"მასტერა" მთხოვდა, ცნობილი ადვოკატები გრუ-ას აგენტებად დამესახელებინა"
"ექიმის დაუდევრობით ცალ თვალში მხედველობა დავკარგე"
ადვოკატმა ლაშა სტურუამ ციხეში 5 წელი გაატარა და ამნისტიით გათავისუფლდა. ამბობს, რომ მაშინდელი სისტემისთვის პრინციპულობის გამო გახდა მიუღებელი.
- იურიდიული ფირმა მქონდა და ადვოკატად ვმუშაობდი. რამდენიმე საქმის გამო პროკურატურასთან უთანხმოება კი მქონდა, მაგრამ ყველაზე მეტად გურამ შარაძის საქმეში ჩართვით გავაღიზიანე. იმ ვიდეოფირის ნახვის შემდეგ მივხვდი, რომ გიორგი ბარათელი არ არის შარაძის მკვლელი. შარაძის ოჯახის ახლობელმა მთხოვა, რომ ბარათელი სასამართლოში დამეცვა. სწორედ ამ პროცესების დროს, 2008 წლის 31 იანვარს, ნარკოტიკების შეძენა-შენახვა-გადაზიდვის მუხლით დამაკავეს. =იმ დღეს პატიმარ მანუჩარ ანსიანთან მეხუთე საპყრობილეში შევედი. 2 ვახტა გავიარე, შემოწმებაც ჩამიტარდა, მერე მორიგე ქალბატონს ორდერი მივაწოდე და პატიმრის გამოყვანა ვთხოვე. ამ დროს გაგა მკურნალიძე მოვიდა და მითხრა, დირექტორის ოთახში წამოდიო. ბადრი ზაქარეიშვილის კაბინეტში რომ შევედი, იქ პროკურორი დავით ზვიადაძე, გამომძიებელი ილია გერგედავა და ჩართული ვიდეოკამერა დამხვდა. უნდა გაგჩხრიკოთო. დავთანხმდი... გამომძიებელმა გერგედავამ უკვე მომზადებული, დაწერილი ბრალი წამიკითხა. თითქოს გამოძიებისთვის დაუდგენელი პირისგან შევიძინე და შევიტანე ციხეში ნარკოტიკი პატიმარ ანსიანისთვის. მაშინ რიტორიკული კითხვა დავსვი, რატომ არ არის ჩემთან ერთად ანსიანიც ბრალდებული, ან იმ ორი ვახტის თანამშრომლები, რომლებმაც საგუშაგოზე გამომატარეს-მეთქი.
- ნარკოტიკი ჯიბეში ჩაგიდეს?
- უჯრიდან ჩემ თვალწინ ამოიღეს და ჩემს ნივთებთან დადეს. ეს ვიდეოკამერითაც დააფიქსირეს. მოსამართლე ეკა არეშიძეს ვთხოვდი, გამოეთხოვა ის ფირი, მაგრამ ამას ვერ მივაღწიე. მხოლოდ ერთი მოწმის ჩვენება იყო საქმეში - თითქოს ტყავის ქურთუკის ჯიბიდან ამოიღეს ფსალმუნი და იმაში იდო ჰეროინი. მოკლედ, 7 წელი მომისაჯეს.
- ფიქრობთ, რომ შარაძის საქმეში ჩართვის გამო დაგაკავეს?
- არანაკლებ მძიმე იყო დალაქიშვილის საქმე. სოფელ მუხრანში ყაჩაღობის დროს მას თავი მოსჭრეს. იმ რეგიონის ბევრ მაღალჩინოსანთან მომიწია დაჯახებამ. მოკლულის დასაც ემუქრებოდნენ, თუ არ გაჩუმდები, ძმის ბედს გაიზიარებო... კიდევ იყო ცინცაძის საქმე, ნარკოტიკის მოხმარებისთვის ერთ კვირაში ორჯერ დააკავეს. არადა, ნარკოტიკის მოხმარების შემდეგ 7 დღის განმავლობაში კვალი აუცილებლად რჩება ორგანიზმში. ანუ ერთხელ ჩადენილი დანაშაულისთვის ორჯერ სჯიდნენ. მისი გამართლება მოვითხოვე, პროკურორმა მითხრა, მინდა ასეთი განაჩენის გამოტანა, მაგრამ გამორიცხულიაო. გიორგი ღვინიაშვილს (თბილისის მაშინდელი პროკურორი) უთქვამს, გინდა სისტემა დამიშალოო? ათასობით ადამიანი იყო ასე უკანონოდ დაჯარიმებული და პრეცედენტის შექმნა ხელს არ აძლევდათ...
გლდანში ვიჯექი და გია დგებუაძემ, იმავე "მასტერამ", მომაკითხა. "ნაცმოძრაობაში" ბევრი მეგობარი მყავდა. დათო კირკიტაძესთან ვმეგობრობდი, ნიკოლოზ ხაჩირაშვილიც ბავშვობის მეგობარია. ეტყობა, ვიღაც ჩემი ბედით დაინტერესდა-მეთქი. "მასტერამ" მითხრა: შენთან ძმაკაცურად მოვედი, მინდა დაგეხმაროო და ჯიბიდან ფურცელი ამოიღო. ჩამოწერილი იყო ადვოკატების გვარები: ეკა ბესელია, მალხაზ ჯანგირაშვილი, შალვა ხაჭაპურიძე და შალვა შავგულიძე. მითხრა, ნებისმიერ მათგანზე, ან ოთხივეზე, უნდა მოგვცე ჩვენება, რომ ისინი გრუ-ს აგენტები არიან და აქედან გასვლაში დაგეხმარებიო. რომ მკითხავენ, საიდან იცი მათი აგენტობა, რა ვუპასუხო-მეთქი. არ ვიცი, იფიქრე და ყველაფერს მოევლებაო. სხვას, რაც გინდა, იმას დავწერ, თუ გინდა, ვაღიარებ რომ წამალი მქონდა, ერთი წლის შვილი მყავს, ოღონდ აქედან გამიშვით და საპროცესოზეც თანახმა ვარ-მეთქი. რაც გითხარი, იმაზე იფიქრეო. საპროცესოზე ეკა ტყეშელაშვილმა თქვა უარი, მასთან უთანხმოება მქონდა და უთქვამს, მთელი ციხე რომ გავუშვა, ლაშა სტურუას არ გავუშვებო. "მასტერას" შემოთავაზებულ სიბინძურეს ხელს ვერ მოვაწერდი. მერე მეუღლე მთხოვდა, შეწყალება დამეწერა, მაგრამ უკვე პრინციპულად ვთქვი უარი...
სასჯელაღსრულების სამკურნალო დაწესებულების ექიმ დავით ასათიანის დაუდევრობის გამო ცალ თვალში მხედველობა დავკარგე. სისტემატურად ვითხოვდი ექიმს, ჯერ თვალი დამებინდა, მერე საშინლად ამტკივდა და მაშინ დავკარგე მხედველობა. ახლა მეუბნებიან, ბადურა ჩამოიშალაო.
სარჩელს ვამზადებ და აუცილებლად ვუჩივლებ დავით ასათიანს. ახლა მთავარია, ჩემი უდანაშაულობა დავამტკიცო. ეს შეკერილი საქმეა. სამწუხაროდ, დავით ზვიადაძე ისევ პროკურორია. მოვითხოვ, კონკრეტულმა პირებმა პასუხი აგონ და მომავალში დამნაშავე პირებისგან მოვითხოვ მატერიალურ კომპენსაციას.
თეა ხურცილავა