"მამლუქად" წავედი..." - სამშვიდობო მისია "ღვთისგან დავიწყებულ" ქვეყანაში სიცოცხლის ფასად
ზვიად ჩადუნელმა საქართველო ვიცე-პოლკოვნიკის წოდებით დატოვა - მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალკვალიფიციური სამხედრო სასწავლებელი დაამთავრა. თუმცა, წინა ხელისუფლების "უჩვეულო" გადაწყვეტილებებს ვერც მისი პროფესიონალიზმი გადაურჩა. ამიტომაც ავღანეთში წასვლა გადაწყვიტა. "მამლუქად" წავედი, სხვა გზა არ მქონდა, აქ ჩემს საქმეს მაინც ვაკეთებ", - ამბობს ჩვენი რესპონდენტი... ჩვენი საუბარი ინტერნეტის საშუალებით შედგა. "სკაიპით" საუბრისას მესმოდა, როგორ აზანზარებდა ავღანური ქარი სამხედრო კარვის "კედლებს". "ამას შეჩვეული ვარ, ეს კარავი ბევრ შენობაზე კომფორტულია", - ღიმილით მითხრა ზვიადმა...
როგორ მსახურობს ქართველი სამხედრო იქ, სადაც ყოველ ნაბიჯზე საფრთხეა ჩასაფრებული, ამის შესახებ ის თავად გვიამბობს...
- საქართველოს შეიარაღებულ ძალებში იმ დროიდან ვმსახურობდი, როდესაც სამხედრო ფორმებს აკოწიწებდნენ. ყაზარმებიც არ გვქონდა, სამწყობრო მომზადებას, იარაღის ხელში დაჭერასა და ელემენტარულ სამხედრო მოქმედებებს გვასწავლიდნენ. ასე თანდათან, ნაბიჯ-ნაბიჯ იქმნებოდა ქართული არმია, თუმცა, მოტივაცია მართლაც ძალიან მაღალი იყო... აფხაზეთის დაკარგვის შემდეგ შავნაბადას ბატალიონში დავბრუნდი. სხვადასხვა სამხედრო სასწავლებლის გავლის შემდეგ კანზასის შტატში არსებულ ამერიკის არმიის საკომანდო და გენერალური შტაბის კოლეჯში ჩავაბარე. შემდეგ ისევ ქართულ ჯარს დავუბრუნდი, - თელავის ერთ-ერთი ბატალიონის მეთაურად გამანაწილეს. რამდენიმე თვე ვიმუშავე, შემდეგ თავდაცვის მინისტრად ირაკლი ოქრუაშვილი დაინიშნა და მითხრეს, არც ამერიკული განათლება გვაინტერესებს და არც რუსულიო.... იქ შეწყდა საქართველოს შეიარაღებულ ჯარებში ჩემი მსახურება და ამერიკაში გავემგზავრე. მერე კი ერთ-ერთ საკონტრაქტო კომპანიაში გავგზავნე მონაცემები... უკვე ორი წელია აქ ვარ. ეს არის თავდაცვის სამინისტროს პენტაგონის უდიდესი ლოჯისტიკური კონტრაქტორი DYNCORP INTERNATIONAL, რომელიც ლოჯისტიკურ დახმარებას უწევს საერთაშორისო კოალიციის ჯარებს, მათ შორის ქართველ სამხედროებსაც, ვინც სამშვიდობო მისიას ლეზერნიკის ბაზაზე გადის.
საერთაშორისო ჯარების მცდელობას, იქ სიმშვიდე დაემყარებინა, უკვალოდ არ ჩაუვლია. აქ ახლა იმაზე მეტი სიმშვიდეა, ვიდრე ადრე იყო. თუ არ ჩავთვლით, ბოლო თავდასხმას, რომელიც ბოლო დროს ყველაზე მასშტაბური იყო... ახლა ყველგან ბუნკერები დგას და დაბომბვის დროს თუ თავს შეაფარებ, მეტნაკლებად დაცული იქნები, მაგრამ ძალიან საშიშია, თუ მოწინააღმდეგე დაცვის პერიმეტრს გაარღვევს და ბაზაზე შემოვა. ამ დროს მოწინააღმდეგე ბაზაზეა გაფანტული და ნებისმიერ იქ მყოფს ყოველი მხრიდან საფრთხე ემუქრება. წარმოიდგინეთ, როგორი თავგანწირულები არიან, რომ ბაზაზე შემოსვლას რისკავენ. არადა, იქ უმძლავრესი კონტროლია და მაინც ახერხებენ მის გარღვევას. იქ შემოსვლა იგივეა, ლომს ხახაში შეუყო თავი, მაგრამ მაინც მოდიან. საქმე ის არის, რომ ასეთი შემოტევები ბაზაზე მყოფთათვისაც ძალიან საშიშია.
- ასეთი შემთხვევები ხშირად ხდება?
- არა. საბედნიეროდ ხშირად არ ხდება... მაგრამ ამ დროს ისინი ბაზაზე იფანტებიან. იქ მყოფებმა კი არ იციან, სად, რა ადგილას შეაფარეს თავი, საიდან გამოვარდებიან და რას მოიმოქმედებენ. მათთვის სიცოცხლეს ხომ ჩალის ფასი აქვს. ნებისმიერ დროს შეიძლება ჩადრიანი თალიბი ცხვირწინ აგეტუზოს ან კარზე მოგიკაკუნოს. ეს კი ნიშნავს, რომ შენ წინ სიკვდილი დგას. მათ საბრძოლო წვრთნა არ აქვთ, პროფესიონალი ჯარისკაცები არ არიან, მხოლოდ ელემენტარულ საბრძოლო მომზადებას გადიან, ისე, როგორც შაჰიდი თვითმკვლელები და მხოლოდ ამიტომაც კი ჩვეულებრივ მებრძოლზე ათჯერ უფრო მეტად საშიშნი არიან. როდესაც ბაზაზე თავდასხმას აწყობენ, იციან, რომ სიკვდილზე მიდიან, მაგრამ ამაზე არ ფიქრობენ, რადგან სიცოცხლე არ ანაღვლებთ. სიკვდილი მათთვის შვებაა...

- მეამბოხეები პერიოდულად გიტევენ თუ ბრძოლისთვის მუდმივად მზად არიან?
- ძნელია ამის პროგნოზირება, ზოგჯერ მაშინ არიან ჩუმად, როდესაც მოსავალს იღებენ, მათი მოსავალი კი იცით, რაც არის. ზოგჯერ კი პირიქით, მაშინ აქტიურობენ და განსაკუთრებით აგრესიულები ხდებიან. ამიტომაც არის ბუნკერები ქუჩებში. სამწუხაროდ, ბევრი რამის მოყოლა არ შემიძლია. ეს არის რისკის ზონა…
- თქვენს ფუნქციაში რა შედის?
- ლოჯისტიკა და მომარაგება, ანუ საქმე, რასაც მე ვემსახურები, თალიბების ტკბილი ლუკმაა. ისინი სიცოცხლის ფასად ცდილობენ, სხვადასხვა პროდუქციით დატვირთული კოლონები გაანადგურონ. ალბათ გინახავთ, როგორ იწვის ცისტერნები და ავზები, ან როგორ ნადგურდება დატვირთული მანქანები. თალიბები მზად არიან, სიცოცხლე შესწირონ, ოღონდ ამ ყველაფერმა დანიშნულ ადგილამდე არ ჩააღწიოს. ისინი ანადგურებენ ყველაფერს - საკვებს, მედიკამენტებს, სამხედრო მასალას. მთავარია, სიახლემ ავღანეთში არ ჩააღწიოს. აქ მეომარს ასაკი არ აქვს. 10 წლის ბავშვსაც კი იარაღი უჭირავს და ეს განსაკუთრებით მძიმე სანახავია. თაობები ისე გაიზარდნენ, რომ ომის გარდა არაფერი უნახავთ. ამიტომ ავტომატით ან თვითნაკეთი ბომბებით შეიარაღებული 10 წლის ბიჭის დანახვა არავის უკვირს. აქ არსებობს შენობები, სადაც თვითნაკეთი ბომბებისა და მცირეწლოვანი ავღანელებისგან თალიბები მოსიარულე ბომბებს ქმნიან, ეს არაადამინური იდეოლოგია უღატაკეს მიწურებში იბადება და მათ სისხლში უჯდებათ.... აქ უკვე ხუმრობენ - ეს არის ქვეყანა, რომელიც ღმერთმა დიდი ხანია დაივიწყა... ამიტომაც ავღანეთში ყოფნისას ყველაზე რთული ფსიქოლოგიური ბარიერის გადალახვაა. აქ ხანგრძლივი მშვიდობა არ არსებობს და დღეს თუ სიმშვიდეა, ეს არ ნიშნავს, რომ მეორე წამს ვითარება რადიკალურად არ შეიცვლება. ბევრი ვერ უძლებს და ხშირად ბაზას მეორე დღესვე ტოვებს. აქ თუ ფიზიკური და ფსიქოლოგიური მონაცემები არ გააერთიანე, ვერ გაძლებ.
- საერთაშორისო ძალებში რომელი ქვეყნის წარმომადგენლები მსახურობენ?
- ძირითადად, ამერიკელები, შემდეგ კენიელები, ფილიპინელები, ტაჯიკები და ყირგიზები არიან... აქ მყოფთათვის ექვსი თვე არის ზღვარი, ვინც ამ დროს გადალახავს, შეიძლება ჩემსავით წლები დარჩეს. ჩვენი დილა 6 საათზე იწყება, ზოგჯერ უფრო ადრეც, გააჩნია სიტუაციას. ზოგჯერ, როდესაც შემოტევებია, სხვა რეჟიმში გვიწევს მუშაობა. აქ "მამლუქად" ყოფნა ბედნიერებას არ მანიჭებს, მაგრამ ჩემს საქმეს ვაკეთებ, სამხედრო სამსახურში ვარ, იქ, სადაც პროფესიონალიზმს აფასებენ და ეს ბევრს ნიშნავს ჩემთვის...
ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)