პრემიერ-მინისტრს არ ესმის, რაში იღებს ხელფასს გიგა ბოკერია - კვირის პალიტრა

პრემიერ-მინისტრს არ ესმის, რაში იღებს ხელფასს გიგა ბოკერია

პრემიერ-მინისტრს არ ესმის, რაში იღებს ხელფასს უშიშროების საბჭოს მდივანი. როგორც პრემიერი გადაცემა "რეზიუმესთვის" მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა 8 თვის განმავლობაში არ გამართულა.

"უკვე 8 თვეა, საბჭოს სხდომა არ მოუწვევიათ, რაში იღებენ ხელფასს და რას აკეთებენ. საყვედურები წამოვიდა ჩვენი გუნდიდან – რას აკეთებს უშიშროების საბჭო?! მხოლოდ ვაშინგტონში დადის და ლობისტებს ხვდება?! ბოკერიას ვაშინგტონში ყოფნა უძღოდა წინ "ვაშინგტონ პოსტის" სტატიას. რას აკეთებენ ისინი ქვეყნისთვის, სად დადიან პრეზიდენტი და ბოკერია, არავინ არაფერი ვიცით. რაში იღებენ ჩვენი გადამხდელების ფულს?! სად იყვნენ აქამდე, ვინ დაუშალა ან ვინ შეუშალა ხელი?!", - აცხადებს ივანიშვილი.

პრემიერი გიგა ბოკერიას გუშინდელ განცხადებასაც ეხმაურება და აღნიშნავს, რომ მისთვის საპასუხო არაფერი აქვს, რადგან მითითებებს არ აძლევს ისეთ უწყებებს, რომლებიც მის უშუალო დაქვემდებარებაში არ იმყოფება.

"კეთილი ინებონ და ჩემი მითითებების ლოდინის ნაცვლად იმოქმედონ ისე, როგორც ამას კონსტიტუცია და კანონი ავალებთ. მნიშვნელობა არ აქვს, რა პოზიცია მაქვს მე, მათ უნდა გააკეთონ ის, რაც ევალებათ", - აღნიშნავს პრემიერი.

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა სხდომის მოწვევისთვის პრემიერ-მინისტრის თანხმობის აუცილებლობაზე გუშინ ისაუბრა. როგორც გიგა ბოკერიამ განაცხადა, ფორმალურად და რეალურადაც უშიშროების საბჭოს სხდომას პრეზიდენტი იწვევს, მაგრამ იმისთვის, რომ შეხვედრა აზრიანი იყოს, პრემიერის მზაობა უნდა არსებობდეს.

ბიძინა ივანიშვილთან ვრცელი ინტერვიუს ნახვა და მოსმენა შესაძლებელია დღეს, 18:30 საათზე, "პალიტრა ტვ"-სა  და რადიო "პალიტრის" (FM103.9) გადაცემა "რეზიუმეში” , ბეჭდვითი ვერსია კი დაიდება ხვალ, 5 ივნისს, ”კვირის პალიტრის” ვებსაიტზე.