"რუსთაველზე გუშინ ტრადიციების დამცველი ადამიანები, ნამდვილი ქართველები დადიოდნენ"
"სექსუალური უკუღმართობისა და გარყვნილების პროპაგანდის" საწინააღმდეგო აქციაზე საზოგადოებისთვის ცნობილი სახეებიც გამოჩნდნენ. მათ მიაჩნდათ, რომ სექსუალური უმცირესობების უფლებები საქართველოში არ ირღვევა - ჰომოსექსუალებს ცხოვრების წესს არავინ უზღუდავთ, მაგრამ ქართველი ხალხის პროვოცირებას თავად სექსუალური უმცირესობები ახდენენ. მოგეხსენებათ, ლგბტ საზოგადოების მიერ აქციის მოწყობის მცდელობა როგორც დასრულდა...
შონზო (ზურა გაჩეჩილაძე):
- აქციაზე პროტესტის გამოსახატად გახლდით: თუ ლგბტ საზოგადოების წევრები და მათი მხარდამჭერები ამტკიცებენ, რომ თავისუფლები არიან და შეუძლიათ, საკუთარი ნება გამოხატონ, მეც მაქვს ნება და უფლება, ჩემი აზრი დავაფიქსირო: არ მომწონს, როცა საქართველოში რაღაც არატრადიციული შემოდის, რომელიც ჩვენს ქვეყანას, როგორც ოჯახს, ეწინააღმდეგება: ოჯახში ვინმე რომ მოვიდეს და გვითხრას, - თავისუფალი ვარ და როგორც ვთქვი, ისე უნდა მოვიქცეო, ამის უფლებას ხომ არც ერთი ქართველი არ მივცემთ? რუსთაველის გამზირზეც ანალოგიური შეგრძნებით და განწყობილებით გახლდით. იქ ქვეყნის ტრადიციების დამცველი ადამიანები, ნამდვილი ქართველები დადიოდნენ და ივლიან. ისეთი ანომალია, რაც გუშინ იგეგმებოდა, არ მოხდება. ჩემთან ერთად, ეს აზრი ბევრმა ქართველმა გამოხატა. ყველას მადლობას ვუხდი.
- იმ აქციას, რომლის წინააღმდეგიც იყავით, საზოგადოებისთვის ცნობილი თქვენი სამეგობროდან ბევრი მხარს უჭერდა...
- ეს ჯანსაღი პროცესია - ყველას საკუთარი პოზიცია აქვს, ყველა თავისი აზრის დაცვას ცდილობს. არ მინდა ვთქვა, რომ ჩვენ უფრო ბევრი და უფრო ძლიერები ვიყავით და მიზანს - რომ ეს აქცია არ გამართულიყო, ამიტომ მივაღწიეთ. მაგრამ როცა ამდენი ადამიანი ჩვენს უფლებას ვაფიქსირებთ, მგონი, ანგარიშგასაწევია. ჰომოსექსუალებს ვიწრო წრეებში შეკრებას არავინ უშლით, მაგრამ როცა შეკრებას პომპეზურ ხასიათს აძლევენ - სურთ, ის ადგილი გადაკვეთონ, სადაც ქაშუეთში დასვენებული, ავღანეთში დაღუპული ქართველი ბიჭები წინათ სიამაყით დადიოდნენ, ეს უკვე ძალიან სახიფათო სინდრომად მიმაჩნია. მათი აქცია კატეგორიულად მიუღებელია. განრისხებული ვარ.
- "სექსუალური უკუღმართობისა და გარყვნილების პროპაგანდის" საწინააღმდეგო აქციაზე ამდენ მხარდამჭერს ელოდით?
- რა თქმა უნდა. ლგბტ აქციის მხარდამჭერების მიერ ეს სიტუაციის "მოთელვა" იყო: სურდათ, რომ ჩვენი პროტესტის ფორმისთვის, ხალხის რაოდენობისთვის შეეხედათ. ძალიან შეეშალათ და "გათვლებში" მოტყუვდნენ, თუკი ფიქრობდნენ, რომ ქართველები დეგრადირების გზაზე ვართ და ჩვენს პრინციპებს და ფასეულობებს არ დავიცავთ. შესაბამისად, ეჭვი მეპარება, რომ მათ მეორედ მსგავსი აქციის მოწყობის სურვილი გაუჩნდეთ.
- აქციის მოწყობის მცდელობა წინათაც ჰქონდათ და როგორც ხედავთ, ასეთი სურვილი ისევ გაუჩნდათ.
- ეტყობა, არსებობს ორგანიზაცია, რომელიც ასეთი აქციის მონაწილეების მატერიალურ ინტერესს იწვევს. მათი მიზანი ის კი არ არის, რომ ხალხს სახეზე სცოდნოდა, თუ ვინ არის მამათმავალი და ვინ - ლესბოსელი, არამედ - მათი მოტივია, რომ კონკრეტული დაფინანსება, "გლეხურად" რომ ვთქვათ, "გააპრავონ".
დავით ქაცარავა:
- შონზომ ეს აზრი ეჭვის დონეზე გამოთქვა, თუმცა მე უფრო დაზუსტებით ვიცი, რომ ასეთი ორგანიზაციები საკუთარი "უფლებების" (რომლებიც ისედაც ზედმეტად გაფართოებულია) პროპაგანდისათვის ძალინ დიდ დაფინანსებას იღებენ. შესაბამისად, ჩვენი შეკრება იმის წინააღმდეგ იყო მიმართული, რომ ბოლოს და ბოლოს, ასეთმა ორგანიზაციებმა გაითავისონ - ქართველი ხალხი სექსუალური უმცირესობების ცხოვრების წესის პროპაგანდას არ მიიღებს. ჰომოსექსუალებს არაფერში ვზღუდავთ - სხვაგან რაც უნდათ, ის აკეთონ, მაგრამ ბოლო პერიოდში, ვატყობ, რომ აქეთ ვიზღუდებით: საზოგადოებაში ისეთი სიტუაციაა შექმნილი, რომ თუკი ჰომოსექსუალებთან დაკავშირებით ნეგატიური აზრი გამოთქვი, "ჰომოფობი", "ფაშისტი" ან "ნაცისტი" ხარ. მათ მიმართ ან კარგი უნდა თქვა, ან - არაფერი ანუ ჩემი აზრის გამოხატვის უფლება იზღუდება. ეს ადამიანები საზოგადოებაში გასვლას, მათ "მოწამვლას" და იმ აზრის დანერგვას ცდილობენ, რომ ჰომოსექსუალიზმი მისაღებია. მათი აქციები საქართველოში არასოდეს შედგება. ჩვენი ჰეტეროსექსუალობით არავის ვაწუხებთ - ჩვენთვის ვცხოვრობთ. მათაც თავისთვის იცხოვრონ - ცხოვრების წესში არავინ ზღუდავთ, მაგრამ საჯაროდ ნუ ყვირიან. მოხარული ვარ, რომ ჩემი მოლოდინი გამართლდა და ამდენი კაცი შევიკრიბეთ. ასეთი ერთიანობის და მხარდაჭერის ნებისმიერ პოლიტიკურ მოძრაობას შეშურდება.
შონზო:
- საფრანგეთში მოხდა მსგავსი ფაქტი: იქ არა მხოლოდ აქციის მონაწილეები დაარბიეს და ფიზიკურად შეურაცხყვეს, არამედ - აქციის დაშლის მერე, ქუჩასაც ვანდალურად მოექცნენ. იმის "ფორმულირება" არსად გაჟღერებულა, რომ ფრანგები ქაჯები და ჩამორჩენილები არიან. ქართველები (რადგან ჯერჯერობით ისეთი ქვეყანა არ გვაქვს, როგორიც გვინდა) ლგბტ საზოგადოების აქციის მიმართ გამოთქმული პროტესტის გამო, ჩამორჩენილებად და ქაჯებად უნდა "მოგვნათლონ"? ეს ვითომც იმიტომ, რომ მართლმადიდებლები ვართ, დოგმატურად ვაზროვნებთ და ა. შ. ამ დეფინიციასაც ვერ დავეთანხმები: ჩვენი რეაქცია ძალიან კონკრეტული, მკაფიო და სწორია - რაც ჩემი ერის ტრადიციაში არ "ჯდება", ჩემს ქვეყანაში იმის დამკვიდრებას ნურანაირი ფორმით ეცდებიან. ამის მიმართ ტოლერანტობა არ გამაჩნია, როგორც ქართველს, რომელსაც "ორიენტირი" ევრიპისკენ მაქვს.
- შონზო, აქვე გკითხავთ: "ნაციონალური მოძრაობიდან" თქვენი წამოსვლის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მონასტერში იყავით, სხვა პოლიტიკურ პარტიაში ანგარების გამო გადახვედით და ა. შ.
- სამწუხაროდ, მარხვის პერიოდი დაემთხვა და მონასტერში წასვლა ვერ მოვახერხე, მაგრამ უახლოეს მომავალში, აუცილებლად წავალ.
- ნაციონალური მოძრაობიდან თქვენი წასვლის რეალური მიზეზი რა არის?
- ის, რაც ამ ნაბიჯის გადადგმისთანავე ვთქვი. ამაზე მსჯელობის "გაშლა" "შორს წაგვიყვანს"...
ეთო ყორღანაშვილი (სპეციალურად საიტისთვის)