ლაშა ბაქრაძე: ხალხმა უნდა იცოდეს, საიდან მოვიდა ესა თუ ის მღვდელი
პუბლიცისტმა და ისტორიკოსმა ლაშა ბაქრაძემ ეკლესიის მიერ სასულიერო პირების ბიოგრაფიების გამოქვეყნების საჭიროებაზე ისაუბრა. მისი აზრით, საზოგადოების ინტერესის საგანს ეკლესიის ფინანსური მხარეც უნდა წარმოადგენდეს.
ლაშა ბაქრაძე:
- საერთოდ, ძალიან კარგი იქნება, თუ ეკლესიაში უფრო მეტი გამჭვირვალება იქნება. საზოგადოებამ უნდა იცოდეს იმის შესახებ, თუ რა ხდება ეკლესიის შიგნით. ბევრისთვის ზოგიერთი მღვდელმსახურის ბიოგრაფია ძალიან საინტერესოა, ხალხმა უნდა იცოდეს, საიდან მოვიდა ესა თუ ის მღვდელი, რა უსწავლია, რა განათლება აქვს მიღებული და ა.შ.
- მიიჩნევთ, რომ მღვდელმსახურებს შორის კრიმინალური წარსულის მქონე ბევრია?
- შესაძლებელია. ამასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი ჭორი არსებობს. პირველ რიგში, სწორედ ეკლესიისათვის იქნება ძალიან კარგი, უფრო მეტი გამჭვირვალობა იყოს თუნდაც ფინანსებთან დაკავშირებით, რადგან ამ საკითხზეც არსებობს მითქმა-მოთქმა და აჯობებს, თუ ეკლესია არ იქნება ჩაკეტილი სისტემა, რომელზეც სახელმწიფოს ხელი არ მიუწვდება. ეკლესია ისეთივე პირობებში უნდა იყოს, როგორც ნებისმიერი ორგანიზაცია საქართველოში, ანუ შესაძლებელი უნდა გახდეს ფინანსების შესახებ ინფორმაციის მოძიება და აგრეთვე, იმის გაგება, თუ რას წარმოადგენენ მაღალი რანგის მღვდელმსახურები. გეკითხებით, ამაში არის რამე გასაკვირი?
- ასეთი ფაქტების გამოაშკარავებამ, შესაძლოა, მრევლსა და საზოგადოებას ცუდი წარმოდგენა შეუქმნას ზოგადად ეკლესიასა და რელიგიაზე. ამ შემთხვევაში, რამდენად გამართლებულად მიგაჩნიათ ბიოგრაფიების გამოქვეყნება?
- როგორ შეიძლება, სიმართლემ ვინმეზე ცუდი გავლენა მოახდინოს? პირიქით, ეს, ისევ გავიმეორებ, პირველ რიგში ეკლესიისთვის იქნება ძალიან კარგი. ადამიანები მიიღებენ ინფორმაციას და დაინახავენ, თუ რა ხდება ეკლესიაში.
- თქვენი აზრით, არ გაიზრდება ის აგრესია, რაც საზოგადოებაში 17 მაისის აქციის შემდეგ მღვდელმსახურების მიმართ გაჩნდა?
- არა, აგრესიას სწორედ ის იწვევს, რომ ბევრი რამ გაურკვეველი და ბნელით მოცულია. გამჭვირვალეობა ხელს ყოველთვის უწყობს ამა თუ იმ სიტუაციის გაჯანმრთელებას და გაჯანსაღებას.
- არ თვლით, რომ უკეთესი შეიძლება იყოს, თუ საპატრიარქოს მივმართავთ და არც ისე სუფთა წარსულის მქონე ადამიანებისგან გათავისუფლებისაკენ მოვუწოდებთ, მაგრამ ყოველგვარი გასაჯაროების გარეშე?
- ყველაფერი ხომ არ უნდა დავმალოთ? საპატრიარქოს, რა თქმა უნდა, თუ აქვს სურვილი, გასაჯაროებით უნდა გაათავისუფლოს ეს ადამიანები. საზოგადოებამ უნდა იცოდეს ასეთი მღვდელმსახურების შესახებ.
- თუ ადამიანების წარსულზე ვილაპარაკებთ, იგივე პრობლემა ხომ არსებობს სახელმწიფო სტრუქტურებში და არასამთავრობო ორგანიზაციებში. გამოდის, რომ ყველა მოხელის ბიოგრაფიები უნდა გამოქვეყნდეს?
- რასაკვირველია და აუცილებელია, ასევე მოხდეს სახელმწიფო სტრუქტურებშიც. ე.ი. აუცილებელი არ არის, ყველაფერი გამოქვეყნდეს, მაგრამ როდესაც კითხვას დასვამ და დაინტერესდები, ბიოგრაფიაზე ხელი უნდა მიგიწვდებოდეს, ამის საშუალება უნდა გეძლეოდეს. ჩვეულებრივ, ადამიანი სამსახურში როცა მიდის, მოკლე ბიოგრაფიას წერს და უფროსობას აბარებს. ამ ინფორმაციის მიღების საშუალება უნდა არსებობდეს, პირველ რიგში, რასაკვირველია, საჯარო მოხელეებთან დაკავშირებით. მათზეც ზუსტად იგივეს ვიტყოდი, მაგრამ იგივე, საჯარო სამსახურში, შესაძლებელია, ფინანსებთან დაკავშირებით დავსვათ კითხვა და პასუხი მივიღოთ. სამწუხაროდ, ეკლესიაში ასეთ კითხვას ვერ დასვამ.
- როგორ გგონიათ, 17 აქციის LGBT-ის აქციის საწინააღმდეგო აქცია სასულიერო პირების მიერ იყო ორგანიზებული?
- მოგეხსებებათ, იქ ძალიან ბევრი სასულიერო პირი ჩანდა. ორგანიზებაც, სავარაუდოდ, მათ მიერ მოხდა და ეს გამოსაკვლევი საკითხია.
- საერთოდ, როგორ წარმოგიდგენიათ სასულიერო პირის დადებითი როლი მსგავსი აქციის დროს?
- მხოლოდ და მხოლოდ ისე, როგორც ბრბოს შემაკავებლის.
- ხომ არ ფიქრობთ, რომ ის სასულიერო პირები, რომლებიც 17 მაისს აგრესიულად იქცეოდნენ, გარკვეული ძალების მიერ იყვნენ პროვოცირებულნი ეკლესიის დისკრედიტაციის მიზნით?
- მე გარეთ მყოფი ძალების და შეთქმულებების თეორიის დიდად არ მჯერა. ამიტომაც, ვერ გიპასუხებთ, მაგრამ პატრიარქმაც თავისი აზრი დააფიქსირა; ბევრი სამღვდელო პირის საქციელი სამარცხვინოდ და უზრდელობად შეაფასა. ასე რომ, მე არ ვიქნები გამონაკლისი და იგივე აზრზე ვარ.
ეკა აბაშიძე (სპეციალურად საიტისთვის)