ეპისკოპოსი იაკობი - ქართველმა ერმა დღეს თავისი იდენტობა დააფიქსირა - კვირის პალიტრა

ეპისკოპოსი იაკობი - ქართველმა ერმა დღეს თავისი იდენტობა დააფიქსირა

ქართველმა ერმა დღეს თავისი იდენტობა დააფიქსირა, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა დღეს სამებაში გამართული პარაკლისის შემდეგ განაცხადა.

სამებაში სამადლობელი პარაკლისის დასრულების შემდეგ, ტაძარში მყოფ მრევლს მეუფემ ქადაგებით მიმართა.

მეუფემ დღევანდელი დღე მიულოცა მრევლს და აღნიშნა, რომ ასეთი დღეები იშვიათია. მღვდელმთავარმა მრევლს უწმინდესის დიდი ლოცვა-კურთხევაც გადასცა.

პატრიარქის ქორეპისკოპოსის თქმით, ქართველმა ერმა დღეს ზნეობრიობის, პატიოსნების დაცვის მაგალითი აჩვენა, რომ ჩვენ ვართ ქრისტეს და ქართული სახელმწიფოს მხედრები და ღირსი ვართ უფლის იმ სიყვარულის, რომლითაც ჩვენ გვმფარველობს.

"ერი მზად არის ზნეობრიობის დასაცავად. ჩვენ ვართ ქრისტეს, ქართული სახელმწიფოს მხედრები და არავის არ მივცემთ უფლებას, კარგად იცოდნენ, რაიმე სიახლეები შემოიტანონ ერში. მსოფლიო, როგორებიც ვართ, ისეთებს მიგვიღებს. გადაგვარებული წესით მაცხოვრებელი ადამიანები თუ შეუძლიათ მიიღონ, ნორმალურად მაცხოვრებელ ადამიანებს რატომ არ მიგვიღებენ? ეს არის ტყუილი, ეს არის კონკრეტული ძალის მიერ პოპულიზმისათვის გათვლილი ქმედებები. ჩვენ პირველ რიგში, პასუხისმგებლები ვართ ღვთის, ქვეყნის და ჩვენი წინაპრების წინაშე, მილიონობით დაღუპული ქართველის მიმართ, რომ არ მივიღოთ ის, რასაც თავს მოგვახვევენ. დღეს კარგად დაინახეს ხალხის ძალა, არავის არ ვემუქრებით, ღმერთმა დაგვიფაროს, ჩვენ ვართ სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ადამიანები, სასულიერო პირები ვართ, მაგრამ ჩვენთვის მთავარია ძლიერი სახელმწიფო და მასში მცხოვრები პირები, ძლიერი ადამიანი. ჩვენ არც რელიგიური კუთხით ვანსხვავებთ ადამიანებს და არც სხვადასხვა ორიენტაციისა და ეროვნების გამო, მაგრამ ნუ შეეცდებიან თავს მოგვახვიონ ის, რასაც არ მივიღებთ, მოვკვდებით მაგრამ არ მივიღებთ. დღეს ჩვენმა ერმა აჩვენა, რომ ღირსია იმ დიდი სიყვარულისა, რომლითაც უფალს ვუყვარვართ და გვფარველობს. თუ ხელისუფლება ამ ძალას სწორად გამოიყენებს, ქვეყანა მალე გამოვა სიძნელეებიდან და მართლაც პერსპექტივა გვექნება ნათელი მომავლის", - აღნიშნა ქადაგებისას მეუფე იაკობმა.

როგორც მეუფე იაკობმა განაცხადა, სხვადასხხვა პირებს, 40-50 ადამიანის დასაცავად ასე რომ გამოდიან, უნდა მოეთხოვოთ  უცხოეთიდან შემოსული მათი თანხები   სად მიედინება.