ამ უმარტივესი პისტოლეტების ერთადერთი გასროლით მოეკლათ გერმანელი სამხედროები.
ამერიკელი გამომგონებლის პრინტერზე ამობეჭდილი პისტოლეტიც ვერ დაიტრაბახებს დიდი საბრძოლო შესაძლებლობებით, თუმცა მისი 16-ივე დეტალი გამძლე პლასტიკისგან არის დამზადებული, რომელთა აღმოჩენა მეტალოდეტექტორს არ შეუძლია, რაც ტერორისტს საშუალებას მისცემს, ის თვითმფრინავშიც შეიტანოს. ვაზნების ფარულად შეტანა თვითმფრინავში შედარებით ადვილია, თუკი ისინი სხვა მეტალის ნივთებშია შენიღბული.
კოდი უილსონმა პრინტერზე დაბეჭდილი თავისი "უჩინარი" "განმათავისუფლებელი" 6 მაისს წარუდგინა საზოგადოებას ინტერნეტში, თანაც პისტოლეტს სპეციალურად დაუმატა 170 გ მასის ფოლადი, რათა ის მეტალომძებნელებისთვის ადვილი აღმოსაჩენი გამხდარიყო და ამერიკულ თემიდას ბრალი არ წაუყენებია 1988 წლის კანონის დარღვევისთვის, რომელიც კრძალავს მეტალომძებნელებისთვის უხილავი იარაღის შექმნას.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის თავდაცვის პროდუქტებით ვაჭრობის კონტროლის სამმართველომ კოდი უილსონს 9 მაისს მოსთხოვა ინტერნეტსაიტიდან ამოეგდო "განმათავისუფლებლის" ასაწყობი ინსტრუქციების შემცველი ფაილები, რომელთა საშუალებითაც მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში ყველა მსურველს შეეძლო სამგანზომილებიანD პრინტერზე ასეთივე პისტოლეტები ამოებეჭდა.