რატომ აქცია იაპონიამ ზურგი დანარჩენ მსოფლიოს - კვირის პალიტრა

რატომ აქცია იაპონიამ ზურგი დანარჩენ მსოფლიოს

XVII საუკუნის ბოლო წლებში ყველა ქრისტიანი მისიონერი და ევროპელი ვაჭარი იაპონიიდან ახალმა, ძლიერად შეიარაღებულმა მმართველებმა განდევნეს.

იმავე დროს იაპონელებს აეკრძალათ ქვეყნის დატოვება, ხოლო ქრისტიანულ რჯულზე მოქცეულები გაჟლიტეს. იაპონია დასავლეთი სამყაროსთვის მომდევნო 200 წლის განმავლობაში დახურული დარჩა. რამ აიძულა იაპონია, გარე სამყაროსთვის ზურგი ექცია?

1542 ან 1543 წელს პორტუგალიელმა მეზღვაურებმა ჩინური ჯონკით (ტრადიციული იალქნიანი ნავი) მაკაოსკენ აიღეს გეზი, ჩინეთის მდინარე კანტონის შესართავთან ძლიერმა ქარმა ისინი ისევ ზღვაში გარეკა და იაპონიის კუნძულ კიუსიუს პორტისკენ აქნევინა პირი. ისინი პირველი ევროპელები იყვნენ, ვინც იაპონიის მიწაზე დადგა ფეხი და ასევე პირველები, ვინც იაპონელებს მუშკეტები უჩვენა. მათ 1549 წელს პორტუგალიური ხომალდი მიჰყვა, რომელზეც სამი ქრისტიანი მისიონერი იმყოფებოდა, მათ შორის ესპანელი ფრანსის ქსავიე. ამ ხომალდს კიდევ ერთი პორტუგალიური გემი შეუერთდა, რომელსაც ჩინეთისკენ აეღო გეზი, მაგრამ კუნძულ კიუსიუსთან განიცადა კატასტროფა. ამგვარად, სულ რამდენიმე წელიწადში ქრისტიანობამ და თოფებმა დასავლეთიდან იაპონიაში შეაღწია.

იმხანად პორტუგალიელებს ბედმა გაუღიმა. ბედნიერი დამთხვევით, 1549 წელს ჩინეთმა თავისი პორტები ჩაკეტა იაპონელი ვაჭრებისთვის. მთელი სავაჭრო გზები პორტუგალიელთა ხელში აღმოჩნდა, რომელთაც მაკაოდან კიუსიუსკენ აბრეშუმი და წამლები გადაჰქონდათ. ერთი შეხედვით, დასავლეთ ევროპასა და იაპონიას შორის ნაყოფიერი კავშირი შეიკრა, თუმცა შედეგმა მოლოდინი ვერ გაამართლა. სწორედ იმხანად შუა საუკუნეებისგან თავდაღწეულმა რენესანსულმა ევროპამ მსოფლიოს მოავლო მზერა, იაპონიამ კი პირიქით, საკუთარ ნაჭუჭში ჩაკეტვა და გარე სამყაროსგან მოწყვეტა გადაწყვიტა.

იაპონელებმა პორტუგალიელები გულთბილად მიიღეს. იეზუიტი მისიონერები კიოტოში, ნაგასაკისა და სხვა ქალაქებში საქმიანობდნენ. კიოტოს სამეფო კარის ქალბატონები გაქრისტიანებას ყველანაირად უწყობდნენ ხელს, დედაქალაქის ზეპური საზოგადოების ახალგაზრდა წარმომადგენლები პორტუგალიურად იმოსებოდნენ და არც ჯვრებისა და კრიალოსნების ტარებას ერიდებოდნენ. ზოგიერთმა დიდმა ფეოდალმაც მიიღო ქრისტიანობა და თავის მამულებში მცხოვრები გლეხობაც ახალ რჯულზე მოაქცია.

რწმენის შეცვლის მიზეზი ყოველთვის წმინდა რელიგიური როდი იყო. იაპონელები განცვიფრებით უცქერდნენ, როგორ ექცეოდნენ პორტუგალიელი ვაჭრები მისიონერებს. ამიტომ გადაწყვიტეს, რომ ვაჭრობის წარმართვისთვის გზა იეზუიტებზე გადიოდა, რომლებმაც იაპონურს იოლად აუღეს ალღო და სხვა თუ არაფერი, თარჯიმნებად მაინც გამოდგებოდნენ. იეზუიტთა ორდენი ახალი იყო და კათოლიკური რწმენის განვრცობას ისახავდა მიზნად. ეს ორდენი სულ რამდენიმე ათწლეულის დაარსებული იყო ყოფილი მეომრის, ესპანელი იგნაციუს ლოიოლას მიერ. იეზუიტებს თანამედროვე, უფრო მარტივი თვალთახედვა ჰქონდათ და ფრიად შემწყნარებელიც გახლდნენ მეცნიერების, მედიცინისა და ტექნოლოგიური განვითარებისადმი. 1580 წელს ისინი ნაგასაკის ადმინისტრაციის სათავეშიც მოექცნენ. მათ საქმიანობას ხელი ესპანეთიდან ჩასულმა სხვა მისიონერებმაც შეაშველეს. უკვე 1600 წლისთვის იაპონიის 15-20 მლნ მოსახლეობიდან 300 ათასი ქრისტიანი იყო.

მისიონერთა მოღვაწეობა დასავლეთის სავაჭრო საქმიანობასთან ხელიხელჩაკიდებული ვითარდებოდა. ესპანელი ვაჭრები ფილიპინებში, მანილაზე კონტროლის დაწესების შემდეგ, 1600-იანი წლების დამდეგს იაპონიას ეწვივნენ, რომელთაც 1609 წელს ჰოლანდიელები, ხოლო 1613 წელს ინგლისელები მიჰყვნენ. ვერც ერთი ახალმოსული ჩინეთის მიწას ფეხს ვერ აკარებდა. ისინი შუამავლებად უფრო გვევლინებოდნენ და იაპონიაში ჩინური საქონელი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიდან ჩაჰქონდათ.

XVI საუკუნის ბოლო წლებში ცენტრალურ იაპონიაში მძლავრმა და შეუპოვარმა სამხედრო მოღვაწემ, ოდა ნობუნაგამ იმპერატორის სახელით, რომელიც სიმბოლური, ნახევრად ღვთაებრივი და ნომინალური მმართველი იყო, მოქიშპე ფეოდალებს შორის მიმდინარე საუკუნოვან ომს ბოლო მოუღო. 1582 წელს მისი მკვლელობის შემდეგ სამხედრო კამპანია ოდას ყველაზე სახელმოხვეჭილმა სარდალმა ტოიოტომი ჰიდეიოსიმ ითავა, ხოლო ამ უკანასკნელის გარდაცვალების შემდეგ, 1598 წლიდან იეიასუ ტოკუგავამ, რომელიც ორივეს - ნობუნაგასა და ჰიდეიოსის მოკავშირე იყო. სეკიგაჰარასთან 1600 წელს იეიასუს გამარჯვებამ განამტკიცა მისი უმაღლესი ხელისუფლება, რაც სამი წლის თავზე იმპერატორის მიერ ბოძებულმა სიოგუნის წოდებამაც გაამყარა. იმ დროს, გამძვინვარებული სამოქალაქო ომის პირობებში, ევროპული მუშკეტი ეფექტიანი საბრძოლო იარაღი აღმოჩნდა, ამიტომაც ევროპელებს ნობუნაგაც, ჰიდეიოსიც და იეიასუც მოწყალე თვალით უცქერდნენ.

1600 წლისთვის იაპონია უკვე მეტ-ნაკლებად ჩამოყალიბებული სახელმწიფო იყო, თუმცა დაქსაქსული ცენტრალური ხელისუფლებით - სამოქალაქო ომებისა და აჯანყებების გამოისობით. ქრისტიანთა ორდენის ზრდასთან ერთად, შეიცვალა დამოკიდებულებაც. 1587 წელს ტოიოტომი ჰიდეიოსიმ ორი დეკრეტი გამოსცა. პირველი დეკრეტით ქრისტიანი მღვდელმთავრები უნდა გაეძევებინათ ქვეყნიდან, რადგან მათ ბუდისტური სიწმინდეებისა და ტაძრების ხელყოფაში დაბალი ფენის მისიონერთა წაქეზება დაჰბრალდათ. მეორე დეკრეტით კი მსხვილ ფეოდალებს მასობრივი გაქრისტიანება აეკრძალათ.

ევროპელებისთვის ჰიდეიოსის უეცარი ზურგშექცევა ბოლომდე ამოუხსნელი დარჩა. როგორც მაშინ ამბობდნენ, ჰიდეიოსი განურისხებია პორტუგალიელთა მიერ იაპონელი ყმაწვილების მონებად გაყიდვას. მეორე შესაძლო განმარტება ის გახლავთ, რომ ქრისტიანობა ეროვნულ ერთობას ბზარს გაუჩენდა, მით უმეტეს, კორეასა და ჩინეთზე იაპონელთა თავდასხმის მოლოდინში.

ახალი ანტიქრისტიანული პოლიტიკა ერთბაშად არ ამოქმედებულა. ზოგი დომინიკელი ან ფრანცისკანელი ბერი ღიად განაგრძობდა ქადაგებას ჰიდეიოსის დეკრეტის მიუხედავად. 26 ქრისტიანი - ექვსი ფრანცისკანელი, სამი იეზუიტი და დანარჩენი გაქრისტიანებული იაპონელი ნაგასაკიში სიკვდილით დასაჯეს. 1612-1614 წლებში ჰიდეიოსის გამგრძელებელმა იეიასუ ტოკუგავამ, მოარულ ხმებზე დაყრდნობით (თითქოს ქრისტიანი იაპონელები უცხოელი ჯარების დახმარებით ამბოხებასა და ხელისუფლების შეცვლას აპირებდნენ) კიდევ ორი დეკრეტი გამოსცა. მოგვიანებით, იეიასუმ ქრისტიანული ეკლესიების აკრძალვა ბრძანა, მისმა მიმდევრებმა კი მომდევნო წლებში ყველა იაპონელი აიძულეს, ბუდისტებად დაწერილიყვნენ.

იეიასუ 1616 წელს გარდაიცვალა. იგი მისმა ვაჟმა ჰიდეტადამ შეცვალა, რომელმაც მაშინვე ქრისტიანობის სასტიკი დევნა დაიწყო. სპეციალური კომისიები შექმნა, რომლებიც ათასობით ადამიანზე ნადირობდნენ, სასტიკად აწამებდნენ და არცთუ იშვიათად, მათ ჯვარსაც აცვამდნენ. 1622-1623 წლებში მოწყობილი მასობრივი ეგზეკუციები ნაგასაკიში, მიიაკოსა და ედოში "დიდი წამების" სახელითაა ცნობილი. ინგლისელ ვაჭარ რიჩარდ ქოქსს 1623 წელს ხალხის კოცონზე დაწვა საკუთარი თვალით უნახავს. მოგვიანებით კი დაუწერია, ჩემი თვალით ვიხილე, 55 კაცი ერთდროულად როგორ იწვოდაო. მათ შორის დედების მკერდზე მიხუტებული ხუთი-ექვსი წლის ბავშვები, რომლებიც იძახდნენ, - იესო, იხსენ ჩვენი სულებიო.

ქრისტიანთა დევნა-შევიწროებამ კულმინაციას 1637-1638 წლებში მიაღწია, როდესაც სიმაბარას ნახევარკუნძულზე ქრისტიანმა გლეხობამ ორი უმოწყალო ფეოდალის წინააღმდეგ აისხა იარაღი. მაგრამ სამთვიანი გმირული თავდაცვა გატყდა და 37 ათას აჯანყებულს მუსრი გაავლეს. მათი ამოხოცვით იაპონიაში ღია ქრისტიანულ გავლენას წერტილი დაესვა, თუმცა მომდევნო ორი საუკუნის განმავლობაში, იაპონიის ქრისტიანული სამყაროსგან იზოლაციისას, ხალხის მცირე ჯგუფებმა მაინც მოახერხეს ქრისტიანული მრწამსის ფარული სექტანტობის დონეზე შენარჩუნება.

აჯანყებამდე დიდი ხნით ადრე დასავლელებს იაპონიასთან ვაჭრობის უფლებები უხეშად შეეკვეცათ. 1616 წელს კი ნაგასაკისა და ჰირადოს პორტების გარდა ყველგან ყველაფრით ვაჭრობა აიკრძალა. შვიდი წლის შემდეგ ინგლისელებს მოუწიათ ჰირადოს დატოვებამ, რადგან ვაჭრობა ჩაუწვათ და იაპონიაში აღარაფერი ესაქმებოდათ. ერთი წლის თავზე კი, ხელისუფლებასთან ექვსთვიანი კამათის შემდეგ, ესპანურ ხომალდებს იაპონიის წყლებში გამოჩენა აეკრძალა. 1639 წელს პორტუგალიელებს, შესაძლოა, უსამართლოდ - ბრალი დაედოთ სიმაბარის ამბოხებულთა იარაღით მომარაგებაში.

სასჯელი სწრაფად აღასრულეს. როგორც პორტუგალიელებს, ასევე ვაჭრებსა და მისიონერებს ქვეყნის საზღვრების მყისიერად დატოვება ებრძანათ. ისინი გააფრთხილეს, რომ თუკი ოდესმე პორტუგალიური გემი ისევ შეცურდებოდა იაპონიის წყლებში, ეკიპაჟის წევრებს სიკვდილით დასჯიდნენ, ხოლო ხომალდსა და ბარგს ცეცხლს მისცემდნენ. სწორედ ასეც მოხდა 1640 წელს, როდესაც მაკაოდან გასულმა ხომალდმა იაპონიის წყლებს შეჰბედა ახალი სიოგუნის, იემიცუს იმედით, რომ მას აზრი ექნებოდა შეცვლილი და ევროპელ ვაჭრებს მიიღებდა. მაგრამ პორტუგალიელები შეცდნენ, იემიცუს ლმობიერება არ გამოუჩენია. სიკვდილით დასჯას მხოლოდ ცამეტმა მეზღვაურმა დააღწია თავი. თვით იაპონელებს აეკრძალათ საზღვარგარეთ გასვლაცა და შინ დაბრუნებაც. თუკი მაინც ვინმე ეცდებოდა ამ ნაბიჯის გადადგმას, სიკვდილით დაისჯებოდა. იაპონური ფლოტი სათევზაო გემებამდე და მცირე ნავებამდე შეიზღუდა, რაც საოკეანო ნაოსნობისთვის არ გამოდგებოდა. 1640 წლისთვის იაპონიამ ახალ ერაში, საკოკუში შეაბიჯა, ანუ "დახურული ქვეყანა" გახდა. ამას მსოფლიოსთვის ზურგშექცევის ორი ასწლეული მოჰყვა.

ზოგიერთ ისტორიკოსს არ მიაჩნია, რომ იაპონია გარე სამყაროს სრულიად გაერიყა. ერთი მხრივ, იაპონიას სავაჭრო ურთიერთობები არ გაუწყვეტია ახლო მეზობლებთან - კორეასა და ჩინეთის ვასალ რიუკიუს კუნძულებთან. ჩინეთმა კი თავის მხრივ 1549 წლის აკრძალვა გააუქმა და იაპონიასთან ვაჭრობა გააჩაღა. ამდენად, 1600 წლის შემდეგ ჩინურმა ხომალდებმა ნაგასაკის პორტში სტუმრობას მოუხშირეს. თუმცა მათ შორის ზოგი ევროპელიც ერია, იმის მიუხედავად, რომ ევროპელებთან ვაჭრობის აკრძალვა მოქმედებდა. ესენი იყვნენ ჰოლანდიელები, რომელთაც მხოლოდ ნაგასაკის მახლობლად, დეძიმას ნავმისადგომში შეეძლოთ გემის შეყვანა, თუმცა წელიწადში არაუმეტეს ორი ხომალდისა. ისინი იქ კიდევ ორას წელიწადს დარჩნენ.

მართალია, ჰოლანდიელთა გავლენა იაპონელებზე შეუმჩნეველი იყო, მათი იქ ყოფნით ე.წ. ჰოლანდიის კვლევებს მაინც ჩაეყარა საფუძველი. წიგნების იმპორტი ნებადართული იყო, რადგან მათში ჰოლანდიურად ბევრი არაფერი ეწერა. და მაინც, ჰოლანდიური წიგნების მეშვეობით იაპონიაში ევროპიდან აღწევდა ინფორმაციის ნაკადი. შედეგად, თანდათანობით ევროპული მეცნიერებისადმი, კერძოდ კი მედიცინისადმი ინტერესი გაძლიერდა. იაპონელ ექიმებს ესირცხვილებოდათ ადამიანის ანატომიის მათეული მწირი და მცდარი ცოდნა. ევროპულ წიგნებში ყველაფერი სხვაგვარად ეწერა. დასავლური მედიცინის თორმეტი სკოლა გაიხსნა იაპონიაში 1786 და 1846 წლებში და XIX საუკუნის პირველ სამ ათწლეულში. წიგნები დასავლური ცოდნის ყველა სფეროს მოიცავდა, განსაკუთრებით ანატომიას, კარტოგრაფიასა და გეოდეზიას. პირველი ჰოლანდიურ-იაპონური სიტყვარი 1796 წელს გამოიცა.

დასავლური საგნებისადმი ინტერესი საკოკუს ერაში მოგვიანებით გაღვივდა, ისიც იაპონელთა მხოლოდ ზედაფენებში. ზოგიერთი "ჰოლანდიის კვლევებს" იაპონიისთვის ძირის გამომთხრელად მიიჩნევდა. მათი აზრით, "ბარბაროსთა სწავლება" იაპონიის ცივილიზაციას კარგს არაფერს უქადდა. XVIII საუკუნის ბოლოს წამყვანი ფიგურა მაცუდარია სადანოდუ ევროპულ წიგნებს აგროვებდა, თუმცა საზოგადოებისგან ფარულად, რადგან ამ წიგნებით ხალხს შეიძლებოდა, "ფუჭი ცნობისწადილი" და "მავნე აზრები" გასჩენოდა. ერთმა იაპონელმა ექიმმა ჰოლანდიური წიგნებიდან გამომდინარე, ევროპელებს დასცინა, "ძაღლებივით ფეხდგომელა შარდავენ და ფეხსაცმელს ქუსლს უკეთებენ, რომ სიარულისას მიწას ფეხი ბოლომდე არ შეახონო". მეორე იაპონელმა სწავლულმა, ოჰასი ტოცუანმა საკოკუს ერის დასასრულამდე დასავლური სწავლება "სამყაროსა და ადამიანთა საზოგადოების ფუნდამენტური იერარქიული წესრიგის" უარყოფის გამო გააკრიტიკა. მისი თქმით, დასავლური ტექნოლოგიების შესწავლა აზრს მოკლებული იყო, რადგან "მდინარის ნაპირებთანაც კი საშიშია წყლის დალევა, თუკი თავად მდინარე მოწამლულია".

როგორ უნდა აიხსნას ევროპელთა და ყოველივე ევროპულისადმი ამგვარი მტრობა და უნდობლობა? ჩინეთის საზოგადოება, რომელმაც თავის დროზე იაპონიაში ბუდიზმი შეიტანა, მისაბაძი გახდა. ტრადიციულად ჩინეთი იაპონელთა თვალში "ცივილიზებულად" მიიჩნეოდა, თუმცა სხვა აზიელები და თვითონაც, არაცივილიზებულებად განიხილებოდნენ. მაგრამ რაკი XVII საუკუნეში იაპონელთა ეროვნული სიამაყე გაიზარდა, მათ ჩინეთის დარად მიიჩნიეს თავი "ერთი ცის ქვეშ", სადაც ევროპელებს ბარბაროსთა წოდებაღა რჩებოდათ.

იაპონელთა პოზიცია სულ რამდენიმე ფაქტორით თუ აიხსნება. როდესაც იაპონელი ხელოსნები მუშკეტის შექმნაში დახელოვნდნენ, ევროპული ცეცხლსასროლი იარაღისადმი მოთხოვნილება დაიკარგა. საზღვაო ნაოსნობის აკრძალვამ კი ხომალდების ევროპულად აგების ინტერესი გააქრო. მაგრამ რეალური პასუხი უფრო სიღრმისეულია. იაპონიის საზოგადოებას ჩინეთიდან შესული კონფუციანელობა ბორკავდა. ეს კონსერვატიული ეთიკური სისტემა ადამიანებს იმ ვითარებასთან შეგუებას ასწავლის, რომელშიც ისინი დაიბადნენ და კლასობრივი დაყოფის მკაცრ იერარქიას ემხრობა. სათავეში იმპერატორია, მას რეგენტი მოსდევს, შემდეგ სიოგუნი და მსხვილი მემამულე ფეოდალები იკავებენ ადგილებს, მათ სამხედრო კასტა - სამურაები მოჰყვებიან, მერე გლეხები და ქალაქის ხელოსნებია, ხოლო უკანასკნელნი ვაჭრები არიან. შემდეგ უპოვართა კასტაა - ქუჩის მეწაღეები და ტყავის მთრიმლავები, რომლებიც სავარაუდოდ, კორეელ ტყვეთა შთამომავლებია. მიწათმოქმედნი ჩინურ და იაპონურ საზოგადოებაში წესრიგისა და უწყვეტობის წარმომადგენლები იყვნენ. ვაჭრები კი სისტემისთვის საფრთხეს წარმოადგენდნენ.

ევროპული მეცნიერებისგან სამეცნიერო რევოლუციის ხანაში ყველაფრის ამოტრიალებასა და საყოველთაოდ მიღებულ მოსაზრებათა გაცამტვერებას მოელოდნენ, რაც კონფუციანიზმს პირდაპირ საფრთხეს უქმნიდა. სანამ ქრისტიანთა დევნა დაიწყებოდა, უკვე 1591 წელს ჰიდეიოსის უკვე მიწერილი ჰქონდა გოაში პორტუგალიის მეფისნაცვლისთვის წერილი, სადაც ნათქვამია, რომ იაპონიის ახალ ერთობას სიმყარისთვის ტრადიციული ღირებულებებისა და სარწმუნოების შენარჩუნება დასჭირდებოდა. მისივე სიტყვებით, "იაპონელთა მოსანუსხად ქრისტიანი მღვდლები გაუგონარ სიბილწეებს ჰყვებოდნენ". იმავე აზრის იყვნენ იაპონელი ბუდისტები და სწავლულები, ერთ-ერთი მათგანი 1620 წელს წერდა, რომ "ქრისტიანებს ღმერთის მორჩილება მიწიერ მმართველთა მორჩილებაზე უმაღლესად მიაჩნიათო". ეს კი კონფუციანელთა აზროვნებას საფუძველშივე ეწინააღმდეგებოდა.

თუმცა არსებობდა ერთი გასაგები და რეალური საფრთხე, რომ ქრისტიანი მისიონერები ევროპული იმპერიების დასაყრდენებად იქცეოდნენ. საკოკუს ასე გაგრძელების ერთ-ერთ უმთავრეს მიზეზად შეგვიძლია სწორედ ის დავასახელოთ, რომ იაპონელებმა XVIII-XIX საუკუნეებში კარგად შეიტყვეს აზიაში ევროპელთა სწრაფი ექსპანსიის შესახებ და მათი გაუმჯობესებული იარაღიც იხილეს, რაც იაპონიას აგრერიგად ესაჭიროებოდა.

XIX საუკუნის დამდეგს უფრო და უფრო მეტი რუსული და ბრიტანული ხომალდი ჩნდებოდა იაპონიის წყლებში, თუმცა სანაოსნო უფლებები არ ჰქონდათ. 1839-1842 წლებში ე.წ. ოპიუმის პირველი ომის დროს ბრიტანეთმა იმპერატორთა ჩინეთი დაამარცხა და ჰონკონგი მიისაკუთრა. ამ ამბავმა იაპონიის იზოლაციის მომხრეებს თავზარი დასცა. ყველაფერი იქით მიდიოდა, რომ ან რუსეთი დაასწრებდა იაპონიაზე შეტევას, ან ბრიტანეთი. მაგრამ რუსული ჯარი, რომელმაც 1853 წლის აგვისტოში ნაგასაკის მიაღწია, მოულოდნელად ამერიკულმა ესკადრონმა უკუაქცია კომოდორ მეთიუ პერის მეთაურობით. ამ ესკადრონს იაპონელები "შავ ხომალდს" უწოდებდნენ. ახალმა ძალამ აზიაში თავისი მისწრაფებების შესახებ განაცხადა, რამაც იაპონიის იზოლაციის გალავანი ნგრევის პირას მიიყვანა.

დასავლელთა უმეტესობამ იაპონური გამოცდილება ზედაპირულად აღიქვა. იაპონია იზოლაციაშიც ვითარდებოდა, თან არცთუ ურიგოდ. ქალაქის მოსახლეობა და კეთილდღეობა გაიზარდა. სოფლის მეურნეობა გაუმჯობესდა და მოსახლეობისთვის საკმარის მოსავალს იძლეოდა. იაპონიაში აბრეშუმის წარმოების განვითარებამ ჩინურ აბრეშუმს გადაუჭრა გზა. განათლების საერთო სტანდარტის შემოღებამ კი იმხანად იაპონელები მსოფლიოში ყველაზე ნაკითხ, განათლებულ ერად აქცია მსოფლიოში.

ორ-ნახევარი საუკუნის განმავლობაში იაპონიაში მშვიდობა სუფევდა, თუ გლეხთა რამდენიმე აჯანყებას არ ჩავთვლით. მართალია, იაპონიამ სამეცნიერო რევოლუცია და ინდუსტრიული რევოლუციის პირველი წლები გამოტოვა, მაგრამ რაც სჭირდებოდა, იმას მაინც სწრაფად აუღო ალღო. დასავლეთი რომ არ განედევნა იაპონიას, შესაძლოა, ერთ-ერთ ევროპულ კოლონიად ქცეულიყო. იზოლაციით კი ეროვნული რაობა და თვითშეგნება შეინარჩუნა.

National Geographic-ის გამოცემა "ისტორიის საიდუმლოებანის" მიხედვით მოამზადა ლევან ინასარიძემ

ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალი ”ისტორიანი”