"პრემიერის მიერ კოსოვოს მისაბაძ მაგალითად გამოცხადება სერიოზული დიპლომატიური შეცდომა იყო"
"თუ საქართველო შეეგუება აფხაზეთის დამოუკიდებლობას და ამით მეტი შანსი იქნება აქ მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარებისთვის, საერთაშორისო თანამეგობრობა დიდი სიამოვნებით მიიღებს ამას. ისინი ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას დაუჭერენ მხარს მანამდე, ვიდრე ეს ჩვენთვის იქნება მნიშვნელოვანი."
"ცხადად ჩანს პოლიტიკური გამოუცდელობა, თანაც, ხელისუფლებას ამ მიმართულებით არ აქვს ჩამოყალიბებული ერთიანი ხედვა და სტრატეგია."
"ევრონიუსისთვის" მიცემულ ინტერვიუში პრემიერ-მინისტრს ბიძინა ივანიშვილს შეკითხვა სერბეთის და კოსოვოს ურთიერთობის ნორმალიზების შესახებაც დაუსვეს, რაზეც ივანიშვილმა უპასუხა, რომ კოსოვომ და სერბეთმა ძალიან კარგი მაგალითი აჩვენეს. "ეს ამყარებს ჩვენში იმის რწმენას, რომ მსოფლიო იცვლება და ერებმა, რომლებიც ადრე ვერ ახერხებდნენ საერთო ენის გამონახვას, დღეს მაინც მიაღწიეს კომპრომისს. ასე რომ, ჩვენც უნდა შევეცადოთ და ჩვენს მოძმე ოსებთან, აფხაზებთან და რა თქმა უნდა, რუსებთანაც ურთიერთობა დავამყაროთ." - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. ამ განცხადებამ ბევრი კითხვა გააჩინა. ისიც კი ითქვა, რომ კოსოვოს მაგალითი ჩვენთვის აფხაზეთსა და სამაჩაბლოზე სამუდამოდ ხელის აღებას ნიშნავდა. ამ საკითხებზე "კვირის პალიტრა" ექსპერტ კახა გოგოლაშვილს ესაუბრა:
- კოსოვოს თემაზე ლაპარაკი და ამით მანიპიულირება ძალიან საფრთხილოა. ყველას გვესმის, რომ კოსოვო სრულიად სხვა შემთხვევაა, იქ მიზეზები სხვა იყო, პროცესები სხვაგვარად ვითარდებოდა, ვიდრე აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის შემხვევაში, თუმცა საერთაშორისო სამართალი დაირღვა როგორც კოსოვოს აღიარების, ისე რუსეთის მიერ ჩვენი ტერიტორიების აღიარების შემთხვევაში.
- ბატონო კახა, სერბეთი და კოსოვო ურთიერთობის მოწესრიგებასთან დაკავშირებით გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით შეთანხმდნენ, რომ ისინი ევროკავშირისკენ სწრაფვაში ერთმენთს ხელს არ შეუშლიან. არის თუ არა ეს სერბეთის მიერ კოსოვოს დამოუკიდებლობის ირიბი აღიარება?
- დიახ, როდესაც აფორმებ სეპარატისტულ ტერიტორიასთან ხელშეკრულებას და აღიარებ მის უფლებას დამოუკიდებელ საგარეო პოლიტიკაზე, ეს არის პრაქტიკულად აღიარების ერთ-ერთი ფორმა, რომელსაც ირიბი აღიარებაც შეიძლება ეწოდოს. აქ ერთი გადამწყვეტი ფაქტორია: როგორც სერბეთი, ასევე კოსოვო მიისწრაფის ევროკავშირისკენ, შესაბამისად, სერბეთს აქვს იმედი, რომ სწორედ ევროკავშირის ფარგლებში შეიძლება მოახერხოს კოსოვოსთან იმ ინსტუტუციონალური ურთიერთობის აღდგენა რაც ჰქონდა. ჩვენ ამის იმედიც ვერ გვექნება, რადგან არც აფხაზეთი და არც ე.წ. სამხრეთ ოსეთი ევროპისკენ არ მიისწრაფის. მათი დამოუკიდებლობის გარკვეული ელემენტების ხელშეწყობა მხოლოდ და მხოლოდ რუსეთს ახეირებს. კარგი იქნება, თუ ეს ევროპული მისწრაფებები გაღვივდება აფხაზებსა და ოსებში, მაგრამ ჯერ ამის ნიშანწყალიც არ ჩანს.
- ამგვარი განცხადებები მაინც რა რისკებს შეიძლება შეიცავდეს?
- რისკი უპირველესად არის პერვერსიის სფეროში, დღეს ჩვენი მოსახლეობა ეწინააღმდეგება საქართველოს დაშლას, მაგრამ თუ კოსოვოს მაგალითი მისაბაძად გამოცხადდება და დეზინტეგრაციის იდეაზე ხშირად გაკეთდება განცახდებები, ეს საზოგადოებისთვის შეიძლება გასაგები და მისაღებიც გახდეს. ამასთანევე, საერთაშორისო არენაზე ამის გახმაურება რუსეთს აძლევს გარკვეულ იმედებს იმისას, რომ საქართველო შეიძლება ნელ-ნელა შეეგუოს შექმნილ რეალობას. რუსეთის ანალიტიკურ წრებში უკვე ლაპარაკობენ, რომ საქართველოში ბრუნდება რეალობის შეგრძნება, რომ აქ თითქოს ნელ-ნელა გასაგები ხდება, რომ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა შეუქცევადი პროცესია. ნებისმიერი ამგვარი განცხადება, მხოლოდ აძლიერებს რუსეთის პოზიციას და ასუსტებს ჩვენსას იმ მოლაპარაკებებისას, რაც ჟენევის ფორმატში გაიმართება თუ პირდაპირი დიალოგისას. ეს სერიოზული დიპლომატიური შეცდომაა. როცა მოლაპარაკებები მომდინარეობს, მოწინააღმდეგემ არასდროს უნდა იცოდეს შენი სუსტი მხარეები, შენი ეჭვები და ა.შ. პრემიერ-მინისტრის განცხადება არ განიხილება როგორც მხოლოდ მისი აზრი, მსოფლიოსთვის ეს არის გზავნილი, რომელშიც გამოხატულია ქვეყნის პოზიცია.
- ამგვარი განცხადებები თუ გაგრძელდა, ეს უახლოეს მომავალში არაღიარების პოლიტიკაზე უარყოფითად ხომ არ აისახება?
- უახლოეს მომავალში შეიძლება არ აისახოს, რადგან ევროპასაც და ამერიკასაც აქვთ ძალიან მკაფიო პოზიცია ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის მიმართულებით. თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში, ბუნებრივია, რომ შეიძლება ამას მოჰყვეს უარყოფითი შედეგები და შემოგვიბრუნდეს ძალიან ცუდად. საერთაშორისო საზოგადოებას ყველაზე მეტად აინტერესებს მშვიდობა და სტაბილურობა, თუ საქართველო შეეგუება ვთქვათ, აფხაზეთის დამოუკიდებლობას და ამით მეტი შანსი იქნება აქ მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარებისთვის, საერთაშორისო თანამეგობრობა დიდი სიამოვნებით მიიღებს ამას. ისინი ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას დაუჭერენ მხარს მანამდე, ვიდრე ეს ჩვენთვის იქნება მნიშვნელოვანი. ჩვენ თუ გვინდა, რომ შევინარჩუნოთ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა, ჩვენი პოზიციები თუ განცხადებები უნდა იყოს მტკიცე, სხვა შემთხვევაში, ბუნებრივია, რომ შეირყევა ჩვენი პარტნიორების პოზიციაც.
- შეიძლება პრემიერის ეს განცხადება აიხსნას მისი პოლიტიკური გამოუცდელობით?
- კი, ცხადად ჩანს პოლიტიკური გამოუცდელობა, მაგრამ არის მეორე მხარეც, თუმცა ეს შესაძლოა ერთმანეთთანაც იყოს კავშირში. ვფიქრობ, რომ ჩვენს ხელისუფლებას ამ მიმართულებით არ აქვს ჩამოყალიბებული ერთიანი ხედვა და სტრატეგია. წარმოუდგენელია ასე დიდ ხანს გაგრძელდეს. ჩვენ დღეს ვართ დიპლომატიურ ომში, ომში კი გამარჯვების შანსი სწორი სტრატეგიაა. არ შეიძლება სპონტანურად, ულოგიკოდ და ემოციურად ლაპარაკობდეს ხელისუფლება ამ უდიდეს პრობლემაზე. ასე მგონია, კოალიციის შიგნით არის ამ პრობლემის სხვადასხვა ხედვა, რაც პრემიერ-მინისტრის პოზიციაზე აისახება. ყოველ შემთხვევაში, გარედან ასე ჩანს, როგორც ჩანს, კოალიციის შიგნით კერძო საუბრებისას ძალიან ღიად და დაუფარავად არის ლაპარაკი ამ თემაზე, შესაბამისად, სხადასხვა ჯგუფს აქვს სხადასხვა შეხედულება, რომელიც ახდენს გავლენას ივანიშვილის განცახდებებზე, ამიტომაც ხშირად არის შეუსაბამობა მის საჯაროდ გამოხატულ პოზიციებში. არ ჩანს, რომ ხელისუფლებას აქვს გარკვეული ჩარჩო სტრატეგია, რომლის ფარგლებშიც შესაძლოა კეთდებოდეს განცხადებები. არც წინა ხელისუფლების დროს იყო მაინც და მაინც სახარბიელო ვითარება, კი შეიმუშავეს გარკვეული სტატეგიული დოკუმენტები, მაგრამ ბევრი რამ არ იყო ბოლომდე გააზრებული არც მაშინ, თუმცა ასეთი მასშტაბის არათანმიმდევრულბა ნამდვილად არ შეინიშნებოდა.
ნათია დოლიძე (სპეციალურად საიტისთვის)