ჟან კლოდ მინიონმა საოკუპაციო ხაზის გადმოწევის საკითხი ჟურნალისტებისგან შეიტყო, პაატა ზაქარეიშვილი კი საწინააღმდეგოს ამტკიცებს - კვირის პალიტრა

ჟან კლოდ მინიონმა საოკუპაციო ხაზის გადმოწევის საკითხი ჟურნალისტებისგან შეიტყო, პაატა ზაქარეიშვილი კი საწინააღმდეგოს ამტკიცებს

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ჟან კლოდ მინიონი აცხადებს, რომ დიცის მიმდებარე ტერიტორიაზე რუსი მესაზღვრეების მიერ მავთულხლართების გავლებაზე ინფორმაციას არ ფლობს, თუმცა, რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი ირწმუნება, რომ მან მინიონი ამ ფაქტთან დაკავშირებით შეხვედრაზე საქმის კურსში ჩააყენა.

როგორც პაატა ზაქარეიშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარში ჟან კლოდ მინიონმა განაცხადა, პაატა ზაქარეიშვილამდე მან შეხვედრა გამართა საქართველოს პრეზიდენტთან და არც პრეზიდენტთან და არც პაატა ზაქარეიშვილთან ეს საკითხი არ განუხილავს. "ეს ინფორმაცია არ მქონდა და თქვენგან გავიგე", - მიმართა მინიონმა ჟურნალისტებს.

ამასთან, მან პირობა დადო, რომ ამ საკითხზე ისაუბრებს იმ მინისტრთან, რომელთანაც ის ახლა მართავს შეხვედრას და ეს მინისტრია განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი.

"ეს არის ის მოვლენები, რომელზეც ჩვენ ვერ გავჩუმდებით და აუცილებლად მოვახდენთ რეაგირებას. თუკი ეს დადასტურდა, ბუნებრივია, დავგმობთ ამას, თუმცა ნება მომეცით, ფრთხილად ვიყო იმ საკითხზე, რომელზეც ინფორმაციას არ ვფლობ", - აღნიშნა მინიონმა.

რაც შეეხება პაატა ზაქარეიშვილს, როგორც მან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ერთ-ერთი საკითხი სწორედ ეს საკითხი იყო დღევანდელ შეხვედრაზე. "ჩემგან ბატონი მინიონი იყო ამ საკითხზე ინფორმირებული. მანამდე ჰქონდა თუ არა ამის თაობაზე ინფორმაცია, არ ვიცი", - განაცხადა ზაქარეიშვილმა.