როდის დამთავრდება ჯიშკარიანების ტრაგედია? - კვირის პალიტრა

როდის დამთავრდება ჯიშკარიანების ტრაგედია?

ია ჯიშკარიანი ერთი თვის წინ ვნახე იაშვილის სავადმყოფოში - უბედურ დედას გულთან ამავე საავადმყოფოში ერთი თვის წინ გარდაცვლილი 11 წლის შვილის სურათი ეკიდა, ხელშიც ასევე სასიკვდილოდ განწირული 10 წლის ბიჭი ეჭირა და თანაც მესამე შვილზე მიყვებოდა, რომელიც თერთმეტი წლის წინ რუსეთში მოუკვდა და რომლის პატარა კუბო საკუთარი მანქანით 2000 კილომეტრიდან ჩამოიტანეს მან და მისმა მეუღლემ. შევყურებდი და ვფიქრობდი, - ალბათ მართლაც ქვაზე მაგარია ადამიანი, თორემ ამის გადატანა როგორ იქნება-მეთქი. ასეთ დროს სანუგეშო სიტყვების თქმასაც არა აქვს აზრი. მაგრამ ძალა მაინც მოვიკრიბე, - ალბათ ის გაცოცხლებთ, რომ ახლა ეს შვილი გყავთ მოსავლელი-მეთქი. გამშრალი თვალებით შემომაცქერდა. მერე კი აღმიწერა, როგორ ნადგურდებოდა მისი ბედნიერი ოჯახი 10 წლის წინ მანძილზე, - 27 წლისა უბედნიერესი ქალი ვიყავი, ახლა, 37 წლისა ყველაზე უბედური დედა ვარ; ოთხი ვაჟი მყავდა, ჩემმა ქმარმა - ოთხი ბიჭის პატრონი ვართ და სახლს კიდევ რაიმე შევმატოთო და როსტოვში წავედით. იქ 6 წლის გოგა მამასთან რომ თამაშობდა, მაშინ წაიქცა, კომაში ჩავარდა და მოკვდაო. ხუთი წლის შემდეგ იგივე ჩემს მომდევნო შვილს, ხუთი წლის თენგოს დაემართა. 11 წლამდე იცოცხლა. ახლა გიორგიც მიკვდება, ექიმები კი დღემდე ვერ ხვდებიან, რა დაავადებაა. ისეთი რომ სრულიად ჯანმრთელ შვილებს მიხოცავსო. მაგრამ ახლა გიორგის გადარჩენის იმედი მომეცა - თავად ექიმებმა მომიძიეს კლინიკა გერმანიაში, - იქედან მოგვწერეს, დაავადების დიაგნოზს დავადგენთ და ბიჭს ვუმკურნალებთ, ოღონდაც ამას 25000 ევრო სჭირდებაო.

...იმ დღეს ვერც კი გავაცნობიერე, საავადმყოფოდან სამსახურში როგორ მოვედი. ფოტოაპარატიდან გაქვავებული დედის ფოტო კომპიუტერში გადავიტანე და გაოგნებული შევცქეროდი. ასე მოხვდა ჯიშკარიანების ტრაგედია "კვირის პალიტრის" საიტზე, - ჩვენ ხომ ბევრჯერ ვყოფილვართ იმის მოწმე, როგორ გადაურჩენია ხალხს ჩვენი წერილების შემდეგ სიკვდილის პირას მისული ადამიანები. ახლაც იმედი მქონდა, იქნებ ამ უბედურებისთვის გერმანიაში წასასვლელი თანხის ნაწილი მაინც შეგროვდეს-მეთქი. მაგრამ რაც მოხდა, იმას ნამდვილად არ ველოდი - ჯიშკარიანების უბედურებამ ხალხს ყველაფერი დაავიწყა, საკუთარი გაჭირვებაც კი და დედა-შვილის გერმანიაში გასამგზავრებელი თანხა, 25000 ევრო, სულ სამ კვირაში შეგროვდა. ეს მორიგი სასწაული იყო, - არაერთხელ მითქვამს, სინდისი მქენჯნის, ისედაც შეჭირვებულ მოსახლეობას რომ ვთხოვ, თავიანთი შვილებისთვის გადანახული გროშები გაჭირვებულებს უწილადონ-მეთქი, მაგრამ იმაზე რომ დავფიქრდი, რომ რისთვის გაიღო ხალხმა ეს თანხა, უბრალოდ გამოუთქმელმა სიხარულმა მომიცვა. სხვათა შორის, მაშინვე მინდოდა ამის შესახებ დამეწერა, მაგრამ მერე ვიფიქრე, - ხალხს დამატებით აღარ დავამძიმებ დაე, გიორგის დიაგნოზი დაუსვან, იქნებ იმედის სხივი გაჩმდეს და მერე მოვყვები ყველაფერს-მეთქი.

დღეს გიორგი გერმანიაშია, სადაც პრაგმატიზმით ცნობილი ექიმებიც შეძრა მისმა უბედურებამ და ყველაფერი გააკეთებინა, რომ ბავშვი გადარჩეს, - დაუშვეს გამონაკლისი და საკუთარ კვლვების პარალელურად, გიორგის ანალიზები მსოფლიოს მრავალ კლინიკაში გადააგზავნეს. ამის მიზეზი ისიც არის რომ დაავადება უცნობია. ამან სამწუხაროდ, დამატებითი ხარჯები მოითხოვა. პირადად როცა ამაზე ვფიქრობ მეჩვენება, რომ ბავშვი, რომლის პატრონობა ყველამ ვიტვირთეთ, უფსკრულის პირას დგას, - უცხო ქვეყნის კანონები საუბედუროდ ასეთია, - თუ ჯიშკარიანები ამ დაუგეგმავი კვლევების ფულს ვერ იშოვნიან, ყველაფერი უნდა დამთავრდეს. მე კი ნამდვილად არ ვიცი რა გითხრათ, ამიტომაც სტატიის ბოლოს გიორგი ჯიშკარიანის ანგარიშს უსიტყვოდ დავტოვებ და მხოლოდ იმას მოგიყვებით, რა ხდებოდა, როცა ხალხმა გიორგის ამბავი გაიგო.

ამაზე გიორგის დედას, ია ჯიშკარიანს ვესაუბრე.

- ქალბატონო ია, გიორგიზე როცა დავწერე, იმ დღეებში თქვენ თენგოს ორმოცს იხდიდით.

- ასე იყო. როცა ლოცვის ძალა მქონდა, ვლოცულობდი, - უფალო, ახლა ნუ წამაქცევ, იმდენი გამაძლებინე, რომ ჩემს ორს შვილს ჩემი უძლურებით მესამეც არ მიჰყვეს და გადავარჩინო-მეთქი და მაშინვე ვხვდებოდი, რომ ამ ძალას ის ხალხი მაძლევდა, რომელიც ჩემს გიორგის ეხმარებოდა. უამრავი ადამიანი მირეკავდა, რით დაგეხმაროთო. და მათთვის ხომ უნდა მეპასუხა? უცხო ხალხი ჩემთან ერთად ტიროდა, მე რანაირად უნდა მეთქვა, ძალა არ მაქვს-მეთქი. ბევრი სახელსაც არ მეუბნეოდა. არ ვიცი ამაზე დიდი მადლი თუ არსებობს... ვიცი რომ მადლს დიდი ძალა აქვს. ვერასოდეს ვიფიქრებდი იმას რომ ხალხს სხვისი უბედურების გულთან ასე მიტანა თუ შეეძლო.

არ ვიცოდი კიდევ თუ რამე გამაოგნებდა, მაგრამ სიკეთემ გამაოგნა, სრულიად უცხო ადამიანებმა შეუძლებელი შეძლეს ჩემი შვილისთვის. ამ მადლის ძალით ვარ ახლა გერმანიაში. მართალია, არ ვიცი რა მოგველის, მაგრამ მადლის ძალა ვიცი, - იქნებ შვილი ამან გადამირჩინოს.

- ეს უბრალო ხალხი. სახელმწიფო მოხელეებს ხომ არ გაუღიათ რაიმე?

- კახი კალაძემ შემოგვწირა ჯერ 2500 ლარი და 3500 ევრო. ჯანმრთელობის სამინისტრომაც გადმოგვირიცხა 10 000 ევრო. დაჩოქილი ვწირავ მადლობას თუნდაც ერთი ლარის მომცემს, ვიცი, ასეთები ძალიან, ძალიან ბევრნი იყვნენ და იქნებ, თვითონაც არ ულხინდათ... არ ვიცი, მადლობა როგორ უნდა გადავიხადო... კიდევ ვამბობ, ამ მადლის ძალია იმედი მაქვს, თორემ რაც მჭირს, ცოცხალი აღარ უნდა ვიყო. ჩემთვის ნამდვილად აჯობებდა ასე, მაგრამ მე გიორგი მყავს საპატრონო... ძალა მჭირდება ამას ჩემს დღეში ჩავარდნილი დედის მეტი ვერავინ გაუძლებდა...

... მე სანუგეშო სიტყვები ამჯერადაც ვერ ვუთხარი ქალბატონ იას. ყურმილი დავდე და ჯიშკარიანების საბანკო რეკვიზიტები გულჩამკვდარმა ავკრიფე

( ზარი: მაგთიდან, ჯეოსელიდან და ბილაინიდან 0901700703. ანგარიში

ანგარიშის ნომერი: საქართველოს ბანკი - GE55BG0000000294612100. მიმღები პირი - ია კოხრეიძე. ტელეფონი: 579 771159).

ახლა ისევ თქვენთან ერთად ველოდები როდის მოხდება სასწაული იმ პატარა ბიჭისთვის, რომელიც ყველა ჩვენგანის გულისტკივილი გახდა.

იხილეთ სიუჟეტი www.palitratv.ge-ზე