ძუძუთმხატვრობა - როგორ შექმნა მერედიტ ოსტრომმა "შედევრი" სააკაშვილისთვის - კვირის პალიტრა

ძუძუთმხატვრობა - როგორ შექმნა მერედიტ ოსტრომმა "შედევრი" სააკაშვილისთვის

მხატვრად ქცეული ამერიკელი მსახიობის, მერედიტ ოსტრომის შესახებ ქართულმა საზოგადოებამ მას შემდეგ შეიტყო, რაც პრეზიდენტის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის არამიზნობრივად ხარჯვის ჩამონათვალში ერთობ უჩვეულო ჩანაწერი ვიხილეთ: პრეზიდენტმა 6000 ევრო გადაიხადა ამერიკელი მსახიობის მიერ სხეულით შექმნილ ნახატში. თუმცა უფრო სპეციფიკურები თუ ვიქნებით, ოსტრომი უბრალოდ სხეულით კი არა, საკუთარი მკერდით ხატავს (მკერდზე საღებავს იცხებს, შემდეგ კი ტილოს... ეხახუნება)  და მის მიერ ამ მეთოდით შექმნილ კოლექციასაც, რომლის პირველი ნახატიც ჩვენმა პრეზიდენტმა შეიძინა, "ალმასის მტვრიანი ბიუსტი" ჰქვია. სხვათა შორის, ოსტრომი საკმაოდ წარმატებული ხელოვანია: მისი თითოეული ნამუშევარი ათასობით ევროდ იყიდება და ფასი სულ მაღლა და მაღლა იწევს, კრიტიკოსები კი აცხადებენ, რომ მიუხედავად ახირებული მეთოდიკისა, მერედიტი წარმატებას მხოლოდ საკუთარ მომხიბვლელობას არ უნდა უმადლოდეს: "მას ნამდვილად აქვს თავისებური ხედვა, მხატვრის ალღო და მისი ნახატები სულაც არ წარმოადგენს უბრალო "აბსტრაქტულ ნათხაპნს", თუმცა ჯერაც აკლია კონცეფციური შინაარსი და ლამაზი ვიზუალის დონეს ვერ სცდება ("Head For Art Magazine", 2010). როგორც თავად აცხადებს, სააკაშვილის გარდა, მისი ნახატებით საფრანგეთის ექს-პრეზიდენტის, ნიკოლა სარკოზის ძმაც მოიხიბლა, რომელმაც რამდენიმე მისი ნამუშევარი შეიძინა იგივე კოლექციიდან. შეკითხვაზე, თუ როგორი შეგრძნებაა საკუთარი მკერდით ხელოვნების ნიმუშების შექმნა, ოსტრომი ლაკონურად პასუხობს: ცივი!

* სავარაუდოდ, სააკაშვილმა ოსტრომისგან სწორედ ეს ნახატი შეიძინა.

** მერედიტ ოსტრომი მუშაობის პროცესში

პ.ს. ოჰ და კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი: ოსტრომი წლების მანძილზე საკულტო ბრიტანული ჯგუფის, "დურან დურანის" პიანისტის, დენი როდესის მეგობარი გოგონა იყო. როდესმა კი ახლახანს აღიარა, რომ გეია...