უცხოელებსა და უცხო ქვეყანაში რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს შესაძლოა 2017 წლის 1 იანვრამდე, ქართული მიწების შესყიდვის უფლება აღარ მისცენ - კვირის პალიტრა

უცხოელებსა და უცხო ქვეყანაში რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს შესაძლოა 2017 წლის 1 იანვრამდე, ქართული მიწების შესყიდვის უფლება აღარ მისცენ

უცხოელებსა და უცხო ქვეყანაში რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს გარკვეული პერიოდით - 2017 წლის 1 იანვრამდე, შესაძლოა, მიწებზე საკუთრების მოპოვების უფლება შეუჩერდეთ.

ამას "სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ" კანონში ცვლილებების პროექტი ითვალისწინებს, რომელიც პარლამენტში უკვე ინიცირებულია. კანონპროექტის ავტორები და ინიციატორები არიან დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე, აგრარულ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელი გიგლა აგულაშვილი.

პარლამენტში წარდგენილი პროექტის თანახმად, 2017 წლის 1 იანვრამდე კანონის იმ ნაწილის მოქმედება ჩერდება, რომელიც უცხოელებისა და უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული იურიდიული პირებისთვის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების მინიჭებას ითვალისწინებს. ამასთან, კანონპროექტით დადგენილი მორატორიუმი არ გავრცელდება უცხოელის საკურებაში უკვე არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე.

გარდა ამისა, პროექტის მიხედვით, საქართველოს მთავრობამ ექვსი თვის ვადაში უნდა უზრუნველყოს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება მიწის რესურსების რაციონალურად გამოყენებისა და დაცვის მიზნით, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფონდის გამოყენებისა და დაცვის სახელმწიფო რეგულირების განსაზღვრა, მიწებთან დაკავშირებული ურთიერთობების საჯარო სამართლებრივი მოწესრიგება. ამავე ვადაში მთავრობამ უნდა უზრუნველყოს მიწის კადასტრისა და მიწათმოწყობის ერთიანი სისტემის ორგანიზება საქართველოს მთელს ტერიტორიაზე.

"კანონპროექტის მიზანს წარმოადგენს ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოება, სუვერენიტეტი, კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობა. ამ მიზნის მისაღწევად უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე საკუთრების მოპოვების უფლება დროებით იზღუდება, ვიდრე ამ მიმართულებით სახელმწიფოს მკაფიო სტრატეგია არ ჩამოყალიბდება", - განმარტავენ ინიციატივის ავტორები.