ბუბა კიკაბიძე - რაც ახლა სამაჩაბლოში ხდება, ერის სირცხვილია... - კვირის პალიტრა

ბუბა კიკაბიძე - რაც ახლა სამაჩაბლოში ხდება, ერის სირცხვილია...

ბოლო დროს სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციულ საზღვარზე მიმდინარე მოვლენებმა ქართველი ხელოვანები განსაკუთრებულად ააღელვა... თავიანთი გულისტკივილი "კვირის პალიტრასთან" მომღერალმა ბუბა კიკაბიძემაც გამოხატა...

ბუბა კიკაბიძე:

- რაც სამაჩაბლოში ხდება, ვფიქრობ, რომ ერის სირცხვილია რა... რაღაც ზომებია მისაღები ძალიან სასწრაფოდ, თორემ დაიტანჯა ხალხი. წინა დღეებში ვუსმენდი მთავრობის განცხადებას, დიპლომატები უნდა ჩავრთოთო. აქამდე გამორთული ყავდათ დიპლომატები თუ? დროულად უნდა მივხედოთ, თორემ ეს არის მიზანმიმართული პროვოკაცია რუსეთიდან. ხალხმა რა ქნას, კაცო!? ხალხი იხვეწება და შველას თხოულობს...

- საქართველომ რა უნდა იმოქმედოს ამ შემთხვევაში?

- იმის თავი სად გვაქვს, ჩვენც ძალაზე გადავიდეთ. რუსეთი დიდი ქვეყანაა, ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, ვითომ რაღაცის დალაგება გვინდა, მეგობრობაზე ველაპარაკებით და ამ დროს იქედან პირიქით ხდება ყველაფერი. თვითონ იქ, იმ საზღვარზე მცხოვრებს და დატანჯულს რა უნდა ვუშველოთ, ესაა მთავარი. მთავრობისგან უნდა გამოცხადდეს რამე, თორემ ასე ძალიან მიგდებულად არიან. მე ვფიქრობ, რომ საგანგაშო მდგომარეობაა და რაც დრო გავა, რუსები კიდევ მეტად გადმოჩოჩდებიან... მსოფლიო უნდა ჩაერთოს, დროის დაკარგვა არ შეიძლება, ერთი წუთისაც კი. გასაცოდავებულ ხალხს ვხედავთ იქ, რომლებმაც ვერ გაიგეს, ჩვენი მოქალაქეები არიან, თუ არ არიან... - პატრონი გვყავს, არ გვყავს - იძახიან და რაღაც ისეთი უნდა გაკეთდეს, რომ ეშველოთ. მე რომ ვიცოდე, ამ შემთხვევაში რა უნდა გავაკეთოთ, მაშინ გენიოსი ვიქნებოდი. მიხედვა უნდა, მიხედვა დროზეე!!! - ეს არის ძალიან დიდი პრობლემა. დაცვა უნდა იმ ხალხს და რაღა თქმა უნდა ამას! რუსეთთან ურთიერთობის მოგვარება როგორ იქნება, ეგ არ ვიცი, ისედაც ქვეყნის 20 პროცენტი წართმეული აქვთ ჩვენთვის და კიდევ მოიწევენ. საქართველოს მთავრობამ უნდა გვითხრას, რა უნდა ვქნათ ხელოვანებმა. როგორც გვეტყვიან, თუ რამე შეგვიძლია, ჩვენ ყველაფერზე თანახმა ვიქნებით და გავყვებით, სადაც უნდათ... მეტი რა უნდა ვქნათ?!

მანანა გაბრიჭიძე (სპეციალურად საიტისთვის)