გურამ გირგვლიანი: ეს დღეც დადგა და სამართლიანობა აღდგა!
ამონარიდი ჟურნალ "გზა"-დან:
- მერაბიშვილის დაკავების ფაქტი ჩემთვის მოულოდნელი იყო, თუმცა ამ ხნის მანძილზე ნამდვილად ველოდი - ეს დღე დადგებოდა და ამაში ეჭვი არ მეპარებოდა. სამართლიანობა აღდგა, ამაში გასაკვირი არაფერია. როცა ახალი ხელისუფლება მოვიდა და საქართველოში სიტუაცია შეიცვალა, მაშინვე ვიფიქრე, რომ სანდროს მკვლელობის საქმეზე ჭეშმარიტება იზეიმებდა. ამ გამოძიებამ ბევრი რამ გამოააშკარავა, ახალი დეტალები წამოვიდა წინა პლანზე. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამ დაკავებით ყველაფერი დამთავრდა, ხედავთ, "ნაციონალების" მხრიდან ამ ფაქტს დიდი გამოხმაურება მოყვა, თითქოს ეს პოლიტიკური დევნაა, მაგრამ ნახავთ, გამოძიება და შემდგომი ეტაპი რეალურად აჩვენებს, თუ რა მოხდა, ამის სამხილი დაიდება. დაველოდოთ პროცესების განვითარებას, დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერს თავისი სახელი დაერქმევა.
- თვლით, რომ მერაბიშვილის დაკავების პროცესი ბოლომდე მივა?
- წინა ხელისუფლება ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ეს საქმე დაებლოკა. ვიცით, როგორი კატეგორიული იყო სტრასბურგის გადაწყვეტილება. თქვეს, რომ ხელისუფლების ყველა შტო, ქვედა რგოლიდან დაწყებული, ჩარეული იყო ამ საქმეში და მაშინ ამაში პრეზიდენტიც კი დაადანაშაულეს. ეჭვი არ მეპარება, რომ არა მარტო ჩემი ოჯახის საქმე, არამედ სხვა უამრავი ადამიანის საქმეში, რომლის დროსაც ამ 9 წლის განმავლობაში ბევრი დანაშაული ჩაიდინეს, სამართალი გაიმარჯვებს. ეს ფაქტი არის დასაწყისის დასაწყისი.
- ალბათ სიმბოლურია ისიც, რომ ყველაზე გახმაურებული, სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმით დაიწყო ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენის პროცესი, არა?
- ამას მნიშვნელობა არა აქვს, მთავარია - დაიწყო. ეს კონკრეტულად ერთი ოჯახის ტრაგედიას ეხება, თორემ ძალიან მნიშვნელოვანია ასევე, 26 მაისის და 7 ნოემბრის ფაქტები. დიდი მადლობა საზოგადოებას, რომელიც ჩვენს ოჯახს გვერდით დაუდგა და მათ ყველაფერი გააკეთეს, რომ მოსახლეობისთვის და მსოფლიოსთვის დაენახვებინათ, თუ რა ქვეყანაში ვცხოვრობდით, რა სახელმწიფო ჰქონდათ და ვინ მართავდა ჩვენს ქვეყანას. ჩემი შვილის საქმეში ჩარეული იყვნენ: მერაბიშვილი, ბოკერია, სააკაშვილი, ადეიშვილი, გაბაშვილები, რომლებიც გაავებულები არიან.
- როგორ გავიდა თქვენთვის ეს წლები? ალბათ იმედგაცრუებული იყავით.
- როცა ჩემმა მეუღლემ ბრძოლა დაიწყო, გვქონდა იმედი, რომ ეს დღე დადგებოდა. ირინა ენუქიძე ერთი ქართველი დედა იყო, მაგრამ მან სულ სხვანაირად გამოხატა ეს დიდი გრძნობა. მისი სიკვდილის შემდეგ ჩვენ მისი დაწყებული ბრძოლა გავაგრძელეთ. ამაში ძალიან მეხმარებოდნენ ადვოკატები - შალვა შავგულიძე და დავით ჯანდიერი. სტრასბურგში მიღწეულ შედეგში კი დიდი როლი ითამაშა თეა წულუკიანმა, მან მიიყვანა ეს საქმე ბოლომდე. იმ პერიოდში, იმ რეჟიმის პირობებში, ჩვენი დიდი გამარჯვება - სტრასბურგიდან მიღებული გადაწყვეტილება იყო. უამრავი მითითება მიიღო მაშინ ხელისუფლებამ და დღემდე ითხოვს ამ საქმეზე შედეგს. საზოგადოება ცოტა ხანში დაინახავს ყველაფერს - თუ რამდენი ადამიანი მონაწილეობდა ამ საქმეში, რამდენი ადამიანი ცდილობდა, რომ სანდროს საქმე მიეჩქმალა.
- გამოძიების დეტალები ალბათ თქვენთვის უკვე ცნობილია. კიდევ ვისი პასუხისმგებლობის საკითხი დადგება? თქვენ ვის დასჯას ითხოვთ?
- ისევ მიმდინარეობს გამოძიება. ვთვლი, ყველა უნდა დაისაჯოს - დათა ახალაია, გურამ დონაძე, თაკო სალაყაია, ვასილ სანოძე, ოლეგ მელნიკოვი და სხვები. იქ ვინც იყო, მარტო იმათი დასჯა არ არის საკმარისი, - ამას ისიც მოჰყვა, რომ სხვა რგოლები ჩაერთვნენ. ეს იყო უშველებელი ჯგუფი - ვგულისხმობ ხელისუფლების დიდ კლანს. ავიღოთ თუნდაც ბოკერია, რომელიც იმ პერიოდში მართავდა სასამართლო სისტემას; ადეიშვილი - თავისთავად: ყველამ იცის, სასამართლო პროცესების მსვლელობის დროს პირდაპირ ტელეფონით იღებდნენ მისგან დირექტივებს. სააკაშვილმა თქვა, - ვნანობ, ირინა ენუქიძეს რომ ვერ მივუსამძიმრე შვილის სიკვდილიო. ესეც თამაში იყო. კარგად იცოდნენ, რა გააკეთეს და თამაშობდნენ. ახლა მათ თვითგადარჩენის მიზანი ამოძრავებთ, მაგრამ ამას ისინი ვერ ეღირსებიან. თუ დღევანდელი მთავრობა ამ ყველაფერს ბოლომდე არ მიიყვანს, მაშინ მომავალშიც იგივე განმეორდება. ხალხი ამაზე თავის აღშფოთებას გამოხატავს. ეს საქმე ბოლომდე უნდა მიიყვანონ.
ინტერვიუ სრულად იხილეთ ჟურნალ "გზის" ხუთშაბათის ნომერში.