”დასავლეთმა საქართველოს ანგარიში უნდა გაუწიოს და რაღაცები თავს არ უნდა მოახვიოს”
17 მაისამდე განვითარებული მოვლენები იმას ჰგავდა, მეისრეს მატარებლის სხვა ლიანდაგზე გადაყვანა რომ დაავიწყდება და ორ შემადგენლობას ერთმანეთის პირისპირ გაუშვებს. 17 მაისამდე ლგბტ (ლესბოსელი-გეი-ბისექსუალი-ტრანსგენდერი) ფლეშმობი და მის საწინააღმდეგოდ დაგეგმილი აქცია ისე პიარდებოდა, რომ, როგორც ზემოხსენებულ შემთხვევაში მატარებლების შეჯახებაა გარდაუვალი, ისე იყო გარდაუვალი ის, რაც რუსთაველზე მოხდა. სამწუხაროდ, მეისრეს, ანუ ხელისუფლებას, "ჩაეძინა" და უსაფრთხოების უფრო მასშტაბური ზომები არ მიიღო. სამაგიეროდ, სწორედ რიგითი პოლიციელების დამსახურებაა, რომ ყველაფერი უფრო მძიმე შედეგებით არ დასრულდა. ხელისუფლება კი, ალბათ, კარგად უნდა დაფიქრდეს და ხალხის გამწარებას უმკურნალოს. ლგბტ ფლეშმობმა ათეულათასობით გამწარებული ჩვენი თანამოქალაქისთვის კატალიზატორის როლი შეასრულა. ხვალ, შესაძლოა, ანალოგიური ფუნქცია სხვა მოვლენამ იტვირთოს და ტრაგედიას უკვე ვეღარ გადავურჩეთ. ამას ეთანხმება ჩვენი დღევანდელი რესპონდენტი აკაკი ასათიანი, რომელიც მიიჩნევს, რომ პრობლემა უფრო ღრმაა.
- ისმის კითხვა, ვის ეკისრება პასუხისმგებლობა - ლგბტ აქციის ორგანიზატორებს, პოლიციას თუ ანტილგბტური დემონსტრაციის ლიდერებს. იქნებ პასუხისმგებლობა თანაბრად უნდა გადანაწილდეს?
- ჩემი აზრით, ლგბტ აქციის ორგანიზატორები ამ ამბავს მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოჰკიდებოდნენ. თუ ლაპარაკია იმ ადამიანებზე, რომელთა ინტერესებსაც აქციის ორგანიზატორები იცავდნენ, მაშინ ამას სხვანაირი მიდგომა სჭირდება. ამგვარი აქციები წინააღმდეგობას იწვევს არა მარტო ჩვენს ქვეყანაში, არამედ ევროპაშიც და ამერიკაშიც. დღეს რატომღაც მოდაშია საუბარი, თითქოს დასავლეთში ამ მხრივ ყველაფერი კარგადაა - არადა, ფილმები მაინც ნახონ! დასავლეთში ამის მიმართ, შესაძლოა, უფრო აგრესიული დამოკიდებულებაც კი იყოს, ვიდრე ჩვენთან, უბრალოდ, ამას არ გამოხატავენ. ამ პირთა მიმართ (არ დავაკონკრეტებ, რას ვგულისხმობ), სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ბევრ ევროპულ ქვეყანაში სულ ახლახან გაუქმდა. მიუხედავად ამისა, ეს ადამიანები, რა თქმა უნდა, ჩვენი საზოგადოების წევრები არიან. მე, პირადად, მათ მიმართ არანაირი "სხვანაირი" დამოკიდებულება არ მაქვს, მაგრამ საინტერესოა, რატომ ჰგავდა ეს ყველაფერი პროვოკაციას.
- აქციის (უფრო ზუსტად, ფლეშმობის) ორგანიზატორების ვერსიით, "ღონისძიება" 17 მაისს იმიტომ უნდა გამართულიყო, რომ ეს დღე ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე იყო.
- მე ფაქტებზე ვამბობ, თორემ თვალი დავხუჭოთ იმაზე, ამ მოვლენის მიმართ ქვეყანაში სერიოზული ანტაგონისტური დამოკიდებულება რომ არსებობს?! ამაზე თვალი არც მათ უნდა დახუჭონ და ანგარიში გაუწიონ რეალობას. თუ დამოკიდებულების შეცვლაზეა ლაპარაკი - ეს მოვლენაც ათასწლეულის განმავლობაში არსებობს და მის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულებაც, განსაკუთრებით ტრადიციულ რელიგიურ ქვეყნებში. დღეს ასეა, ყოველთვის ასე იქნება და რა ვქნათ?! თანამედროვეობამ მოიტანა, რომ მათ მიმართ სახელმწიფოების მხრიდან დევნა პრაქტიკულად ნულზე ჩამოვიდა (ზოგიერთ ქვეყანაში ეს ქმედება ისჯება, მაგრამ ისინი არ მიეკუთვნებიან პროგრესული ქვეყნების რიცხვს). თუმცა მე, ალბათ, ვერ მოვესწრები, რომ საქართველოში მათ მიმართ აღტაცებული დამოკიდებულება იყოს. ისე, საინტერესოა, აქციის ორგანიზატორების მხრიდან ასეთი გამომწვევი მოქმედება ვისგან გამომდინარეობდა.
- არ მინდა, შეთქმულების თეორიის ჟანრში გავაგრძელოთ საუბარი, მაგრამ საზოგადოებაში სხვადასხვა ვერსია ვრცელდება. მაგალითად, ამბობენ, რომ თითქოს ახალ ხელისუფლებას ან პატრიარქს მოუწყვეს პროვოკაცია. შეიძლება თუ არა ამაზე მეტ-ნაკლებად სერიოზულად მსჯელობა და საკითხის პოლიტიკურ სიბრტყეში გადატანა?
- არიან შეთქმულების თეორიით შეპყრობილი ადამიანები, მაგრამ არის მეორე უკიდურესობაც - შეთქმულების თავიდანვე გამორიცხვა. ეს აქცია თუ ფლეშმობი, იცით, რას ჰგავდა? მე და თქვენ ზვავსაშიშ ადგილას რომ ვიდგეთ, ვიყვიროთ და ზვავი ჩამოწვეს. შემდგომი ტრაგიკული შედეგი ზვავის ბრალი იქნება თუ ჩვენი?! ხალხი ზოგჯერ სტიქიას ჰგავს და ეს არაერთხელ გვინახავს. ასევე ცალკე საკითხია, რომ განზრახ ასეთი რეაქცია არ უნდა გამოვიწვიოთ. სხვათა შორის, ისინი, ვინც სამღვდელოებას და პოლიციას საყვედურობენ, ძალიან ცდებიან.
- სწორედ ეს მინდოდა მეკითხა. 17 მაისს რუსთაველის გამზირზე ზოგიერთი სასულიერო პირი აგრესიულად იქცეოდა. საყვედურობენ ირაკლი ღარიბაშვილსაც, რომ პოლიცია საკმარისი რაოდენობით არ იყო.
- მესმის, მაგრამ იმ დღეს არც სამღვდელოება რომ არ ყოფილიყო და არც პოლიცია, საშინელება მოხდებოდა. მსხვერპლი იქნებოდა და საკმაოდ სერიოზულიც. მესმის თავისუფლებისთვის თავის გაწირვა - თუმცა ჩემი თავისთვის დღემდე ვერ მიპატიებია, რომ 9 აპრილს ახალგაზრდები დაიღუპნენ და მე ცოცხალი დავრჩი. მაგრამ 17 მაისს რომ მსხვერპლი ყოფილიყო, რა უნდა გვეთქვა ან როგორ უნდა შეგვეფასებინა მოვლენა?! სრულიად სერიოზულად ვამბობ - სამღვდელოება და პოლიცია რომ არ ყოფილიყო, ტრაგედია გარდაუვალი იქნებოდა. სწორედ სასულიერო პირებმა შეძლეს ხალხის დაწყნარება, სწორედ პოლიციამ არ დაუშვა მხარეების შეტაკება. ამოვიღოთ კადრები და ვნახოთ, ხალხის რა მასაა და რომ არა პოლიცია, რა მოხდებოდა. 17 მაისს მომხდარი დრამატული მოვლენაა, ტრაგედიას გადავრჩით - თან ასეთ ამბავთან დაკავშირებით. ისე, მე რომ ვყოფილიყავი ხელისუფლებაში, შევეცდებოდი ორივე მხარეს დავლაპარაკებოდი და მიმეღწია შეთანხმებისთვის აქციის ფორმასთან დაკავშირებით. ვიმეორებ - პარალელური აქციების ერთმანეთისგან გამიჯვნის მცდელობა კი იყო, მაგრამ ამდენ ხალხს არავინ ელოდა.
- უკვე არის ნიშნები, რომ ხელისუფლების "ოცნებისა" და "ნაციონალური" შტოები მომხდარის ერთმანეთზე გადაბრალებას ცდილობენ.
- არ არის ახლა გადაბრალების დრო. საზოგადოებას ვერ დავაბრალებ - რაც მოხდებოდა, რატომ ვერ გამოიცანი-მეთქი. ხელისუფლება იმის ხელისუფლებაა, რომ ყველა ზომისთვის უნდა მიემართა შეხლა-შემოხლის თავიდან ასაცილებლად. შეიძლებოდა ორგანიზატორებთან დალაპარაკება, რომ ამ თემაზე სატელევიზიო გადაცემაში ელაპარაკათ, ყოველგვარი გამომწვევი ტონალობისა და ქმედებების გარეშე. მშვიდი ხასიათი მაქვს, მაგრამ რაღაცები მაღიზიანებს, თუმცა ვცდილობ, ყველაფერს ცივი გონებით მივუდგე. ასიათასობით ადამიანს კი ვერ მოსთხოვ, უცბად გარდაიქმნას და აბსოლუტურ ტოლერანტად და შემწყნარებლად იქცეს.
- გამომწვევი ქმედებები ახსენეთ. ისე, საზოგადოების საკმაოდ დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციისთვის დღეს ცემა არის ხვალინდელი დიდი გრანტი.
- მაშინ ეს სხვა გაგრძელებას მიიღებს. გაგრძელდება აგრესია და ხვალ უარესი შედეგი გვექნება. ახალგაზრდები ერთმანეთს ულოცავდნენ ქუჩაში - გავიმარჯვეთო. ასეთ განწყობას ხომ უნდა გაუწიოს ვინმემ ანგარიში?!
- 17 მაისს კიდევ ერთი არასასიამოვნო ფაქტი მოხდა. დემონსტრანტებთან მივიდა აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი და მას ხმაურით და შეძახილით - არ გვინდა ნატოში - შეხვდნენ. როგორც ჩანს, ჩვენი თანამოქალაქეების ნაწილისთვის რაღაც-რაღაცები აშშ-თან, ნატოსთან და დასავლურ ფასეულობებთან ასოცირდება.
- დიახ, ასოცირდება. გარკვეული ისტორიული გარემოებების გამო, ჩვენ დასავლეთს ჩამოვრჩით და მისგან განსხვავებულები ვართ. ეს ჩვენს გენშია და, დასავლეთმა ეს უნდა იცოდეს - საქართველოს ანგარიში უნდა გაუწიოს და რაღაცები თავს არ უნდა მოახვიოს. მნიშვნელობა არ აქვს, საიდან მომდინარეობს უნივერსალურ იდეებს ამოფარებული გაბატონების მცდელობა - დასავლეთიდან თუ რუსეთიდან. საქართველო თვითონ, თავისი გზით მივა დემოკრატიამდეც და კეთილდღეობამდეც. ჩვენი საზოგადოებაც უნდა დავარწმუნოთ, რომ ღირსებებისა და ფასეულობების დაცვა ასეთ ექსცესებში არ უნდა გადაიზარდოს.
- დასავლეთის პრესაში ძალზე ცუდი კომენტარებია ჩვენზე.
- არც არის გასაკვირი, მაგრამ მაინცდამაინც მტკივნეულად ეს არ უნდა აღვიქვათ. ოფიციალურმა თბილისმა კი გარკვეული განმარტებები უნდა გააკეთოს.