ცხრუკვეთიდან ფხუკეთამდე - კვირის პალიტრა

ცხრუკვეთიდან ფხუკეთამდე

დედას ვფიცავ, არ ვღადაობ: სწორედ ფხუკეთი ჰქვია იმ კუნძულს, რომელიც ტაილანდს ეკუთვნის, სადაც შარშან სააკაშვილსა და მის ამალას, ქვეყნის ჭირ-ვარამზე დაღლილებს, ორიოდე დღით დაუსვენიათ და "სულ რაღაც" 85 ათასიც შემოხარჯვიათ ბიუჯეტიდან (სხვათა შორის, მხოლოდ ახლა აღიარა პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ამ ვოიაჟის აბმავი).

ცხრუკვეთი ხომ ყველამ ვიცით -პრეზიდენტის მშობლიური სოფელია ზემო იმერეთში. იმ პილოტს, ეტყობა, აერია მაშინ: ცხრუკვეთში წამიყვანეო, პრეზიდენტმა უბრძანა და იმან ფხუკეთში ამოაყოფინა თავი. მერე უკან ხომ არ დაბრუნდებოდნენ, ამხელა გზა ჰქონდათ გავლილი...

ხუმრობა იქით იყოს და ფხუკეთი და ტაილანდი იმიტომ ვახსენე, რომ ახლახან ისევ ეწვია სააკაშვილი ამ შორეულ ქვეყანას და საერთოდ, როგორც დაუზარელმა და კირკიტა ადამიანებმა დათვალეს, ბოლო თვის (უფრო ზუსტად -35 დღის) განმავლობაში ჩვენმა მთავარსარდალმა თითქმის 100000 (!) კილომეტრი იფრინა! ე.ი. დაახლოებით 3 ათასი დღეში!

იფრინა და იფრინოს, კი არ ვამადლი. კარლსონიც დაფრინავდა, მაგრამ კარგი ბიჭი იყო (ბიჭი კი არა, როგორც თავად ამბობდა: "ლამაზი, ჭკვიანი, ზომიერად ფერხორციანი, მოწიფული მამაკაცი". ანუ, ზუსტად ისეთი, როგორიც მიშაა), მაგრამ მისი ამ "ნაფრენის" ერთ კონკრეტულ პუნქტზე მინდა გავამახვილო თქვენი ძვირფასი ყურადღება, მკითხველო: პრეზიდენტი ავღანეთში შეხვდა 26 მაისის დღესასწაულს.

ცუდი არაფერია ამაში. პირიქით -მსოფლიოს ყველაზე სახიფათო წერტილში მომსახურე ჩვენს ბიჭებს მთავარსარდალი პირადად რომ მიულოცავს დამოუკიდებლობის დღეს, ამაზე კარგი რა უნდა იყოს, მაგრამ ეს მნიშვნელოვანი ამბავიც რომ თამაში ჰგონია ამ კაცს, ჯერ კიდევ მაშინ ვიფიქრე, როდესაც იქ (ავღანეთში) შვილთან ერთად ჩაფრინდა! არასრულწლოვან შვილთან ერთად! ავღანეთში - იმ ქართველ ჯარისკაცებთან, რომლებმაც ახლახან თანამებრძოლები დაკარგეს ბაზაზე ფანატიკოსი თვითმკვლელების თავდასხმის შედეგად!

არ ვიცი -თუკი ეს ნაბიჯი გორში 5 წლის წინანდელი ფოფხვის "კომპენსირებისთვის" მოხდა, საცინელ-სატირალია, მაგრამ მაინც პირველი ვარიანტი მგონია - 9 წელი გავიდა და ბიჭი ისევ "სახელმწიფოობანას" და "ომობანას" თამაშობს: "როგორ არ დაიბენი და როგორ მოკალი? შენ მოკალი დანარჩენი ორი, ხომ?" -ასე მიმართა იმ ტრაგიკული ინციდენტის ერთ-ერთ მონაწილეს პრეზიდენტმა.

მიხეილ ბატონო! ხომ იცით, როგორ მიყვარხართ? უკვე 9 წელია, თქვენზე და თქვენს თანაგუნდელებზე ვფიქრობ ხოლმე თითქმის ყოველ კვირაში ორი-სამი საათი (სამშაბათობით, საღამოს), ამიტომ ნუ მიწყენთ, თუკი პირდაპირ გეტყვით: ბავშვს და სოფო ნიჟარაძეს რომ დაატარებთ ავღანეთში, არ ჯობს, ვინმე ჭკვიანი მრჩეველი წაიყვანოთ?! ხომ გეტყოდათ ის პატიოსანი კაცი, რომ არ შეიძლება, საკუთარ ჯარისკაცს, რომელიც ისედაც საფრთხეშია, ტელევიზორში მოაყოლო, როგორ დახოცა თავდამსხმელი თალიბები? გაგიკვირდებათ და, იმ თალიბებმა მაშინაც კარგად იცოდნენ, ვის ბაზას ესხმოდნენ თავს, ტელევიზორებიც აქვთ, შურისძიების სურვილიც და ახლა უკვე კონკრეტულად იციან, თუ რომელმა ქართველმა ჯარისკაცმა დახოცა მათი თანამებრძოლები...

როგორც მთავარსარდალს, გთხოვთ, დააჯილდოოთ ის ჯარისკაცი და საქართველოში გამოიხმოთ და საერთოდ - როდის მოვა ეს ოხერი ოქტომბერი (ოქტომბერშია პრეზიდენტის არჩევნები, ხომ?), ამის დედა ვატირე, სად გინდა აკონტროლო ეს კაცი, 3 ათასიდან ყოველდღე რომელ კილომეტრზე რას იტყვის და ჩაიდენს, ვინ იცის?!

...ამასობაში აქ, სამშობლოში ცუდი ამბები ხდება: მერაბიშვილს რომ ბრალი დაუმძიმდა, ეგ არაფერი (მოსალოდნელი იყო); გეი-აქტივისტების კიდევ უფრო გააქტიურება და საქართველოს გამოცხადება შუასაუკუნეობრივ ჭაობად -ეგეც არ იყო მოულოდნელი, მაგრამ ამ "მნიშვნელოვანი" ამბების ფონზე, თითქმის უხმაუროდ მოხდა ერთი "უმნიშვნელო" ფაქტი: რუსებმა კიდევ 300 მეტრით გადმოწიეს საზღვარი გორისკენ!!!

სხვათა შორის, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მოხდა ეს, სწორედ იმ დროს, როდესაც ბაზალეთის რეზიდენციაში პრემიერ-მინისტრი იმ სეფე-სიტყვას წარმოთქვამდა, პირველად რომ გამოიწვია საყოველთაო მოწონება თვით "ნაცებშიც" კი.

P.s. დღითი დღე ვრწმუნდები სამწუხარო რეალობაში: უმუშევარი არ დავრჩები და ახალი სამსახურის ძებნა არ მომიწევს...

ფიცი არ დამჭირდება, მგონი, ისედაც დამიჯერებთ, რომ მერჩივნა, "საპროვოკატორო" აღარ მქონოდა ახალი მთავრობის პირობებში, მაგრამ ჩავიდა ამ ხელისუფლების წარმომადგენელი დიცში (იმ სოფელში, რუსებმა რომ საზღვარი გადმოწიეს) და "დაგვპირდა": ივნისის ბოლოს ჟენევაში დავაყენებთ ამ საკითხსო! ივნისის ბოლოს - ერთ თვეშიო!!!

ჰოდა, ვისაც უნდა, დავენაძლევები -ივნისის ბოლომდე ის ღორები კიდევ უფრო ღრმად შემოყოფენ დინგს ჩვენს ბოსტანში და 17 მაისს ჯანიანი ბიჭები რუსთაველზე "ფერადებს" რომ დასდევდნენ, იმათ მივმართავ: ადექით და ეს გააპროტესტეთ, თბილისშიც, დე ფაქტო საზღვართანაც და ყველგან, სადაც ამის საჭიროება იქნება.

თუ არა და, ელოდეთ მორიგ "შეშფოთებას" ივნისის ბოლოს, ჟენევის შეხვედრის შემდეგ.