მერაბ მეტრეველის კვირის ფიქრები
საზოგადოება
ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ბევრი ვერ მიხვდა, 17 მაისს რა საშინელება მოხდა. ვერ მიხვდა, ამან როგორ ცუდ პროცესებს შეიძლება მისცეს დასაბამი. ზოგს ჰგონია, აქ საუბარია იმაზე, ვიღაცას მოსწონს და იცავს ჰომოსექსუალებს თუ - არა. ეს საკითხი დღეს მეასეხარისხოვანია. 17 მაისს საქართველომ დიდი ნაბიჯი გადადგა შუა საუკუნეებისკენ, იმ სიბნელისკენ, რომელიც მაშინ ევროპაში სუფევდა და ჩვენ როგორღაც მას ავცდით. დღეს მთავარი პრობლემა 30 ჰომოსექსუალი კი არ არის, რომელიც რაღაცის გაპროტესტებას აპირებდა, არამედ ის ათიათასობით გავეშებული ადამიანი, რომელიც მზად იყო, ყველა ჩაექოლა, ვინც წინ დაუდგებოდა.
მეორე დღესვე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ათიოდე მოზარდმა შუაღამით რამდენიმე ბიჭს სცემა მხოლოდ იმის გამო, რომ ერთ-ერთს გრძელი თმა ჰქონდა. თვალში საცემი იყო 17 მაისის ძალადობაში მოზარდების მონაწილეობა და რაც ყველაზე სამწუხაროა, ამას აკეთებდნენ მართლმადიდებლობის სახელით.
როდესაც მეუბნებოდნენ, რომ საზოგადოებაში ფუნდამენტალისტური განწყობა მძლავრობს, არ მჯეროდა, ვფიქრობდი, რომ ასეთი მხოლოდ რამდენიმე ადამიანი შეიძლებოდა ყოფილიყო, 17-ში კი დავინახე, რომ საქმე უფრო რთულადაა, რომ მათი რიცხვი, ვინც მზად არის, ქრისტეს სახელით ადამიანებს სცემოს და ჩაქოლოს, იმაზე მეტია, ვიდრე კოშმარში წარმოვიდგენდი. მაშინ რითი განსხვავდები შუა საუკუნეების ბრბოსგან, რომელიც ტაშს უკრავდა ადამიანების კოცონზე დაწვას? მაშინაც ფიქრობდნენ, რომ ისინი საზოგადოებას რყვნიდნენ და ამიტომაც სჯიდნენ. დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ის, ვინც გუშინ ასე გავეშებული დარბოდა, სიამოვნებით დაუჭერდა მხარს ჰომოსექსუალების კოცონზე დაწვას.
ეკლესია
აქამდე ყოველთვის თავს ვარიდებდი სასულიერო პირების კრიტიკას - მკითხველის რელიგიურ გრძნობებს ვუფრთხილდებოდი, მაგრამ 17 მაისის აქციის შემდეგ გაჩუმება დანაშაული მგონია. ეს არ ეხება მთელ ეკლესიას, მაგრამ ის, რასაც ზოგიერთი სასულიერო პირი რუსთაველის გამზირზე აკეთებდა, სამარცხვინოზე მეტია. ჩვენ ვნახეთ სასულიერო პირი, რომელიც იგინებოდა, ვნახეთ მეორე სასულიერო პირი, რომელიც ტაბურეტით მისდევდა ადამიანებს და ვნახეთ სასულიერო პირიც, ავტობუსის კარის მოგლეჯას რომ ცდილობდა. მართალია, იყვნენ ისეთებიც, ვინც ხალხს ძალადობისგან თავის შეკავებას ურჩევდა, მაგრამ მათ ხალხის შეჩერება ვერ შეძლეს სწორედ იმიტომ, რომ ასეთი მოწოდებები დაგვიანებული იყო. 17 მაისის ძალადობა, ნებსით თუ უნებლიეთ, სასულიერო პირებმაც წაახალისეს. არ ვაპირებ, მათ ქრისტიანობის არსზე ვესაუბრო, მაგრამ მჯერა, რომ ქრისტიანობასთან საერთო არაფერი აქვს ძალადობას.
ძალიან კარგი იყო, როდესაც დღის ბოლოს პატრიარქი ძალადობას გაემიჯნა, მაგრამ ამ დროს მისი ქორეპისკოპოსი იაკობი ქადაგებაში ამბობდა, დღეს რაც ხდებოდა, ერის დაკვეთააო. ნუთუ ძალადობაა ერის დაკვეთა? ისინი ამბობენ, რომ სექსუალური უმცირესობებიც ძალადობენ თავიანთი პროპაგანდით და სხვა გზა არ დაგვრჩენიაო. ასეც რომ იყოს, ძალადობას ძალადობით უნდა უპასუხო? ეკლესიაში, რა თქმა უნდა, არიან პროგრესულად მოაზროვნეები. ამ დღეებში სოციალური ქსელებით გავრცელდა მამა ლევან მათეშვილის შარშანდელი ქადაგება, რომელიც სწორედ ე.წ. მართლმადიდებლობის დამცველებს ეხება. ის ამბობს: "ჭეშმარიტებას დაცვა არ სჭირდება. მართლმადიდებლობას დაცვა არ სჭირდება. საჭიროა მართლმადიდებლურად ცხოვრება. საჭიროა ჭეშმარიტების აღმსარებლობა. თქვენ შეგიძლიათ დაიცვათ ღმერთი?.. ქრისტე ამბობს, მე წყალობა მჭირდება და არა მსხვერპლი".
ხელისუფლება
მიუხედავად იმისა, რომ პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, ყველას აქვს აზრის გამოხატვის უფლებაო, პოლიციამ მოქალაქეთა დაცვა ვერ მოახერხა. მართალია, მან სექსუალურ უმცირესობათა დამცველები იქაურობას გაარიდა და უფრო დიდი ძალადობა აგვაცილა, მაგრამ ვერ შეძლო დაეცვა ამ ადამიანების უფლება, გამოეხატათ პროტესტი. ბევრი კითხულობს, რა უნდა ექნა შს სამინისტროს, ხომ არ დაარბევდა ხალხს, როგორც ეს 7 ნოემბერს და 26 მაისს მოხდაო. გგონიათ, სპეცრაზმის ფუნქცია მხოლოდ მიტინგის დარბევაა? სამინისტროს უნდა გამოეყვანა უკეთ აღჭურვილი სპეცრაზმი, მაგრამ არა დასარბევად, არამედ კორდონის გასაკეთებლად.
ის კორდონი, რომელსაც საპატრულო პოლიცია აკეთებდა და რომელიც იოლად გაარღვია გავეშებულმა მასამ, სპეციალური ფარებით აღჭურვილ სპეცრაზმს უნდა გაეკეთებინა და მისი გარღვევა გაცილებით რთული იქნებოდა. ღარიბაშვილი წინა დღით უნდა გამოსულიყო და გაეფრთხილებინა ყველა: ხვალ კორდონს სპეცრაზმი გააკეთებს, მათ არ ექნებათ აქციის დაშლის ან დარბევის ბრძანება, ძალას მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიყენებენ, თუ თავად სპეცრაზმზე მოხდება თავდასხმა. დარწმუნებული ვარ, ეს ძალადობას აგვაცილებდა. ვფიქრობ, ხელისუფლება უფრთხის სპეცრაზმის გამოყვანას, რადგან წინა ხელისუფლებამ სპეცრაზმის სრული დისკრედიტაცია მოახდინა. ეს კომპლექსი როგორმე უნდა დავძლიოთ. შს სამინისტროს ჯერ კიდევ აქვს შეცდომის გამოსწორების დრო. უნდა აგებინოს პასუხი ყველა მოძალადეს - საერო პირი იქნება ეს თუ სასულიერო. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება პროცესები უმართავი გახდეს. 17 მაისს ჩვენ ბოთლში ჩამწყვდეული ჯინი გამოვუშვით და თუ სასწრაფოდ უკან არ ჩავაბრუნეთ, ქაოსი დაისადგურებს და, რა თქმა უნდა, ევროპაც და ნატოც უკან დაგვრჩება. წავალთ ირანისკენ, სადაც რელიგიისა და ზნეობის დაცვის მოტივით ადამიანებს XXI საუკუნეში ქოლავენ...