თუ გეებს იცავ, ეს იმას ნიშნავს, რომ შენც გეი ხარ?"
ამონარიდი ჟურნალ "გზადან"
ჰომოსექსუალები და ჰეტეროსექსუალები ერთმანეთს უფლებების დარღვევაში ადანაშაულებენ. როგორც უკვე ცნობილია, 17 მაისს არასამთავრობო ორგანიზაცია "LGBT საქართველო" ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით თბილისში, პარლამენტის შენობასთან აქციის ჩატარებას გეგმავს. ამ აქციის პარალელურად, საპროტესტო მსვლელობის მოწყობას აპირებს ადამიანის უფლებათა დამცველი გიორგი გაბედავა, თავის მხარდამჭერებთან ერთად და ამბობს, რომ გეებსა და მათ მხარდამჭერებს გარყვნილების პროპაგანდის საშუალებას არ მისცემს.
გადავწყვიტეთ, საკუთარი პოზიციების გამოხატვის საშუალება მიგვეცა, როგორც "LGBT საქართველოს" წარმომადგენლისთვის, ასევე - გიორგი გაბედავასთვის.
***
დათო შუბლაძე, "LGBT საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი:
- ბატონო დავით, მაინც რა მოთხოვნით მართავთ აქციას?
- პირველ რიგში მინდა გითხრათ - არ არის სწორი, როდესაც ჩვენზე ამბობენ, რომ გეიაღლუმს ვმართავთ. ეს არის ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე, რომელიც მსოფლიოს ასზე მეტ ქვეყანაში ყოველ წელს იმართება.
- ქართველი ჰომოსექსუალები რას მოითხოვენ?
- LGBT ადამიანები და მათი მხარდამჭერები ვაპროტესტებთ დისკრიმინაციას, რომელიც ხორციელდება ჰომოსექსუალების მიმართ ოჯახში, სამსახურსა და საზოგადოების თავშეყრის ადგილებში. როგორც ჩანს, საჭიროა, ყველამ დაინახოს, რომ ეს ხალხი არსებობს და მათ უფლებებს ისევე უნდა დაცვა, როგორც სხვა მოქალაქეებს.
- შეგიძლიათ გვითხართ, რა ფორმით ირღვევა მათი უფლებები?
- თუ ადამიანი ჰომოსექსუალია, სამსახურიდან ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე ითხოვენ, უარს ეუბნებიან სხვადასხვა დაწესებულებაში, მაგალითად - საავადმყოფოში მომსახურებაზე, ასევე აკრძალული აქვთ სისხლის გაცემა. ჰომოსექსუალი გათანაბრებულია პროსტიტუტთან, ნარკოდამოკიდებულთან და სხვა რისკ-ჯგუფის მატარებელ ადამიანთან. ნუთუ ეს ყველაფერი საკმარისი არ არის იმისთვის, რომ LGBT ადამიანმა ხმა ამოიღოს და თქვას, - მე არ უნდა მჩაგრავდეს სახელმწიფო და ხალხი!
- რატომ არის აუცილებელი, ჰომოსექსუალმა ხმამაღლა ისაუბროს თავის ორიენტაციაზე და სხვა აიძულოს, პატივი სცეს მისი ცხოვრების წესს? ესეც ერთგვარი ძალადობა ხომ არ არის?
- რატომ არის ძალადობა? კონსტიტუციის მე-14 მუხლში წერია, რომ ყველა მოქალაქე, ორიენტაციის მიუხედავად, თანასწორია. კანონი საკუთარი აზრის გამოხატვის უფლებას ყველას თანაბრად აძლევს. რაც შეეხება ორიენტაციაზე ხმამაღლა საუბარს: თუ ასი კაცი შეთანხმდება იმაზე, რომ მე მახინჯი ვარ, გამოვალ და ვიტყვი, რომ მახინჯი არ ვარ.
- მშობლები შიშობენ, რომ შესაძლოა, ჰომოსექსუალიზმი მათი შვილებისთვის მისაბაძი გახდეს...
- ყველას ვთხოვ, შეეშვას იმაზე აპელირებას, ვითომ ჰომოსექსუალები თავიანთ ორიენტაციას ვინმეს თავს ახვევენ. შეუძლებელია, ადამიანს ხელოვნურად შეუცვალო ორიენტაცია
- თქვენ რომ გკითხოთ, ხართ თუ არა გეი, თავს შეურაცხყოფილად იგრძნობთ?
- არა, რატომ? ეს ჩვეულებრივი კითხვაა, მაგრამ ადამიანმა თავის თავს ასეთი კითხვის დასმის უფლება არ უნდა მისცეს. ეს არავის საქმე არ არის. თუ გეებს იცავ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ შენც გეი ხარ... ცხოველთა უფლებებს თუ იცავ, ეს იმას ნიშნავს, რომ ცხოველი ხარ?
გიორგი გაბედავა, უფლებადამცველი
- ბატონო გიორგი, რატომ გადაწყვიტეთ, რომ ჰომოსექსუალებს აქციის ჩატარების საშუალება არ მისცეთ?
- ამ ადამიანებს ლოგინში არ ვუვარდებით, მაგრამ არც გარყვნილების პროპაგანდის უფლებას მივცემთ. ჩემს თანამოაზრეებთან ერთად ვატარებ აქციას ლოზუნგით - "დაიცავი ზნეობა!" ჩვენ ვამბობთ, რომ გეიაღლუმი არის გარყვნილების პროპაგანდა და არა - ვინმეს უფლებების დაცვა. ორგანიზაციას, რომელიც ჰომოსექსუალებს იცავს, უცხოური ორგანიზაციები აფინანსებენ. ამის შესახებ თავად "LGBT საქართველოს" წარმომადგენელმა თქვა...
- თქვენ ამბობთ, ჰომოსექსუალების უფლებები არ ირღვევა, მაგრამ ისინი ირწმუნებიან, რომ უმიზეზოდ ათავისუფლებენ სამსახურიდან და სამედიცინო დაწესებულებებში დახმარებას არ უწევენ.
- ტყუილია. მე გეი არ ვარ, მაგრამ ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე გამათავისუფლეს სამსახურიდან. 3 წელი პოლიტიკური ნიშნით ვიყავი დაპატიმრებული, მაგრამ არც ერთ ამ ორგანიზაციას, რომლებიც ახლა გეების უფლებებისთვის იბრძვიან, ხმა არ ამოუღია. მათ არც ციხეებში მამაკაცების გაუპატიურების ფაქტები გაუპროტესტებიათ. უფრო მეტიც, 19 აპრილის აქციაზე გამოვიდნენ. ე.ი. ეს ხალხი მხარს უჭერს ადამიანის წამებას, ცემას, გაუპატიურებას...
- ადამიანის უფლებათა დეკლარაციაში წერია, რომ ნებისმიერ ადამიანს აქვს საკუთარი ნების გამოხატვის თავისუფლება...
- კი, გამოხატვის უფლება ყველას აქვს, მაგრამ ძალადობის მხარდაჭერისა და გარყვნილების პროპაგანდის უფლება არავის აქვს.
- არის თუ არა ჰომოსექსუალების უფლებების დარღვევა, როდესაც მათ ქუჩაში ფიზიკურად უსწორდებიან?
- ეს მათ არ უნდა გაუკვირდეთ. ძალადობის მომხრე არ ვარ, მაგრამ ქართველი კაცისთვის გეების ყურება ძნელი ასატანია.
- როგორც უფლებადამცველს, ჰომოსექსუალმა დახმარებისთვის რომ მოგმართოთ, არ დაიცავთ?
- არა. მე ვიცავ ჩემს მომავალ თაობას. თქვენ თუ აკვირდებით, როგორ პროვოკაციაზე მიდიან: აქციას იმ ადგილზე მართავენ, სადაც 9 აპრილს ქართველმა ხალხმა ზნეობისა და ტრადიციის გადასარჩენად სისხლი დაღვარა!.. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: მათ ლოგინში არავინ უვარდება, არც სამსახურთან დაკავშირებული პრობლემები აქვთ, პირიქით, ყველაზე მეტად ეგენი არიან დასაქმებულნი და მაღალ ხელფასებსაც იღებენ. იყვნენ თავიანთვის, ინტრიგანობასა და გარყვნილების პროპაგანდას თავი დაანებონ.
- ბევრი მხარდამჭერი გყავთ?
- ძალიან ბევრი. აქციაზე თბილისში არსებული თითქმის ყველა ტაძრის მოძღვარი გამოვა თავისი მრევლით. ჩვენ გვერდით არიან ასევე, რიგითი თბილისელებიც.