"არც მე და არც გიგი უგულავას ისე არ გვიცხოვრია, რომ დასაჭერები ვიყოთ, მაგრამ რა ვიცი..." - კვირის პალიტრა

"არც მე და არც გიგი უგულავას ისე არ გვიცხოვრია, რომ დასაჭერები ვიყოთ, მაგრამ რა ვიცი..."

ამონარიდი გაზეთ "ყველა სიახლის" ოთხშაბათის ნომრიდან:

ინტერვიუ საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთ ლიდერ გიორგი ღვინიაშვილთან:

- გავრცელებული ინფორმაციით, ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის შემდეგ, შესაძლოა, თქვენ და ქალაქის მერი გიგი უგულავაც დაგაკავონ, ელით პროცესების ასეთ განვითარებას?

- ერთი რამ შემეძლია გითხრათ: არც მე და არც გიგი უგულავას ისე არ გვიცხოვრია, რომ დასაჭერები ვიყოთ, მაგრამ რა ვიცი, რა უდევს ამ ხელისუფლებას გულში?!

- თქვენ ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე პროკურატურაში დაკითხვაზე დაგიბარეს, თუმცა, როგორც მახსოვს, უარი განაცხადეთ იქ მისვლაზე და პროკურორებს ურჩიეთ, პარ-ლამენტში მოეკითხათ თქვენთვის, უკვე თუ დაიკითხეთ ამ საქმეზე?

- არა, არ დავუკითხივარ არავის. მაშინ უარი პროკურატურაში მისვლაზე იმიტომ კი არ ვთქვი, რომ კითხვებზე პასუხის გაცემა არ შემეძლო, არამედ იმიტომ, რომ ეს ჩვენი - პარლამენტარების პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო, რისი უფლებაც კანონით გვქონდა. ვიმეორებ, არანაირ კითხვას არ ვარიდებ თავს. არ ვიცი, დღეს ამ საქმის გამოძიებაში რა ხდება, მაგრამ მე ვარ ის ადამიანი, ვინც რობაქიძის მკვლელი დაიჭირა და ჩასვა ციხეში.

- თუმცა, წლების განმავლობაში გამუდმებით ისმოდა, რომ მკვლელობის რეალური სურათი შეცვლილი და გაყალბებული იყო …

- აგერ ხომ მოვიდა ახალი ხელისუფლება, მათ ხელშია ყველა საშუალება, გამოიძიონ ეს საქმე და აჩვენონ საზოგადოებას რეალური სურათი.

- კიდევ ერთი უმძიმესი საქმე უნდა გაგახსენოთ, ათი თვის ბარბარე რაფალიანცის ტრაგიკულ სიკვდილს ვგულისხმობ...

- აქ ვახსენეთ გირგვლიანი, რობაქიძე, მათზე ნაკლები მნიშვნელობის არ არის ათი თვის ბავშვის სოცოცხლე, რაც ჯერ კიდევ ვერ გამოიძიეს და რომელშიც ჩემი ყოფილი კონკურენტი, მანანა ბერიკაშვილი, აწ უკვე მინისტრის მოდგილე, უშუალოდ მე მდებდა ბრალს. ამას არ სჯერდებოდა, იმასაც კი ამბობდა, რომ თურმე მანამდეც არაერთი მკვლელობა მქონდა ჩადენილი. დღეს უკვე მაქვს სერიოზული ეჭვი, რომ ტრაგედია რაფალიანცების ოჯახში, დღეს ხელისუფლებაში მყოფი ხალხის ორგანიზებული იყო. ხომ აცხადებს კბილაშვილი, რომ ჩვენს დროს თურმე ბევრი საქმე თაროზე იყო შემოდებული და არ იძიებდნენ, ახლა რა ქნეს, რაფალიანცის საქმე თაროზე შემოდეს? მეორე დღეს ზუგდიდში ჰქონარჩევნები ირაკლი ალასანიას და რატომღაც ღამის ორ საათზე საეჭვოდ აღმოჩნდა გურჯაანში, განა ეს არ აჩენს კითხვებს? ადრე ხომ მე მაბრალდებდნენ ამ საშინელებაში მონაწილეობას, ახლა მე მაქვს ძალიან ლეგიტიმური ეჭვები, რომ რაც მოხდა, ეს იყო მაგათი ბრალი. თუ ასე არ არის, მაშინ გამოიძიონ და გვითხრან, რეალურად რა მოხდა, თვითონ მოკვდა, ვინმემ მოკლა ეს ბავშვი თუ რა უბედურება დატრიალდა? თუ არა და, მანანა ბერიკაშვილმა აგოს პასუხი. მას იმის განცდაც არ გასჩენია, რომ გამოსულიყო და ბოდიში მოეხადა, ადამიანურად, როგორც შვილების დედასა და ქალბატონს. ვითომც არაფერი, ზის მინისტრის მოადგილის სავარძელში ბედნიერად და სულ დაავიწყდა რაფალიანცები. სამძიმარზეც კი არ მისულა წესიერად. ყველა ქმედებას ხომ თავისი ლოგიკა აქვს, სულ რომ გადავრეულიყავი და ამგავრი საშინელება ჩამედინა, მაინც რა უნდა მიმეღო ამის სანაცვლოდ?! თანაც ბერიკაშვილს თავისივე სოფელში მოვუგე არჩევნებში, იმიტომ, რომ ერთი დღე არ გაუთენებია იმ სოფელში. მე კიდევ მთელი ცხოვრება გურჯაანის რაიონისა და მთელი კახეთის ცხოვრებით ვცხოვრობ. ვერ მომიგებდა არჩევნებს მანანა ბერიკაშვილი, ადგა და ასეთი ბინძური თამაში ითამაშა. ადგეს ახლა ხელისუფლება და გამოიძიოს, რა და როგორ მოხდა.

- ბატონო გიორგი, ე.წ. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვარი ოკუპანტტებმა კიდევ ერთხელ, ამჯერად სოფელ დიცთან გადმოსწიეს, იქ ჩასულ თქვენი პარტიის ლიდერებს გიგი წერეთელსა და გივი თარგამაძეს საკმაოდ აგრესიულად შეხვდა ადგილობრივი მოსახლეობა…

- თურმე ჩვენი ხელისუფლების ბრალი ყოფილა, რუსები ნელ-ნელა რომ მოცოცავენ და ამის წინააღმდეგ პროტესტს რომ არავინ გამოხატავს. ბოლო ხანს ყველაფერს ჩვენ გვაბრალებენ, თურმე "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროს დაიკარგა ცხინვალი და აფხაზეთი, კი, ბატონო, 1921 წლის ანექსიაც ჩვენ დაგვაბრალონ, როგორც ჩანს, ჯალალედინის, თემურ ლენგისა და აღა მაჰმად ხანის თარეშიც ჩვენი ბრალი იყო, მაგრამ ახლა ხომ "ქართული ოცნებაა" ხელისუფლებაში? მათ არ აქვთ პასუხისმგებლობა, დაუპირისპირ-დნენ რუსეთის ოკუპაციას? რუსეთთან ისე ლაპარაკი, როგორც ესენი ლაპარაკობენ, არ შეიძლება. რუსეთის საქციელი ყოვლად არაპროგნოზირებადია, არავინ იცის ხვალ რას გაკეთებს, მაგრამ საჭიროა, ჩვენ გვქონდეს პრინციპული პოზიცია. ძალიანაც მინდა, ჩვენი მანდარინი და ღვინო სხვადასხვა ბაზარზე გავიდეს და ამოისუნთქოს ქართველმა გლეხმა, მაგრამ მიმაჩნია, რომ უპირველესი ჩვენი სახელმწიფო და მისი დამოუკიდებლობაა და მერე - მანდარინი.

ინტერვიუ სრულად იხილეთ გაზეთ "ყველა სიახლის" ოთხშაბათის ნომერში.