"უცნობი": ამ ქვეყანაში თუ ვინმეს პოლიტიკა ესმის, ეს გიორგი მარგველაშვილი გახლავთ - კვირის პალიტრა

"უცნობი": ამ ქვეყანაში თუ ვინმეს პოლიტიკა ესმის, ეს გიორგი მარგველაშვილი გახლავთ

"17 მაისის კადრებს რომ ვუყურებდი, მრცხვენოდა. 21-ე საუკუნეში ასეთი რაღაცები არ უნდა ხდებოდეს"

წინათ, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებში აქტიურად ჩართული მომღერალი - გია გაჩეჩილაძე ("უცნობი") კარგა ხანია, ფართო საზოგადოების წინაშე არ გამოჩენილა. ამ ცოტა ხნის წინ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ყოფილი პოლიციელი - ერეკლე გრიშკაშვილი თამაზ თამაზაშვილის საქმეზე დაკავებულ ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოს ყოფილ უფროსს - ზაზა ჭაიას 2009 წლის 6 მაისს თბილისის პოლიციის სამმართველოს ეზოში გია გაჩეჩილაძის ცემაში ადანაშაულებს. ამ და ქვეყანაში მიმდინარე აქტუალურ მოვლენებზე სასაუბროდ თავად გია გაჩეჩილაძეს დავუკავშირდით:

- ზაზა ჭაიას გვარ-სახელი ტელევიზორიდან გავიგე. არც ვიცოდი ან რაში მაინტერესებდა, ვინ იყო? მაგრამ თურმე "ყველაფერი" ეგ ყოფილა!

- თქვენი საქმის სამართლიანად გამოძიების იმედი გაქვთ?

- რა თქმა უნდა, სამართლიანობა აუცილებლად აღდგება, ოღონდ – მე ის ადამიანი არ ვარ, რომ გამოძიება დავაჩქარო: ქვეყანაში ჩემს საქმეზე ბევრად სერიოზული პრობლემები არსებობს. ჯერ სხვა საქმეებს მიხედავენ და მერე ჩემსასაც მიადგებიან. მორალური უფლება არ მაქვს, რომ პროკურატურა დავაჩქარო. ისედაც საქმეები თავზესაყრელად აქვთ.

- ვანო მერაბიშვილის დაკავებას და ამ ფაქტის გამო საპროტესტო აქციებს რაც შეეხება...

- (მაწყვეტინებს) ვანო მერაბიშვილზე ნუ მალაპარაკებ - ენას ნუ "დამასვრევინებ", ძალიან გთხოვ. ჩემს ცხოვრებაში ეგ ეტაპი დასრულდა, როცა მის გვარ-სახელს ვახსენებდი. რაღა დროს მერაბიშვილია, რა დროს, ტო? მორჩა, გავიდა გაღმა ეგ.

- საპრეზიდენტო არჩევნებში თქვენი ძმა მონაწილეობას აპირებს?

- არ აპირებს. ჩემი ძმისთვის პოლიტიკაში ყოფნა თვითმიზანი არ ყოფილა. მას თავისი საქმე აქვს, ქვეყანას კი გამორჩეული ლიდერი ჰყავს. ღვთის წყალობით, ახლა ისეთი პერიოდი დაგვიდგა, რომ ჩემი ძმის პოლიტიკაში დაბრუნება საჭირო არ არის. როცა საჭირო იყო, იბრძოდა. საპრეზიდენტო კანდიდატს რაც შეეხება, რა გითხრათ? ჯერ ერთი, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ. ის ჩემი მეგობარი გახლავთ. მეორეც: ამ ქვეყანაში თუ ვინმეს პოლიტიკა ესმის, ეს გიორგი მარგველაშვილი გახლავთ. კარგად მახსოვს, ცხონებული ზურაბ ჟვანიაც კი აზრს მას ეკითხებოდა ხოლმე (მეზობლები იყვნენ და საღამოობით სტუმრობდა). ასე რომ, იმაზე საუბარი - თითქოს მან პოლიტიკა არ იცის, ტყუილია.

- 17 მაისს, საქართველოში განვითარებულ მოვლენებს როგორ აფასებთ?

- როგორც ყველა ნორმალური, ჯანსაღი ადამიანი, მეც მივიჩნევ, რომ რასაც ვუყურე, საგიჟეთი იყო. ჩემი აზრით, ხალხი ძალიან გამწარებულია. ცოტა პატივისცემა ხალხსაც უნდა. რა თქმა უნდა, ყველას უფლებას ვაღიარებ, არავის უფლებებში ვიჭრები, მაგრამ უწმინდესის მოწოდება უნდა გაეთვალიწინებინათ და ყველაფერი კარგად იქნებოდა. თავისუფლად შეიძლებოდა, ლგბტ აქცია მერე ჩატარებულიყო, რომ რუსთაველზე ასეთი დაძაბული სიტუაცია არ ყოფილიყო, თორემ ყველას უფლებას ვაღიარებ კი არა, ლამის ჩემი უფლებებიც მათ მივცე (იცინის).

- თქვენი ზრით, საქართველოში ჰომოსექსუალების უფლებები ირღვევა?

- არანაირად. ეს "თითიდან გამოწოვილი", "პიარისთვის" გაკეთებული ამბავი იყო. მთელ მსოფლიოში მსგავსი რაღაც ხდება, მაგალითად - საფრანგეთში, რუსეთში... საქართველოში მათი უფლება როგორ ირღვევა?! არავის ახსოვს, რომ ვინმეს ჰომოსექსუალებისთვის საჯაროდ შეურაცხყოფა მიეყენებინა. როცა უნდათ, გამოვიდნენ, მაგრამ ეტყობა, ახლა საამისო დრო არ არის - ხალხი აღგზნებულია. როცა ადამიანი გაღიზიანებულია, ცეცხლზე ნავთი ხომ არ უნდა დაასხა? მოკლედ, ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა. 17 მაისის კადრებს რომ ვუყურებდი, მრცხვენოდა. 21-ე საუკუნეში ასეთი რაღაცები არ უნდა ხდებოდეს, მაგრამ ხალხის მესმის - როცა უფლებების დაცვაზეა საუბარი, მაინც და მაინც, ჰომოსექსუალებზე რატომ აკეთებენ აქცენტს, სხვა ყველას უფლება დაცულია? ზუსტად ამაშია "ძაღლის თავი დამარხული": უნდათ, ეს თემა "წამოიკიდონ" და მერე ამაზე ილაპარაკონ. ყველაფერი სექსუალური უმცირესობიდან უნდა დავიწყოთ? მაგალითად - ლტოლვილებიდან არ შეიძლება? ასე ვიტყვი: ყველას უფლებები დაცული უნდა იყოს, მათ შორის - ჰომოსექსუალებისაც.

- დაბოლოს, საზოგადოების წინაშე ხშირად აღარ ჩანხართ. რას საქმიანობთ?

- საკუთარ პროექტზე ვმუშაობ. გია ყანჩელის მუსიკაზე რამდენიმე კომპოზიცია შევქმენი. ახალ შოუს ვამზადებ. სტუდიაში ვიყავი ჩაკეტილი და ვემზადებოდი. ამიტომ არ ვჩანდი.

- თქვენი ახალი შოუ პოლიტიკური ხასიათის იქნება?

- კონკრეტულად, პოლიტიკური პროექტი არაა. მასში ყველაფერი ერთად არის - პოლიტიკაც და სოციალური პრობლემაც.

ეთო ყორღანაშვილი (სპეციალურად საიტისთვის)