ცემა-ტყეპა ტრიუფელით ანუ როგორ და რატომ იგერიებდა სამი კაცი ოცს - კვირის პალიტრა

ცემა-ტყეპა ტრიუფელით ანუ როგორ და რატომ იგერიებდა სამი კაცი ოცს

მამუკა ბაკურია – ნუ გადამაყოლეს ხიდაშელის მამიდაშვილობას... ჩემდა საუბედუროდ, თინა არის ჩემი მამიდაშვილი...

ეგ ნაძირლები იმას რატომ არ ამბობენ, საყვარელიძე რომ წავიდა და დედამისის კლინიკაში გადაიღო ტომოგრაფია?!

მანანა გიორგობიანი – 20 კაცს 3 ვიგერიებდით, მაგრები ვართ და იმიტომ, არც ერთი არ ვართ მინდვრის ყვავილი

გიორგი ვაშაძე - ჩვენი მიზანი არ ყოფილა ამ ხალხის ცემა, თორემ მართლა 4 ადამიანი ხომ არ გვცემდა 20 კაცს?!.

რამდენიმე დღის წინ რესტორან "ლა ტრუფე"-ში, "ნაციონალური მოძრაობის" რამდენიმე წევრსა და რესტორანში მყოფ პირებს შორის ინციდენტი მოხდა, რის შედეგადაც დაშავდნენ პარლამენტის წევრები გიორგი ვაშაძე და დავით საყვარელიძე, აგრეთვე სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორი ზაზა გოროზია. როგორც დაშავებულები ჰყვებიან, აგრესია მათთვის უცხო პირებისგან წამოვიდა, მიუხედავად მათი მცდელობისა, რომ აგრესია არ გადაზრდილიყო ჩხუბში, ეს მაინც მოხდა და ისინი ამაში მამუკა ბაკურიასა და მასთან მყოფ სამ პიროვნებას ადანაშაულებენ. განსხვავებული ვერსია აქვს მეორე მხარეს. ჩვენ ამ ფაქტის ერთ-ერთ მთავარ მონაწილეებს მამუკა ბაკურიას და მანანა გიორგობიანს დავუკავშირდით და კომენტარი ვთხოვეთ.

მამუკა ბაკურია:

- რასაც ნაციონალები ამბობენ, სისულელეა. არ დავმალავ, რომ ნამდვილად არ მეხატებიან გულზე, ისე, როგორც საქართველოს 90%-ს, მაგრამ მაგათ საცემად ნამდვილად არ წავსულვარ იქ. ჩემს მეგობრებთან ერთად ვიყავი, მათ შორის იყო ორი ქალბატონი (ერთი დედაჩემის მეგობრის შვილია და მეორე ჩემი ბავშვობის მეგობარია). ვიცი, რომ პოლიცია ქმედითუნარიანია, არ ჰგავს მხედრიონს და შევარდნაძის დროინდელ პოლიციას, ისიც ვიცი, რომ ასეთი ქმედება დასჯადია, ჰოდა, მე რომ დებოშის ატეხა მდომოდა, ამ ქალბატონებს რატომ დავპატიჟებდი და შარში რატომ გავხვევდი?! ჩხუბი რომ მდომოდა, სპორტული ფორმით წავიდოდი, კასტეტს ჩავიდებდი და საერთოდ მომზადებული ვიქნებოდი რა. აგრესია წამოვიდა მათი მხრიდან და დარწმუნებული ვარ, გამოძიება ყველაფერს გასცემს პასუხს.

- ბატონო მამუკა, "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ამბობენ, რომ იქ მოსულმა პოლიციამ იმიტომ არ დაგკითხათ, რომ თქვენ ქალბატონ თინა ხიდაშელის მამიდაშვილი ბრძანდებით.

- ნუ გადამაყოლეს თინას მამიდაშვილობას. არ მინდა ამის თქმა, მაგრამ მასთან ძალიან დაძაბული ურთიერთობა მაქვს. ჩემდა საუბედუროდ თინა არის ჩემი მამიდაშვილი. გოგოსთვის წელიწადზე მეტია გამარჯობა არ მითქვამს. ის რომ ჩემი მამიდაშვილია, მე რა შუაში ვარ?! ეგ ნაძირლები იმას რატომ არ ამბობენ, საყვარელიძე რომ წავიდა და დედამისის კლინიკაში გადაიღო ტომოგრაფია?! მაგათ მოსმენას აზრი არ აქვს.

მანანა გიორგობიანი:

- ის, რასაც ისინი ამბობენ, არის სიცრუე. ჩვენგან არავითარი აგრესია არ ყოფილა. ნიკა მელია და მისი თანმხლები პირი, რამდენჯერმე მოვიდნენ ჩვენს მაგიდასთან, ისინი ცინიკურად და დამცინავად ექცეოდნენ ჩვენი სუფრი წევრებს. მე ეჭვი მაქვს, რომ მათ აღიზიანებდათ მამუკა ბაკურიას ფაქტორი, რადგან ის "ობიექტივის" ჟურნალისტია. თანაც ძალიან აგდებულად მიმართავდნენ მას. მამუკამ უთხრა, ძალიან გთხოვთ, ფამილარულად ნუ იქცევით, ჩვენ ჩვენს მაგიდასთან  დავრჩებით და თქვენ თქვენს მაგიდასთან დაბრუნდითო. ამაზე მათი მხრიდან წამოვიდა ლანძღვა-გინება, წამოხტნენ მათი სუფრის წევრები, შემოგვესივნენ, ერთმა მელიას ზურგს უკნიდან პირდაპირ ჩაარტყა ბექა მაზნიაშვილს (ბექას სახეზე ნაკერები ადევს), მეორე მე მეცა კისერში და დამარტყა მუშტი, მაგრამ მისდა გასაკვირად ვერ გამთიშა, რადგან მე ფიზიკურად საკმაოდ კარგად ვარ მომზადებული. საბოლოო ჯამში ისე მოხდა, რომ 3 ადამიანი ვიგერიებდით 20 კაცს.

- გამოდის, რომ 2 მამაკაცი და ერთი ქალი იგერიებდა 20 ადამიანის აგრესიას?

- დიახ, ვიგერიებდით. მაგრები ვართ და მოვახერხეთ. კარგად ვართ მომზადებულები და მაგიტომ. არც ერთი არ ვართ მინდვრის ყვავილი, ომიც გვაქვს ნანახი და ყველაფერი  უბედურება. ჩვენ არა ვართ დღევანდელი კოლბაში გამოზრდილი თაობა, ჯერ კიდევ ეროვნული მოძრაობიდან მოვდივართ. ჩხუბიც ვიცით და მუშტის მოქნევაც და ისიც, სხვისი მოქნეული როგორ ავიცილოთ, განსხვავებით სხვებისგან. სხვა რა გითხრათ, იმათ გააკეთონ სხვა შედარება, თუ იმათ არ რცხვენიათ, რომ 3-მა ადამიანმა 20 კაცი ცემა, მით უფრო ჩვენ არ გვრცხვენია.

- ქალბატონო მანანა, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი თქვენგანი პოლიტპატიმარი იყო.

- მათ, როგორც სჩვევიათ, სიცრუის მანქანა აამოქმედეს. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ არც ერთი ჩვენგანი არაა პოლიტპატიმარი, არასოდეს ვყოფილვართ ნასამართლევი, არც ერთი არ ვართ პარტიის წევრი, არც თანამდებობის პირი.

- როგორ ფიქრობთ, წინა ხელისუფლების დროს ასე იოლად გადარჩებოდით?

- წინა ხელისუფლება რომ ყოფილიყო, ისევე გაგვისწორდებოდნენ, როგორც გაუსწორდნენ გირგვლიანს. ახლა უკვე დახოცილები ვიქნებოდით. უბრალოდ, ახლა რომ სხვა ხელისუფლებაა, იმიტომაც გადავრჩით. პატრულმა იმუშავა არაჩვეულებრივად. ძალიან ოპერატიულად მოვიდნენ და ყველაფერი შესაბამისად გააკეთეს.

სრული სურათის შესაქმნელად დავუკავშირდით ინციდენტში მონაწილე გიორგი ვაშაძეს, რომელსაც რადიკალურად განსხავებული პოზიცია აქვს.

გიორგი ვაშაძე:

- მელია ჩვენთან აპირებდა ამოსვლას, რადგან დათო საყვარელიძემ დაურეკა, გზაში ბექა მაზიაშვილმა გააჩერა. შემდეგ ზემოდან ჩვენ დავინახეთ, რომ ხელი ჰკრეს მას და შეხლა-შემოხლა დაიწყო. ჩვენ ჩავედით და ვაშველებდით მათ. ბაკურიას და მის მეუღლეს...

- იქ ბაკურია მეგობარ ქალბატონებთან ერთად იყო.

- არ ვიცი, იქ იძახდა, ჩემი ცოლიაო. მოკლედ გეტყვით რა, ჩვენ სიტუაციის განმუხტვა გვინდოდა... პირადად მე ვცდილობდი, ბაკურიაც და ერთ-ერთი ქალბატონიც გამეყვანა, ამ დროს კი მოვიდა მესამე პიროვნება და თავში ჩამარტყა.

- როგორც "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები ამბობენ, ისინი ყოფილი პოლიტპატიმრები იყვნენ, რასაც ჩვენთან საუბარში მამუკა ბაკურია და მანანა გიორგობიანი გამორიცხავენ...

- მე არ ვიცი, ამას ვინ ამბობს. პირადად მე ეს არ მითქვამს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ისინი ნასვამები იყვნენ და გამომწვევად იქცეოდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ხელი არავისთვის დამირტყამს, მაინც იგინებოდნენ, ჩემი მისამართითაც. მე სიტუაციის დაწყნარებას ვცდილობდი, რადგან როცა საჯარო ფიგურა ხარ, ბუნებრივია პასუხისმგებლობა მეტი გაქვს. თორემ მართლა 4 ადამიანი ხომ არ გვცემდა 20 კაცს?! ჩვენი მიზანი არ ყოფილა ამ ხალხის ცემა.

- თითქმის ანალოგიურ განცხადებებს აკეთებს მეორე მხარეც, რომ თქვენ ცდილობდით სიტუაციის გამწვავებას, ისინი კი პირიქით…

- სასაცილოა. ჩვენ გარდა ბევრი ადამიანი იყო იქ, მომსახურე პერსონალი და სხვები, რომლებმაც ძალიან კარგად დაინახეს ყველაფერი. თვითონ ქალბატონიც  ძალიან აგრესიულად იქცეოდა და ბაკურიაც. ძალიან სამწუხაროა, როდესაც ადამიანი საჯარო ადგილას ასე იქცევა. ამ ფაქტზე სამწუხარო ისაა, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია ჩვენი მისამართით აკეთებს აბსურდულ განცხადებას: "მეტს რას უნდა ელოდნენ ეს ადამიანები". ეკა ბესელიას მხრიდან ასეთი განცხადება სირცხვილია. სწორედ მსგავსი განცხადებები იწვევს სიტუაციის დაძაბვას.

- ბატონო გიორგი, თქვენმა მეგობრებმა ამ ფაქტს პოლიტიკური შეფასება მისცეს, ეს არ უწყობს ხელს სიტუაციის დაძაბვას?

- სწორი იყო, რომ ამ ფაქტს პოლიტიკური შეფასება მიეცა, იქიდან გამომდინარე რომ ეკა ბესელიასნაირი ხალხი ცდილობს, ქვეყანაში ზიზღის მუხტი ჩააგდოს და გაამწვავოს სიტუაცია.

ლადო გოგოლაძე (სპეციალურად საიტისთვის)