შალვა რამიშვილი - მერაბიშვილი მალე დაიწყებს ჟღურტულს და თავის სულიერ ძმებზე საინტერესო ”ისტორიების” მოყოლას - კვირის პალიტრა

შალვა რამიშვილი - მერაბიშვილი მალე დაიწყებს ჟღურტულს და თავის სულიერ ძმებზე საინტერესო ”ისტორიების” მოყოლას

რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ჟურნალისტ შალვა რამიშვილის მიმართვა ვანო მერაბიშვილისადმი, სადაც რამიშვილი ყოფილ პრემიერ-მინისტრს ციხეში მოქცევის საკუთარ გამოცდილებას უზიარებს და რჩევას აძლევს, როგორ აიცდინოს თავიდან ცემა და ციხისთვის დამახასიათებელი სხვა არასასურველი სიურპრიზები... როგორც ჟურნალისტმა ჩვენთან საუბარში აღნიშნა, იგივე რჩევების გათვალისწინება მალე გიგი უგულავასა და მიხეილ სააკაშვილსაც მოუწევთ, რადგან მათი დაკავება გარდაუვალია.

- საზოგადოებაში გაჩნდა აზრი, რომ სამართალი მოდის, ოღონდ ურმით და მხოლოდ მათთვის, ვინც კოალიციასთან არის დაახლოებული. თქვენ რას ფიქრობთ?

- მე კოალიციისგან შორს არ ვარ, მაგრამ ჩემი საქმე, ბექაურის აღიარებასა და ჩემს დაკავებას ვგულისხმობ, არ მიმდინარეობს იმ ინტენსივობით, როგორც მე მინდა. ვიღაცები დაიკითხნენ, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. თუმცა, მე მესმის, რატომაც ხდება ასე, - ძალიან ბევრი საქმეა და ძალიან ცოტა პროკურორი.

- ყოფილი პრემიერ-მინისტრის დაკავებას ელოდით?

- კი, ბუნებრივია ველოდი, რადგან მას ძალიან ბევრი დანაშაული აქვს ჩადენილი. როგორც ”ახერმოძელებს”, ისე დანარჩენ საზოგადოებას არავითარი საფუძველი არ აქვს იფიქროს, რომ მერაბიშვილი უსაფუძვლოდ მიაბრძანეს ციხეში. ზოგადად, იმასთან დაკავშირებით, თუ რამ გადაიყოლა ეს ხელისუფლება, ჩემი მკაფიოდ ჩამოყალიბებული მოსაზრება მაქვს, - სააკაშვილს უნდოდა, ორი ბატონის მსახური ყოფილიყო. თან დემოკრატობას იჩემებდა, თანაც საქართველოში აშენებდა აზიური ტიპის ავტოკრატიულ სახელმწიფოს, სადაც მთელი ძალაუფლება მის ხელში იქნებოდა კონცენტრირებული, სრულ მორჩილებაში ეყოლებოდა მედია-საშუალებები და სასამართლო, თუმცა ამ ყველაფერს რის ვაი-ვაგლახით ფუთავდა და დასავლეთის თვალში ისე წარმოაჩენდა, თითქოს დემოკრატიის შუქურა იყო. ამან დაღუპა კიდეც სააკაშვილიც და ლამის მთელი ქვეყანაც. თუმცა, ბოლომდე მიყვანაც ვერ გაბედა ბევრი დიქტატორივით.

- როგორ ფიქრობთ, რატომ? დასავლეთს გაუწია ანგარიში?

- დასავლეთის ფაქტორიც იყო და პირადი გამბედაობაც არ ეყო. მთავარია, რომ ვერ შეძლო. საბოლოოდ, ამ ხელისუფლების მოცილებაში უდიდესი როლი ითამაშა ციხის კადრებმაც. ტაქტიკური თვალსაზრისით, ამ კადრების გავრცელებამ ”ახერმოძელებში” ისეთი შოკი გამოიწვია, რომ წამოსადგომად და ძალების მოსაკრებად, არც ძალა ეყოთ და არც დრო.

- ციხის კადრები თქვენთვისაც მოულოდნელი იყო? თქვენ ხომ თავად გქონდათ საშუალება, ის ყველაფერი გეხილათ... სოციალურ ქსელში გავრცელდა ”ინსტრუქცია”, რომელშიც ვანო მერაბიშვილს უხსნით, თუ როგორ უნდა მოიქცეს ციხეში: - ”პარასკევობით ციხეზე ლობიოს დღეა. მაგას აჯიკა უხდება (იყიდება ”ლარიოკში”). ”ბალანდიორს” სთხოვე და დაგიმატებს ლურჯ ”მისკაში”...

- დიახ, ასეთ საკითხზე ვანოსთვის ინსტრუქციების მიცემა არ დამეზარება, მიუხედავად იმისა, რომ მერაბიშვილი არ იქნება იმ ციხესა და იმ რეალობაში, სადაც მე ვიყავი. ის ყოფილი თანამშრომლებისთვის განკუთვნილი დაწესებულების საერთო კამერაში იქნება. ნუ ახლა თუ უგულავასაც დაიჭერენ, ადვილი შესაძლებელია, შედარებით დიდი საკანში მოათავსონ ერთად.

- ელოდებით უგულავას დაკავებას?

- კი, როგორ არა, მისი დაკავების სრულიად რეალური საფუძველი არსებობს, ის ბრალდებულია... არ მოიწყენენ. კიდევ მივცემ მათ რჩევებს, რადგან როგორც გითხარით, არ მეზარება და არც მენანება: - პირველ რიგში, ციხეში მყოფმა ადამიანმა არ უნდა იფიქროს, რომ შეიძლება მალე გათავისუფლდეს. არც იმაზე უნდა იფიქრო, თუ რას აკეთებენ შენი ახლობლები მაშინ, როდესაც შენ იქ ხარ. არც იმ სასწაულს უნდა ელოდო, რომ ერთ მშვენიერ დღეს გაიღება ციხის კარები და გაგათავისუფლებენ. უნდა შეეგუო იმას, რომ ციხეში ხარ და ეს რაღაცის გამო დაიმსახურე. თუმცა, არ მგონია, ვანო მერაბიშვილი ასე ფსიქოლოგიურად მიუდგეს ყველაფერს, რადგან ძალიან მარტივი ადამიანია. მას ძალიან პრიმიტიული ვირეშმაკობა აქვს და მორჩა. ამიტომ მას იქ ძალიან გაუჭირდება და საკუთარ თავში სიღრმისეულ საყრდენებს ვერ იპოვის, რათა ფსიქოლოგიური თავდაცვა შეძლოს. ასე, რომ ჩვენი ვანიკო ალბათ ძალიან მალე საკუთარი ბედ-იღბლის შესამსუბუქებლად დაიწყებს ჟღურტულსა და თავის სულიერ ძმებზე საინტერესო ”ისტორიების” მოყოლას. ამ შემთხვევაში, ეჭვიც არ მეპარება, რომ გამოძიება სააკაშვილამდე მივა, რადგან ყველა ”გმირობა”, რომელსაც ვანო სჩადიოდა, პრეზიდენტთან იყო შეთანხმებული.

- საინტერესო იქნება დასავლეთის რეაქცია, თუ გამოძიება პრეზიდენტამდეც მივა...

- არც ისე დიდი ხნის წინ გამომჟღავნდა ირინა იმერლიშვილის მიერ მოძიებული ფაქტები, თუ როგორ იფლანგებოდა დაცვის სპეციალური ხარჯები სააკაშვილის მიერ და ეს ფაქტები დღემდე ვრცელდება სოციალურ ქსელებში. პირადად მე დავდე ამ რამდენიმე დღის წინ... არსებობს დოკუმენტები (პირდაპირ ასე დაწერეთ), როგორ ”ხმარობდა” წლების განმავლობაში ”ნაციონალური მოძრაობის” კმაყოფაზე მყოფი დავით ბაქრაძის მეუღლე სახელმწიფოს ბიუჯეტს. ათეულ ათასობით ლარის გაფლანგვაზეა საუბარი. ამ ნომინალური ფიგურის, ბუნჩულა ტიპის ოჯახის წევრები სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე საუბრობდნენ ტელეფონზე უცხოეთში...…არაფერს ვამბობ სააკაშვილის არც ისე ”მოკრძალებულ” გატაცებებზე...

ნებისმიერი ევროპული ქვეყნის ლიდერს, რომელიც ამას გააკეთებდა, პასუხს აგებინებდნენ. ამიტომ, სააკაშვილის დაკავებამდე სამართალდამცველმა ორგანოებმა უნდა შეკრიბონ 100%-იანი მტკიცებულებები მის წინააღმდეგ, თუ რას აკეთებდა მიშა. ანუ მისი დაკავება არგუმენტირებული უნდა იყოს.

- ვანო მერაბიშვილს დღემდე ასახელებენ საპრეზიდენტო კანდიდატად...

- ეს იმის ბრალია, რომ ”ახერმოძელებს” ძალიან ბრიყვული მიდგომა აქვთ ამ საკითხისადმი. მაგალითად, ვაშაძეს, ჯაფარიძეს, რატიშვილსა და სხვებს, რომელთაც არავინ მოუკლავთ, ებღაუჭებიან პოლიტიკურ გვამებს და იმაზე არ ფიქრობენ, რომ ცალკე ფრაქციის შექმნის შემთხვევაში, რაღაც პოლიტიკური მომავალი ექნებათ. მათზე მაინცდამაინც არ ვდარდობ, უბრალოდ, ვანო მერაბიშვილი პოლიტიკური გვამია და თუ მუდმივად ამის გარშემო იტრიალებენ, პირდაპირ ასე დაწერეთ, - სულ გამოშტერებულან!..

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)