ქალი პაპის ტახტზე - კვირის პალიტრა

ქალი პაპის ტახტზე

XIX საუკუნე პაპის ინსტიტუტის გაძლიერებისა და განმტკიცების ხანაა. პაპებმა განავითარეს იდეა, რომლის მიხედვითაც მაცხოვარმა ისინი მსოფლიო ეკლესიის მეთაურებად დაადგინა და რომ ქრისტიანული სამყაროს ყველა იერარქი პაპს უნდა ემორჩილებოდეს. ამ პერიოდში რომი დასავლეთ ევროპაში ქრისტიანობისა და განათლების გავრცელების მოთავეა. მიუხედავად ამისა, ამ ეპოქაშიც მრავალი რამ მოხდა, რაც რომის მღვდელმთავართა ავტორიტეტს ვნებდა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ნახევრად ლეგენდარული ისტორია ქალი პაპის შესახებ, რომელიც მშობიარობისას დაიღუპა.

ბოლომდე გარკვეული არ არის, მართლა იყო თუ არა ქალი რომის ეკლესიის მეთაური. ზოგიერთი ისტორიკოსი მიიჩნევს, რომ ასეთი ფაქტი მართლაც მოხდა ისტორიაში და რომის ეკლესიას მართლაც ედგა სათავეში ქალი, რომელმაც რომაელი სამღვდელოების უმაღლეს იერარქიაში შეღწევა შეძლო.

მიჩნეულია, რომ იოანა რომის ეკლესიის მღვდელმთავარი იყო (რა თქმა უნდა, ამას პირობითად ვამბობთ, რადგან კათოლიკური, ისევე როგორც მართლმადიდებლური ღვთისმეტყველების თანახმად, ქალს არ შეუძლია მღვდელი გახდეს, მით უმეტეს მაღალი იერარქის ხარისხს ვერ მიიღებს) 855-858 წლებში. ზოგიერთი წყაროს ცნობით, XI საუკუნეში, უფრო ზუსტად, 1099 წელს.

წყაროთა თანახმად, იოანა მაინცში ან ინგელჰაიმში დაიბადა ინგლისელი მისიონერის ოჯახში. იმ დროს, ფრანკთა დაშლილი იმპერიის აღმოსავლეთის მიწებზე აქტიურად მიმდინარეობდა იქ მოსახლე სხვადასხვა გერმანული და სლავური მოდგმის ხალხის გაქრისტიანება. გოგონას ადრეული ასაკიდანვე გამოუვლენია განათლებისადმი სიყვარული. თორმეტი წლისა რომ შესრულდა, მამაკაცის სამოსში გადაცმული სახლიდან გაქცეულა ათენში, რასაკვირველია, სწავლის გასაგრძელებლად. ათენის შემდეგ რომში გადასულა, სადაც ჰუმანიტარულ მეცნიერებებს დაეუფლა. თავისი განათლებით ინგლისელი ქალი (თუმცა ყველას მამაკაცი ეგონა) დიდ შთაბეჭდილებას ტოვებდა. როგორც ჩანს, თუკი წყაროთა მონაცემებს ვერწმუნებით, მან უმაღლესი იერარქის წოდება მიიღო, შემდეგ კი პაპიც გახდა. XIII საუკუნის მემატიანე მარტინ პოლონიუსი გადმოგვცემს, რომ ის ეკლესიას ორი წლის, შვიდი თვისა და ოთხი დღის განმავლობაში მართავდა. მარტინ ოპაველის თანახმად, ის საყვარლისგან დაფეხმძიმებულა და კოლიზეუმსა და წმინდა კლიმენტის ტაძარს შორის მდებარე ვიწრო ქუჩაზე მსვლელობისას მშობიარობას გადაჰყოლია. ასევე XIII საუკუნის მემატიანე ჟან დე მაია წერს, რომ იოანა ცხოვრობდა XI საუკუნეში და იგი პაპი 1099 წელს ყოფილა, ხოლო პაპების სიაში იმიტომ არ მოუხსენიებიათ, რომ ქალი იყო, რომელიც ჟან და მაიას თქმით, "ხასიათისა და ტალანტის წყალობით ჯერ კურიის მდივანი, შემდეგ კარდინალი, ბოლოს კი პაპი გახდა". როდესაც იოანამ იმშობიარა და აშკარა შეიქნა, რომ ქალი იყო, რომაული კანონების თანახმად, იგი ცხენის კუდზე გამოაბეს, ათრიეს და ქვებით ჩაქოლეს.

გადმოცემის თანახმად, რომში პაპის კურთხევისას იყენებდნენ სკამს, რომლის შუა ნაწილი ამოჭრილი იყო, ე.წ. შელლა შტერცორარია, რომლის მეშვეობითაც თითქოს პაპის სქესს ამოწმებდნენ, მაგრამ არც ეს გადმოცემაა ისტორიულად დადასტურებული. სიმართლეს ის ცნობა უფრო შეესაბამება, რომლის მიხედვითაც ეს სკამები ძველ რომაელ კონსულებს ეკუთვნოდათ.

ქალი პაპის რეალურობის დასამტკიცებლად ხშირად მოჰყავთ შემდეგი რამ: 1634 წლამდე სიენას ტაძარში სხვა პაპებისა თუ წმინდანების ქანდაკებებთან ერთად იოანა VIII-ის ქანდაკებაც იდგა, ხოლო მხატვრულ შემოქმედებაში ხშირად ჩნდებოდა ქალის (არატრადიციული "მადონას") გამოსახულება ბავშვთან ერთად, რომელსაც ზოგიერთები იოანად მიიჩნევდნენ.

იჯდა თუ არა ოდესმე ქალი პაპის ტახტზე, საბოლოოდ გარკვეული არ არის (წყაროთა სიმწირის, ბუნდოვანებისა და სხვა მიზეზთა გამო), ამიტომ ქალი რომის პაპის, იოანა VIII-ის შესახებ არსებულ გადმოცემებსა და წერილობით წყაროებში ლეგენდა და სინამდვილე ერთმანეთშია არეული.

შოთა მათითაშვილი

ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალი ”ისტორიანი”