მიშას ძმაკაცობა მამას ჯანმრთელობის,პატიმრობის და ფსიქოლოგიური ზეწოლის ფასად დაუჯდა
ამონარიდი გაზეთ "ყველა სიახლედან":
"ჩვენს ოჯახს, როგორც ჩანს, უფალმა არ აპატია, მამაჩემი, თორნიკე გასვიანი, მიხეილ სააკაშვილთან რომ მეგობრობდა" - ამბობს პრეზიდენტის ყოფილი მეგობრის ვაჟი თარხან გასვიანი, რომელიც თავისი პატიმრობის დროინდელ გაუხმაურებულ დეტალებზე გვესაუბრება და სურს ხმა მიაწვდინოს შინაგან საქმეთა მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს.
- მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების და ვანო მერაბიშვილის პოლიციური რეჟიმის პირობებში ჩემს ოჯახზე არაადამიანური ზემოქმედება განხორციელდა. პრეზიდენტის ძმაკაცობა მამაჩემს ჯანმრთელობის, თავისუფლების აღკვეთისა და ფსიქოლოგიური ზეწოლის ფასად დაუჯდა. მამაჩემი, თორნიკე გასვიანი, 2009 წელს დააკავეს შეთითხნილი ბრალდებებით - მაშინდელი სოდ-ის თანამშრომლებმა მამას სუბოტექსი და იარაღი ჩაუდეს. ამას წინ უძღოდა ის, რომ მამას დაუკავშირდა კუდ-ის მაშინდელი უფროსი დათა ახალაია და უთხრა, ჩვენს გუნდში დაბრუნდიო, რაზეც სასტიკი უარი მიიღო. სწორედ ამის გამო გაუსწორეს მას ანგარიში და დააკავეს. ვიდრე მიშა ხელისუფლებაში მოვიდოდა, მამა მისი უახლოესი მეგობარი იყო. სააკაშვილის იუსტიციის მინისტრობისას მამაჩემი მასთან მუშაობდა და ფინანსებს განაგებდა. მამაჩემი იხსენებს - ხშირად ყოფილა შემთხვევა, მიშას ჩემს მხარზე ჩამოუდევს თავი და უთქვამს, შენნაირი მეგობარი არ მყავსო. მიუხედავად ამის, რამდენჯერაც შესთავაზა თორნიკე გასვიანს სისულელეების გახმოვანება, ყოველთვის უარი მიიღო. ამის გამო მათ შორის ურთიერთობა დაიძაბა, რადგან მიშას არ უყვარს ისეთი მეგობრები, რომლებიც მონურად არ ემორჩილებიან და მამაჩემს და მას შორის ურთიერთობა დაიძაბა. სააკაშვილმა პირველი ნაბიჯი ჩვენი ოჯახის წინააღმდეგ მაშინ გადადგა, როცა თამარაშვილის ქუჩის #2-ში მდებარე კუთვნილი მიწა წაგვართვა და იქ არსებული შენობა-ნაგებობები დაანგრია საზოგადოებისთვის საჩვენებლად. ესეც არ იკმარა და ჩვენი ოჯახის განადგურება კვლავ გააგრძელა. აი, ასეთი მეგობრობა იცის სააკაშვილმა. ამ პერიოდისთვის მე პატარა ვიყავი, მაგრამ კარგად მახსოვს ყველაფერი.
- აცხადებთ, რომ გსურთ შს მინისტრთან შეხვედრა, კონკრეტულად რა ინფორმაციის მიწოდება გინდათ ღარიბაშვილისთვის?
- ოქტომბრის არჩევნებიდან დაახლოებით თვენახევარში, კერძოდ, 2012 წლის 21 დეკემბერს, შარდენის ქუჩიდან, სადაც მეგობართან ერთად ვიყავი, გამიტაცეს სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილმა პირებმა. ჩემი მეგობარი მანქანიდან გადააგდეს, შენ არ გვჭირდებიო, მე კი მამის სახელით "თორნიკევიჩით" მომმართეს, ცემით და გინებით მანქანაში ჩამტენეს და მიმიყვანეს გრიშაშვილის ქუჩაზე მდებარე პოლიციის სამმართველოში. ერთ-ერთ ნაცნობ პოლიციელს, ბექა ჭანჭალაშვილს ვთხოვე, ტელეფონი მათხოვე, დედაჩემს ვეტყვი, რომ დღეს სახლში ვერ მივალ-მეთქი. პასუხად მივიღე, ახლავე აქ მოვიყვანთ დედაშენს, შენს თვალწინ გადავკუზავთ და გავაუპატიურებთო. პოლიციელები რამდენიმე საათის განმავლობაში 5 წუთის ინტერვალით მცემდნენ. ლამის ცემაში ამომხადეს სული. ბოლოს მითხრეს, უნდა გაგაუპატიუროთო. ძალა წართმეული მქონდა, მაგრამ ვიფიქრე, რკინის კარს თავს დავარტყამ და თავს მოვიკლავ-მეთქი...
ინტერვიუ სრულად იხილეთ გაზეთ "ყველა სიახლის" ოთხშაბათის ნომერში.