რა ქონების პატრონია გიორგი მარგველაშვილი
ამონარიდი ჟურნალ "გზა" -დან:
"ჩემს პროფესიასთან შედარებით, ძალიან მდიდარი ვარ. ჩემი პროფესიის ხალხს იმდენი ფული არ აქვს, რამდენიც მე მაქვს. ფილოსოფოსს რომ დაახლოებით 60 ათას ლარამდე აქვს შემოსავალი, მგონი, ცუდი არ არის. ახლა ამდენი აღარ მაქვს", - ეს განცხადება განათლების მინისტრის პოსტზე მყოფმა გიორგი მარგველაშვილმა ჯერ კიდევ მაშინ გააკეთა, ვიდრე პრემიერი მას პრეზიდენტობის კანდიდატად დაასახელებდა. ვინაიდან ქონებრივი დეკლარაციის შევსება ყველა მაღალჩინოსნისთვის სავალდებულოა, თანაც - ეს დოკუმენტი საჯარო გახლავთ, პრეზიდენტობის კანდიდატის ქონების შესახებ ინფორმაციის მოპოვება არ გაგვჭირვებია.
პრეზიდენტობის კადიდატის ქონებრივი დეკლარაცია
განათლების მინისტრი უძრავი ქონების სახით ფლობს 120 კვმ ფართობის ბინას პაოლო იაშვილის ქუჩაზე, ასევე, მის სახელზეა გაფორმებული ქალაქ დუშეთში, 200 კვმ ფართობის საცხოვრებელი სახლი და მიწის სამი ნაკვეთი (სულ 3000კვმ-მდე). პრეზიდენტობის კანდიდატის მამა - თეიმურაზ მარგველაშვილი კი თბილისში, პავლე ინგოროყვას ქუჩაზე 165 კვმ ფართობის ბინის მფლობელი გახლავთ. გიორგი მარგველაშვილს ორი სახელფასო ანგარიში აქვს - "თი-ბი-სი" და "ქართუ" ბანკებში. პირველზე 10.829 ლარის, ხოლო მეორეზე - 31.640 ლარის ოდენობის თანხა ერიცხება. ასევე აქვს 4.593 ლარის ოდენობის ანაბარი "თი-ბი-სი" ბანკში. მარგველაშვილმა საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში, რექტორისა და ლექტორის თანამდებობებზე მუშაობისას, წლის განმავლობაში ხელფასის სახით 57.347 ლარი მიიღო, მინისტრის დედას - მზეანა გომელაურს კი სამხატვრო აკადემიაში ლექტორის პოზიციაზე, წლიური ხელფასის სახით 1.931 ლარი დაერიცხა. გარდა ამისა, პენსიის სახით, მზეანა გომელაურმა და თეიმურაზ მარგველაშვილმა 1.440-1.440 ლარი მიიღეს. დეკლარაციაში მითითებულია, რომ 2007 წელს მიუნხენის საუნივერსიტეტო კლინიკა "გროშჰადენში", გიორგი მარგველაშვილის სახელზე 20 ათასი ევრო ჩაირიცხა და ამ თანხიდან 7.500 ევრო აქვს დარჩენილი. მინისტრი და მისი ოჯახის წევრები ფასიან ქაღალდებს არ ფლობენ. მათ მფლობელობაში არც ავტომობილია.
ახლობლების თვალით დანახული მინისტრი
რაც შეეხება პრეზიდენტობის კანდიდატის პირად ცხოვრებას, ის ძალზე ბუნდოვანი და იდუმალებით მოცულია. ჟურნალისტებისთვის ცნობილი იყო, რომ მინისტრი ამ თემაზე ღიად არასდროს საუბრობდა, ახლა კი ისიც შევიტყვეთ, რომ ოჯახის წევრები, ნათესავები და ახლო მეგობრები საგულდაგულოდ გაუფრთხილებია, პრესისა და ტელევიზიების წარმომადგენლებისთვის მის შესახებ არაფერი ეთქვათ. დიდი ძალისხმევის შედეგად, საუბარზე ის ადამიანები დავიყოლიეთ, რომლებიც მასთან ერთად სწავლობდნენ და მუშაობდნენ.
ზაზა შათირიშვილი, ფილოსოფოსი:
- როგორ ფიქრობთ, პრეზიდენტობისთვის შესაფერისი კანდიდატია?
- რატომაც არა?!
- პოლიტოლოგები ამბობენ: მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკურად აქტიური ადამიანია, პოლიტიკოსი არასდროს ყოფილა და შესაბამისად, ამ მიმართულებით არც გამოცდილება აქვსო...
- გიორგი პროფესიით ფილოსოფოსია და პოლიტიკური მეცნიერებით არის დაინტერესებული - ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩემი აზრით, პრეზიდენტისთვის დაკისრებულ უფლება-მოვალეობებს თავს შესანიშნავად გაართმევს. სულ ცოტა ხნის წინ ჩემმა ფრანგმა მეგობარმა, რომელიც ფილოსოფოსია და ერთ-ერთი ჟურნალსის რედაქტორიც გახლავთ, დამირეკა და მითხრა: ევროპული ქვეყნების ფილოსოფოსებს შორის დიდი აჟიოტაჟია ამტყდარი. მათ ძალიან უხარიათ, რომ ფილოსოფოსი შესაძლოა, პრეზიდენტი გახდეს. სხვათა შორის, მთხოვა, მისთვის მარგველაშვილთან ინტერვიუ "ჩამეწყო".
- როგორ გგონიათ, მარგველაშვილს მინისტრობა, შემდეგ კი პრეზიდენტობის კანდიდატად წარდგენა მართლა არ უნდოდა?
- ნამდვილად არ უნდოდა! პირადად ვარ იმის მომსწრე, თუ როგორ ამბობდა მინისტრის პოსტზე უარს. უბრალოდ, არის მომენტები, როდესაც გარემოება შენგან თავის გადადებას მოითხოვს. შესაძლოა, ჩემი ნათქვამი პათეტიკურად ჟღერს, მაგრამ ეს მართლაც ასეა.
დავით დარჩიაშვილი, საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი:
- 90-იან წლებში მე და გიორგი მარგველაშვილი ერთ-ერთ არასამთავრობო სექტორში ერთად ვმუშაობდით. მაშინ ნორმალური, ადამიანური ურთიერთობა გვქონდა და მასზე კარგი წარმოდგენის ვიყავი. მერე მე პოლიტიკაში აღმოვჩნი და ჩვენი გზები გაიყო.
- და მასზე კარგი წარმოდგენა აღარ გაქვთ, არა?
- როგორ შეიძლება, მასზე კარგი წარმოდგენა მქონდეს, როდესაც ამბობს, რომ თურმე, რუსეთს ტერიტორიები ჩვენ წავართვით? ოჯახში, სამზარეულოში ან მხოლოდ მეგობრებთან მაინც ამბობდეს ასეთ სისულელეებს. საჯაროდ ამის ლაპარაკი შეიძლება? საერთოდაც, მგონია, რომ პრეზიდენტობისთვის შეუფერებელი ადამიანია.
- რატომ?
- არა მგონია, ამ ადამიანს ესმოდეს, რა არის სახელმწიფოს მშენებლობა, დიპლომატიური სტილი, ლაპარაკი. ფილოსოფიური გატაცებები უფრო მეტად აქვს, ვიდრე სახელმწიფოებრივი აზროვნება, თანაც - არასტაბილური, გაუწონასწორებელი პიროვნებაა. ეს კაცი ივანიშვილის ახირება გახლავთ.
სტატია სრულად იხილეთ ჟურნალ "გზის" ხუთშაბათის ნომერში.