ვალერი ხაბურძანია - შენისთანა მინისტრები სად ზიხართ ახლა, ბატონო ვანო?
"2003 წელს სოხუმსა და ცხინვალში შესაძლო შეჭრაზე ჩემი პასუხი რომ მიიღო ვანომ გადაიხარხარა და მითხრა, შენისთანა მინისტრები რომ ჰყავდა ედუარდ შევარდნაძეს, იმიტომ ვარ ახლა მე ხელისუფლებაშიო და შენისთანა მინისტრები სად ზიხართ ახლა ბატონო ვანო?..." - ეს სიტყვები ფეისბუქში ყოფილმა იუსტიციის მინისტრმა, ვალერი ხაბურძანიამ გამოაქვეყნა... ამ და სხვა საკითხებზე იგი მოსკოვიდან გვესაუბრა...
- ბატონო ვალერი, როგორ ფიქრობთ, მერაბიშვილის დააპატიმრების დრო განგებ ხომ არ შეირჩა, 17 მაისის პროვოკაციისთვის შური რომ ეძიათ ან ხალხის ყურადღება გადაეტანათ?
- დააპატიმრეს მაშინ, როცა ეს პროცესუალურად მომზადდა. რაც შეეხება დაკავშირებას, თუნდაც ასე იყოს, მთავარია, კანონიერად დააკავეს (დარწმუნებული ვარ). დანარჩენი ხელისუფლების ტაქტიკის ამბავია.
- იქნებ უფრო ვრცლად გვიამბოთ სოციალურ ქსელში ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ თქვენს განცხადებაზე?..
- 2003 წლის დეკემბერი იყო, ვანო მერაბიშვილი უშიშროების საბჭოს მდივანი იყო, მე ჯერ კიდევ მინისტრი. მერაბიშვილმა დამირეკა და მითხრა, საქმე მაქვსო. გადავედი და დამიწყო საუბარი გეოპოლიტიკაზე, გეოსტრატეგიაზე... გამიკვირდა მისგან, მერე უცებ მკითხა, კარგად ჩაცმულ-დახურული ჯარი რომ გვყავდეს და ცხინვალში ან სოხუმში შევვარდეთ რა იქნებაო? მე ვუთხარი, თბილისს დაბომბავენ-თქო და მაგაზე ახარხარდა, არ გეწყინოს და შენაირი მინისტრები რომ ყავდა ედუარდ შევარდნაძეს, იმიტომ ვზივარ ამ თანამდებობაზე ახლაო.
- პირადად თქვენ რა ინფორმაციას ფლობთ ვანო მერაბიშვილის დანაშაულებებზე?
- რაც მთელ საზოგადოებას, გირგვლიანი, სისტემური დანაშაულები, მათ შორის მოსმენები, ბიზნესმენთა დატერორება, საკუთრების ჩამორთმევა, 2008 წლის ომი და ა. შ...
- ნუგზარ წიკლაურმა განაცხადა, მერაბიშვილის დაპატიმრების სამართლიანობის აღდგენად გამოცხადება უკიდურესი კრეტინობააო, პრეზიდენტი და სხვები ამბობენ, რომ ეს საქართველოს უკრაინიზაციაა...
- ამ სიტუაციის უკიდურეს კრეტინობად მონათვლა თავად მომნათვლელის პოლიტიკურ კრეტინობაზე მიანიშნებს. რომ აცხადებენ, მსოფლიო მხარს აღარ დაგვიჭერსო, აქამდე ხომ მხრები გვტკიოდა მოძალებული მხარდაჭერით?!.. იმის გამო, რომ ვიღაც ევროსტრუქტურებიდან ხელისუფლების საწინააღმდეგო განცხადებას გააკეთებს, თვალები არ უნდა დავითხაროთ... ამ ეტაპზე ყველაფერი ვთქვი, თუმცა ერთს და მნიშვნელოვანს მაინც დავამატებ: ამ რამდენიმე დღის წინ კიდევ სამი ვაჟკაცი ჩამოასვენეს ავღანეთიდან. რა გვინდა ხალხო ავღანეთში, არ გვეყო წინა საუკუნის 80-იან წლებში საჯიშე ვაჟკაცები რომ ჩაგვეხოცა, არაა საკმარისი 21-ში უკვე დაღვრილი სისხლი? დროა საზოგადოებამ ხმა აღიმაღლოს და დავიწყოთ მოძრაობა ავღანეთიდან ქართული სამხედროების გამოყვანაზე.
- ნატოში ამის გარეშე შევალთ?
- ნატოში ამის ფასადაც არ მიგვიღებენ, ამაშია საქმე, ან იმ ნატოში რა გვინდა?
- ნატოში შესვლა მნიშვნელოვანი არ არის?
- და რას გვაძლევს ეს შესვლა, არც გვიღებენ, ეს აშკარაა, მათ თავიანთი პრობლემები ყოფნით.
- ბატონო ვალერი, ბიძინა ივანიშვილს ხშირად აცხადებენ პრორუსული ორიენტაციის მქონედ. თქვენ თუ თვლით ასე?
- არ ჩანს, არ ეტყობა... ერთი მოქმედება, თუნდაც განცხადება მაჩვენეთ, რაც რუსულ ორიენტაციას მიანიშნებს. პირიქით, მკვეთრად დასავლურ ძალასთან გვაქვს საქმე... მე ხელისუფლებაში მყოფი ძალების ადვოკატად ვერ გამოვდგები, რაც შეეხება მეტ არგუმენტებს, მე კარგად ვიცნობ ირაკლი ალასანიას, იგი ჩემი მოადგილე იყო ორი წელი და სწორედ მედასავლეთეობის გამო დავნიშნე ჩემ მოადგილედ. ვიცნობ ძალიან ახლოს რესპუბლიკელებს, ვერც მათზე იტყვის ვინმე რუსეთუმეობას, ქართული ოცნების ლიდერი კი პირველი პოლიტიკოსია, რომელმაც ნატოში შესვლის კონკრეტული თარიღი დაასახელა - ათ წელზე ნაკლებ დროში მოხდება ესო... სხვა არგუმენტები ზედმეტად მიმაჩნია.
- რომელ კანდიდატს დაუჭერთ მხარს საპრეზიდენტო არჩევნებში... რომელ მათგანზე ფიქრობთ, რომ გაიმარჯვებს?
- ოცნების კანდიდატი, რა თქმა უნდა, პოლიტიკური კონიუნქტურა ამისთვისაა მზად, დანარჩენებს შანსი არა აქვთ. ჩვენ ქვეყანაში არჩევნებამდე ჯერ შორს ვართ, ჩვენთან გადარჩევნები ხდება.
- ანუ გიორგი მარგველაშვილს?... პირადად მარგველაშვილზე როგორი შთაბეჭდილების ხართ?
- კარგის, თუმცა შეცდომებს უშვებს და ვინ არ უშვებს, მაგრამ შენივე პოლიტიკური ძალის საწინააღმდეგო განცხადება კულუარებშიც არ უნდა გააკეთო თუ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია... შრომის კოდექთან დაკავშირებული ინციდენტი მაქვს მხედველობაში.
-თქვენ როდის აპირებთ საქართველოში ჩამოსვლას?
- მე ჩამოვალ ივნისის ბოლო კვირეებში, პირადი საქმეები მაქვს და საზოგადოებრივსაც დავუთმობ დროს, შეხვედრები მექნება საზოგადო სახეებთან.
მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)