ჭინჭრაქების ქვეყანა
მახსოვს ძალიან პატარა ვიყავი და ეზოში ბურთს ვთამაშობდი, მეზობლის დარტყმული სახეში მომხვდა, ინერციით მომაბრუნა და სახით ჭინჭარში ჩამაგდო, რაც მე მაშინ განვიცადე მტერს არ ვუსურვებ. ასე შემოვიდა ჩემს ცხოვრებაში ჭინჭარი. მას მერე, რომ გითხრათ სრული კოჰაბიტაცია მოხდა ჩვენს შორის-თქო, მოგატყუებთ, მაგრამ მისი დანახვა მინდვრის ფხალში და კიდევ სხვა საჭმელებში მხოლოდ მახარებდა. 26 წელია საქართველოში ვცხოვრობ და რაც მომხდარა, მგონი ყველაფერი მინახავს ("ველური გულის" ბოლოსწინა სერია გამომრჩა, ჰაიმე რომ ცხენიდან ჩამოვარდა და მოკვდა. უშუქობის გამო ვერ ვუყურე და დღემდე შავ ლაქად გასდევს ჩემ ცხოვრებას), მაგრამ პირველად ვნახე ჭინჭრით შეიარაღებული (მგონი უმჯობეისა თუ ვიტყვი შეჭინჭრებული) ხალხი, რომელიც მტერს დასუსხვით აშინებდა, დიახ 17 მაისს "ლგბტ" აქციის მოწინააღდეგეები სწორედ ამ ხერხით ემუქრებოდნენ "მტერს". თავდაპირველად ვიფიქრე, რომელიმე მავან მაღალჩინოსანს ჭინჭრის ბიზნესი ხომ არ აქვს და იქნებ იმან შეატყუა ამ ხალხს ეს მცენარე მეთქი; სულო ცოდვილო, ისიც კი ვიფიქრე ჭინჭარი ოდესმე საქართველოს სიმბოლო ხო არ იყო, რომელიმე უცხოურ რუკაზე ან გერბზე-მეთქი, მაგრამ აქაც მოვტყუვდი; ბოლოს იმან გამიელვა, იქნებ მართლა კურნავს "იმ საქმეს" ჭინჭარი-თქო, მაგრამ თქვენც არ მომიკვდეთ: როგორც აღმოჩნდა, Urtica-ს (ჭინჭრის ლათინური სახელია) ნაყენს კუჭის წყლულის, ფილტვების დაავადებისას, ყატარის და სხვ, დაავადების წინააღდეგ იყენებენ, მაგრამ ვისაც ეს მცენარე ეჭირა ვერაფერი დაავადებულისა ვერ დავუნახე.მოკლედ ათასნაირი ფიქრით თავდამძიმებულმა ბოლოს ვიკადრე და ვიკითხე, რად უნდოდათ და მიპასუხეს: "ლგბტ"პირები უნდა დაესუსხათ.
ამის ფონზე გამიჩნდა რამდენიმე შეკითხვა:
1.პროცენტულად ერთ კონა ჭინჭარზე რამდენი "ლგბტ" ადამიანი მოდის?
2.ხომ არ ქონდათ ინფორმაცია, რომ "ლგბტ" პირებს ექნებოდათ მინდვრის მხალი და ნიგოზი და ამათ ხო არ შეუთვალეს ჭინჭარი არ გვინდა გვაქ-თქო?
3.სადაა გარემოს დაცვის სამინისტრო, როცა ნადგურდება ჭინჭრის ენდემური ჯიშები?
4.რატომ არ ინტერესდება თავდაცვის სამინისტრო ჭინჭრით, როგორც ეფექტური თავდაცვის და რიგ შემთხვევებში თავდასხმის იარაღით?
5. ქონდათ თუ არა აქციის წევრებს ჭინჭრის შენახვისა და ტარების უფლება?
გარდა ჭინჭრისა, აქციაზე "ტაბურეტკებიც" შენიშნებოდა. სავარაუდოდ, ეს ბრძოლის ახლებური ტაქტიკაა, რომელიც შემდეგში მდგომარეობს (იმედია, სახელმწიფო საიდუმლოებას არ გავთქვამ):
ვერსია#1 - მტერს გაედევნები, როცა ის დაიღლება, შენ უცებ ჯდები "ტაბურეტკაზე" და მტერი შურისგან იღებს შოკურ ტრავმას, ხოლო ამის შემდეგ მისი გაუვნებელყოფა ძალიან მარტივია;
ვესრია#2 – "ტაბურეტს" წასმული აქვს მაგიური ჭინჭრის ნახარში და მისი შეხება ამწარებს ადამიანებს (ვისაც კომპიუტერული თამაშები ხიბლავს, მიმიხვდება).
ვერსია#3 – "ტაბურეტი" დამზადებულია ჩინეთში და მისი თავზე გადამტვრევა ძალიან იოლია, იწვევს მხოლოდ მცირე დაზიანებებს და გამოიყენება აქციების დასაშლელად.
როდესაც ასეთი მომაკვდინებელი იარაღების არაკონიერი გამოყენება ხდება, აუცილებლად თავისი როლი ეკისრება პოლიციას, რომლის ვალია, აღკვეთოს ის სავავალო შედეგი, რაც ჭინჭრით დასუსხვას შეიძლება მოყვეს, ხოლო თუ ეს კანონიერი ქმედება არ განხორციელდა პასუხისმგებლობა პირადად მინისტრს ეკისრება.
მსოფლიოში ყოველდღე ათასობით აქცია იმართება, რომელსაც ხშირად არბევენ, შლიან და სხვ, თუმცა ისეთი მაიმუნობა, როგორც ჭინჭარი და "ტაბურეტკაა" თვით ჩრდილოეთ კორეაშიც არ მოფიქრებიათ.
დასარულს მინდა პირადად ჩემი შეხედულება გამოვთქვა იმის შესახებ, რაც დღეს მოხდა. სახელმწიფოში, რომელიც ძალიან გვინდა, რომ ევროპულად განვითარდეს, უმთავრესი არის კანონი, ხოლო კანონი რასაც არ კრძალავს, ყველაფერი დაშვებულია, მათ შორის გამოხატვის თავისუფლებაც, ხოლო თუ ვინმეს არ მოსწონს "ცისფერების", "ვარდისფერების" და სხვათა გამოხატვა, უნდა გააპროტესტონ კანონი, რომელიც მათ ამის საშუალებას აძლევს და არა უშუალოდ მათი ქმედება. ყველა ქრისტიანმა ვიცით, რომ მრუშობა ცოდვაა (თუ რანგობრივად განვიხილავთ, მამათმაბლობაზე ნაკლები), მაგრამ 100% დარწმუნებული ვარ, საქართველოში არ არსებობს მამრობითი სქესის წარმომადგენელი, რომელიც უბიწოებას საკუთარ მეუღლესთან კარგავს. ასე რომ,
"დედათმავლობას" და "მამათმავლობას" ჭინჭარ-ტაბურეტის პროტესტით ვერ გავაქრობთ, პირიქით ამგვარი პროტესტით მათ უფრო მეტი მომხრე უჩნდებათ და ერთგვარად რეკლამაც უკეთდებათ.
პ.ს. არც რეალური და არც ლატენტური ჰომოსექსუალი არა ვარ!