ბიძინა ივანიშვილი: ნებისმიერი უმცირესობის უფლებები დაცული უნდა იყოს
ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ნებისმიერი უმცირესობის უფლებები დავიცვათ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, მას არაერთხელ განუცხადებია, რომ სექსუალური უმცირესობები ისეთივე მოქალაქეები არიან, როგორიც თითოეული ჩვენგანი.
"ამაზე აქცენტები არ უნდა გაკეთდეს და საზოგადოება ამას ნელ-ნელა მიეჩვევა. არსებობს ხალხის ნაწილი, ვინც ამას ვერ ღებულობს და სწორედ ამისთვის არსებობს სახელმწიფოში სამართალდამცველი სტრუქტურები. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ნებისმიერი უმცირესობის უფლებები დავიცვათ. ასე იქნება ამ შემთხვევაშიც", - აღნიშნა პრემიერმა.
რაც შეეხება ერთსქესიანთა ქორწინებას, როგორც პრემიერმა აღნიშნა, ეს საკითხი საზოგადოებაში აქტუალური არ არის და ამასთან დაკავშირებით არც კითხვები ისმის.
"ეს ისეთი საკითხია, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი ამაზე ჩამოყალიბებული ჯერ არ არის. არ დგას ეს საკითხი დღის წესრიგში. სხვათაშორის, ჩემი ოჯახი საფრანგეთში დროს იმყოფებოდა, როდესაც ამ კანონს ღებულობდნენ და იქაც საკმაოდ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია და ლამის გახლიჩა საზოგადოება. ყველა უმცირესობას ჩვენ პატივი უნდა ვცეთ", - აღნიშნა ივანიშვილმა.
რაც შეეხება 17 მაისს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით მოსალოდნელ დაპირისპირებას, ივანიშვილის თქმით, დაცული იქნება ყველა ადამიანის უფლება და პოლიცია ალბათ ხელისშეშლის უფლებას არავის მისცემს.